"გაჭედილი“ ომი ანუ ვინ ემზადება „აპოკალიფსისთვის“?! - კვირის პალიტრა

"გაჭედილი“ ომი ანუ ვინ ემზადება „აპოკალიფსისთვის“?!

ამერიკამ და ისრაელმა ბოლო დღეების განმავლობაში ირანის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა გაანადგურეს: "ბასიჯის" მეთაური, უშიშროების საბჭოს მდივანი და დაზვერვის უფროსი. თუმცა, ჯერჯერობით, ამას რაიმე ცვლილება ომში არ შეუტანია. ირანი ისევ ესვრის რაკეტებს გარშემო ყველას და ყველაფერს. ომი "გაიჭედა".

უცხოელი ექსპერტები ლამის 28 თებერვლიდან "წინასწარმეტყველებდნენ", აი, ახლა გამოელევა ირანს რაკეტები და... თუმცა, ჯერჯერობით, რაკეტები არ თავდება. უფრო ზუსტად, ავტორიტეტული დასავლური მედიის ცნობით, არც აშშ-ს და არც ისრაელს ზუსტი ინფორმაცია არა აქვთ, თუ რამდენი რაკეტა აქვს ირანს - ანუ იმის გამოთვლა, რამდენი რაკეტა დარჩა "გამოლევამდე", შეუძლებელია.

ამასობაში ომის სავარაუდო დასრულების სცენარები კიდევ უფრო შემცირდა. კერძოდ, გამოირიცხა (ამ ეტაპზე მაინც) ხალხის ამბოხებისა და ამ გზით რეჟიმის დამხობა და ისიც, რომ ირანის შეშინებული ხელისუფლება ყველანაირ ზავზე თანახმაა. დასავლური მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ახალ აიათოლას შესთავაზეს მოლაპარაკება, თუმცა მან უარი განაცხადა. მანამდე კი "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" ოფიციალურად განაცხადა, ბენიამინ ნეთანიაჰუ ვერსად დაგვემალება, მაინც მოვკლავთო.

მოკლედ, დღეს აშშ-სა და ისრაელს რჩებათ ორი გამოსავალი:

1. თქვან, რომ მიზანს მიაღწიეს, ირანი უახლოეს ათწლეულებში თავის სამხედრო პოტენციალს ვერ აღიდგენს და შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები. ჰორმუზის სრუტის საკითხი, ალბათ, მოლაპარაკების საგანი იქნება და არა გვგონია, ირანი გაჯიუტდეს, მით უმეტეს, თეირანში არაერთხელ განუცხადებიათ, ვინც ჩვენთან უშუალოდ არ არის ჩართული ომში, შეუძლია სრუტით ისარგებლონო;

2. გააგრძელონ ომი გაურკვეველი დროით, როდესაც არავის ეცოდინება, ეს "გაურკვევლობა" რამდნიმეთვიანი იქნება თუ რამდენიმეწლიანიც. ასეთ შემთხვევაში ირანი განწირულია დამარცხებისთვის - აშშ-ის სამხედრო თუ ეკონომიკურ რესურსებთან ამ ქვეყნის შედარებაც კი არ შეიძლება, მაგრამ ამისთვის შეიძლება საჭირო გახდეს სახმელეთო ომი. ეს კი რა ფასად დაუჯდებათ ამერიკასა და ისრაელს, უკვე სხვა საკითხია. სპეციალისტების შეფასებით, გარდა ადამიანური მსხვერპლისა, ჰორმუზის სრუტის დიდი ხნით ჩაკეტვამ შესაძლოა ძალიან დიდი მასშტაბის გლობალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს, რომელთანაც მონაგონი იქნება, 1998 და 2008 წლების კრიზისები.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი - ირანის ომმა მორიგი განხეთქილების ვაშლის როლი შეასრულა აშშ-სა და მის ნატოელ მოკავშირეებს შორის. კერძოდ, დონალდ ტრამპმა ნატოში თავის ევროპელ პარტნიორებს დაახლოებით ასეთი რამ უთხრა, მე საერთოდ არ მჭირდება ჰორმუზის სრუტე, ამიტომ კეთილინებეთ და გემების უსაფრთხოდ გადაადგილება უზრუნველყავითო, ეს კი ნიშნავს, რომ ევროპელებმა თავიანთი სამხედრო ხომალდები ლამის ცოცხალ სამიზნედ დააყენონ სრუტეში. შესაბამისად, ტრამპმა დიპლომატიური უარი მიიღო. დაახლოებით ასეთი: ეს ომი ამერიკის არჩევანია და ჩვენთან კონსულტაციები არ გაუვლიათო.

საპასუხოდ, ტრამპმა "ქოში უკუღმა ყარა" და ნატო ლამის ღალატში დაადანაშაულა. მოკლედ, ასეა თუ ისეა, ნატო-ამერიკის ურთიერთობა უფრო გაფუჭდა და ეს მსოფლიოსთვის არ არის კარგი ამბავი. ამერიკის გარეშე დარჩენილი, ფრთხილი და გაუბედავი ნატო, როგორ აღუდგება წინ საფრთხეებს (თუ, მაგალითად, პუტინმა ევროპაზე გაიწია), წარმოდგენაც კი ძნელია.

რისთვის ემზადება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია?!

ეს ორგანიზაცია, არც მეტი, არც ნაკლ­ები, ბირთვული კატასტროფისთვის ემზადება­, თუ ირანისა და ამერიკა-ისრაელის ომი ძალიან გამწვავდა. როგორც ჯანმოს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჰანან ბალხიმ "პოლიტიკოს" განუცხადა, ორგანიზაციაში განიხილავენ ომში ბირთვული იარა­ღის გამოყენების ან ბირთვული ობიექტის დაზიანების სცენარებს.

"ყველაზე ცუდი სცენარი ბირთვული ინციდენტია და ეს ყველაზე მეტად გვაშინებს. როგორც არ უნდა მოვემზადოთ, ეს ვერ აარიდებს რეგიონს და მსოფლიოს მოსალოდნელ ზარალს, შედეგები კი ათწ­ლე­ულების განმავლობაში გაგრძელდება", - ­აღნიშნა მან.

ეს მომზადება კი იმაში გამოიხატება, რომ ჯანმომ თანამშრომლების ხელმეორედ­ გადამზადება დაიწყო იმისთვის, რომ მათ სწრაფად მისცენ შესაბამისი რეკომენდაციები ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებას­ და ადამიანებს, როგორ უნდა მოიქცნენ ბირთვული ინციდენტის შემთხვევაში.

ვის წისქვილზე ასხამს წყალს ომი

ფრანგულმა გაზეთმა "ლე მონდმა" საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, თუ რეალურად ვის აწყობს ამ ომის უსაშველოდ გაჭიანურება და ვისთვის "გაისროლა­ "ავრორამ" 2026 წლის 26 თებერვალს. გთავაზობთ ეპიზოდს სტატიიდან:

"ჩვენს არეულ და უკიდურესად ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში ბევრს ცდუნება უჩნდება, რომ მას ძალა აქვს და, შესაბამისად, ძლიერია, მაგრამ ის ცდება და ამ ორი სიტყვის მნიშვნელობას ერთმანეთში ურევს. გამარჯვებას ხშირად მიაწერენ ძლიერის წარმატებას ანუ იმას, ვინც ყველაზე მეტად ბომბავს, ვინც ყველაზე მეტად ანგრევს... მაგრამ ასეთი ლოგიკის აყოლა შეცდომა იქნებოდა... მაგალითად, რუსეთი ყოველდღიურად მეთოდურად ბომბავს და ანგრევს უკრაინას, 2022 წლიდან, მაგრამ, ჯერჯერობით, გამარჯვებაზე ლაპარაკი ნაადრევია: კრემლმა ვერ გატეხა უკრაინის წინააღმდეგობა.

რასაკვირველია, ომების დროს ერთმანეთის მიბაძვაც ხდება: თუ ომში ერთმა­ გაბედა­ და სამართლებრივი ნორმები­ დაარღვია,­ მეორისთვის უკვე იოლია მსგა­ვსი­ ქმედების ჩადენა. დასამალი არ არის, რომ კრემლმა კარგად ისარგებლა ისრაელის­ ომით ღაზის სექტორში - უკრაინაშიც იგივე ნგრევა და განადგურებაა­, მაგრამ კრემლს უკვე შეუძლია დასავლეთს ისრაელზე მიუთითოს. ზოგჯერ მსგავსი მსოფლმხედველობის­ მქონე პირები გარკვეული მიზნის მისაღწევად, ნებსით თუ უნებლიეთ, სინქრონულად მოქმედებენ: თავის დროზე ვლადიმირ პუტინმა შეძლო ბენიამინ ნეთანიაჰუს შეთანხმებოდა ჯო ბაიდენის წინააღმდეგ აშშ-ის პრეზიდენტის დასუსტება-დისკრედიტაციის მიზნით და ამრიგად, ხელი შეუწყო თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებას 2025 წლის იანვარში.

ამის მიუხედავად, ევროკავშირმა და მისმა­ სხვადასხვა ინსტანციამ, როცა საქმე უხეში ძალის როლს ეხება, ვერ განსაზღვრეს იმ ხაფანგის მასშტაბები, რომელსაც სამკუთხედი "ტრამპი-პუტინი-ნეთანიაჰუ" წარმოადგენს. სამწუხაროდ, ბებერი კონტინენტის ლიდერებმა ასევე ვერ გააცნობიერეს­ ამ "სამეულის" ტრანზაქციული მიდგომის საშინელება, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებს ემუქრება და, შესაბამისად, ევროპულ იდეებსაც.

ამერიკა-ისრაელის შეტევებმა ნედლი ნავთობის ფასის მკვეთრი მატება გამოიწვია­, რაც რუსეთის ეკონომიკისათვის "ციური მანანა" აღმოჩნდა. ერთი ბარელი ნავთობის­ ღირებულება, რომელიც ომამდე (28 თებერვლამდე) 72 დოლარს შეადგენდა, ომის დაწყების შემდეგ 40%-ით გაიზარდა და სიმბოლურ რიცხვს - 100 დოლარს გადააჭარბა. დონალდ ტრამპი შეეცადა ბაზრების დამშვიდებას - ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო ნაწილობრივ ნება დართო ინდოეთს ნავთობი კვლავ რუსე­თისგან იყიდოს. იმავდროულად, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ "შავი ოქროს" მარაგებს გაყიდდა ფასის დასაწევად, მაგრამ კრემლმა უკვე მოასწრო მილიარდობით დოლარის მიღება და იმდენად გათამამდა, რომ ვლადიმირ პუტინმა ევროპას მოუწოდა, სანამ დროა, იყიდეთ ჩემი იაფი ნავთობი, თორემ­ ვაითუ გადავიფიქროო.

ის ფაქტორი, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა დამოკიდებულია რუსული­ ნავთობის იმპორტზე, მაგალითად, უნგრეთი­ და სლოვაკეთი, ბუდაპეშტისა და კიევის ურთიერთობებში "ცეცხლზე ნავთს ასხამს" - უნგრეთი უკრაინას ნავთობსადენ "დრუჟბის" ბლოკირებაში ადანაშაულებს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ 12 აპრილს უნგ­რეთში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და როგორც პროგნოზებიდან გამომდინარეობს, მმართველ პარტიასა და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელსაც­ ხშირად ტრამპის, ნეთანიაჰუსა და პუტინის საუკეთესო მეგობარს უწოდებენ,­ წინ მკაცრი გამოცდა ელოდება.

ჯერჯერობით, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიპყრობილია ახლო აღმოსავლეთის - სპარსეთის ყურისკენ. ამ ფონზე თითქმის შეუმჩნეველი დარჩა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის დარღვევა ორი უპილოტო საფრენი აპარატით (დრონით), რომლებიც ნახიჩევნის აეროპორტში აფეთქდნენ. ირანმა უარყო, რომ დრონები მას ეკუთვნოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ესკალაციის რისკი სერიოზულია და მხოლოდ ვლადიმირ პუტინს თუ შეუძლია ირანს გადაათქმევინოს, რომ საფრთხე არ შეუქმნას თეთრი სახლის გრანდიოზული პროექტს სამხრეთ კავკასიაში.

პროექტის "ტრამპის გზა მშვიდობისა და საერთაშორისო განვითარებისათვის" მიზანია, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაუკავშიროს, თანაც ინვესტიციების­ ჩადების უფლება სასარგებლო წიაღისეულით მდიდარ რეგიონში მხოლოდ ამერიკულ კომპანიების აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა ირანის მმართველი რეჟიმი თითქმის უკვე გაანადგურა, ამ ეტაპზე არ არის იმის მტკიცე ნიშნები, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჭიდილშიც გამარჯვებული გამოვა. როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ანტონიუ კოშტა ამბობს, "დღემდე აშშ-ისრაელისა და ირანის ომში გამარჯვებული ერთია - რუსეთი", - წერს "ლე მონდი".

გიორგი კვიტაშვილი