ირანის კრიზისი - მოვლენების განვითარების სამი გზა და შესაძლო გამოსავალი სტრატეგიული ჩიხიდან - კვირის პალიტრა

ირანის კრიზისი - მოვლენების განვითარების სამი გზა და შესაძლო გამოსავალი სტრატეგიული ჩიხიდან

აშშ-ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირებამ ცალსახად მიიღო კლასიკური ასიმეტრიული კონფლიქტის ფორმა, რომელიც ფაქტობრივად მთელ ახლო აღმოსავლეთზე ვრცელდება. არსებული ვითარების ანალიზი აჩვენებს, რომ კონფლიქტი შევიდა ფაზაში, სადაც სამხედრო უპირატესობა არ ნიშნავს პოლიტიკურ გამარჯვებას. როგორც სამხედრო სფეროს ანალიტიკოსები აღნიშნავენ, აშშ-ისრაელის სტრატეგია ეფუძნება აბსოლუტურ საჰაერო და ტექნოლოგიურ დომინაციას. მათი მიზანია ირანის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ბირთვული ობიექტებისა და სამხედრო-პოლიტიკური ელიტის დეგრადაცია დისტანციური დარტყმებით. ირანის სტრატეგია კი ეყრდნობა გეოგრაფიულ სირთულეს და მოწყვლადი ინფრასტრუქტურის დეცენტრალიზაციას. თეირანი აცნობიერებს, რომ კონვენციურ ომში გამარჯვება შეუძლებელია, ამიტომ მისი ამოცანაა კონფლიქტის ფასის მაქსიმალური გაზრდა მოწინააღმდეგისთვის.

მეორე მხრივ, ირანის მთავარი ბერკეტი არა სამხედრო, არამედ გეოეკონომიკური ფაქტორია - ჰორმუზის სრუტის პოტენციური ან რეალური ბლოკირება წარმოადგენს ლოკალური სამხედრო სისუსტის კომპენსირებას.

საერთაშორისო ურთიერთობების თეორიული პერსპექტივიდან მსგავსი ტიპის სტრატეგიული ჩიხიდან გამოსვლის რამდენიმე რაციონალური გზა არსებობს. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში სრულმასშტაბიანი სახმელეთო ინტერვენცია გამოირიცხება მისი არაპროპორციული პოლიტიკური და ფინანსური დანახარჯების გამო. შესაბამისად, დეესკალაცია უნდა დაეფუძნოს შემდეგ მოდელებს: პირველი - ურთიერთდამღუპველი სტაგნაცია და იძულებითი ზავი - ანუ მხარეები სხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, როდესაც ომის გაგრძელების ხარჯი აღემატება პოტენციურ სარგებელს. ასეთ შემთხვევაში აშშ აცხადებს, რომ ბირთვული საფრთხე განეიტრალებულია, ხოლო ირანი თანხმდება ცეცხლის შეწყვეტას ფიზიკური გადარჩენის სანაცვლოდ. ორივე მხარე შიდა აუდიტორიას საკუთარ "გამარჯვებას" მიჰყიდის;

მეორე - "სახის შენარჩუნების" პოლიტიკა, ანუ რადიკალურად ანტაგონისტური იდენტობების პირობებში პირდაპირი მოლაპარაკებები პოლიტიკური თვითმკვლელობაა ორივე მხარის ლიდერებისთვის. ასეთ ვითარებაში პროცესში უნდა ჩაერთოს გლობალური გრეითპაუერი, რომელსაც აქვს ბერკეტები ორივე მხარეზე გავლენის მოსახდენად. მაგალითად, ჩინეთი, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურედან ენერგომატარებლების უწყვეტი მიწოდება, ან თუნდაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. მედიატორი უზრუნველყოფს ტრანზაქციულ შეთანხმებას - სრუტის განბლოკვა ინფრასტრუქტურულ სამიზნეებზე დარტყმების შეწყვეტის სანაცვლოდ;

მესამე სცენარი - რეჟიმის შეცვლის მცდელობის ნაცვლად, რაც სამოქალაქო ომისა და რეგიონული ქაოსის რისკს შეიცავს, აშშ ანადგურებს ირანის შეტევით პოტენციალს და უბრუნდება ძალთა ბალანსის შენარჩუნების პოლიტიკას რეგიონული მოკავშირეების გაძლიერების გზით, ეს კი უზრუნველყოფს ირანის შეკავებას მინიმალური პირდაპირი ჩართულობით.

ძნელი სათქმელია, რა გზას აირჩევენ მხარეები ან რისი "არჩევა" მოუწევთ. ჩვენ სწორედ ამ საკითხებზე ვესაუბრებით საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს.

- ბევრს ავიწყდება, რომ ახლა ირანიც ფაქტორია და ასე მარტივად არ არის, რომ მარტო ამერიკამ და ისრაელმა გადაწყვიტონ ომის დამთავრება-არდამთავრების საკითხი. დავუშვათ ირანმა თქვას, ჩვენთვის ერთადერთი გარანტია ატომური ბომბის შექმნააო, და შექმნან. დავუშვათ, მივიღეთ ეს სცენარი, მერე ვინ გაამტყუნებს ირანს? ანუ

საუკეთესო ვარიანტი, ალბათ, ცეცხლის შეწყვეტა და გარიგება, ახალი შეთანხმების მიღწევაა, ოღონდ, წავა კი ირანი გარიგებაზე? ერთხელ უკვე შედგა შეთანხმება, მაგრამ მერე ამერიკა გამოვიდა ამ შეთანხმებიდან - გარიგებას ხელი ობამამ მოაწერა, ტრამპი კი გამოვიდა.

მეორე ვარიანტია ომის გაგრძელება, მაგრამ სახმელეთო ოპერაციის გარეშე, ალბათ, არაფერი გამოვა, ეს კი ნამდვილი კატასტროფა იქნება. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა ერაყში - ერაყი მარტივად დაამარცხეს, ხომ? აქ კი ტერიტორიულად გაცილებით დიდი მასშტაბებია, მოსახლეობაც ბევრად მეტია და თან გაცილებით ფანატიკოსი.

მესამე ვარიანტია დაბომბვები გააგრძელონ იმის იმედით, რომ ირანი საბოლოოდ გამოიფიტება ან რევოლუცია მოხდება, მაგრამ რევოლუციის ნიშანწყალი არ ჩანს. დაბომბვებს გააგრძელებენ, ალბათ, ისევ იმის იმედით, რომ შიგნიდან რაღაც გადატყდება, მაგრამ გადატყდება თუ არა, არ ვიცით. ომის დროს არასოდეს გვაქვს ზუსტი სურათი, ყველა მხარე თავის სიმართლეს ამტკიცებს. კიდევ ერთი, სერიოზული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ, რომ თელ-ავივიც იბომბება. არც ისრაელს უდგას კარგი დღე. ცხადია, არც საამიროებს, კატარსა და ქუვეითს. ესენი ფუფუნებასა და მშვიდ ცხოვრებას მიჩვეული ქვეყნებია. ეს ბოლო ორი ფაქტორი იმიტომ ვახსენე, რომ ომის გაგრძელება მხოლოდ ირანს არ ურტყამს. აგერ, მესამე კვირა იწურება და ირანს რესურსები მაინც არ უთავდება, წინააღმდეგობას მაინც აგრძელებენ. ამხელა ტერიტორიაზე ბევრი რამ დამალული იქნება, ზოგი მიწის ქვეშ და ზოგიც მიწის ზემოთ. ამიტომ საუკეთესო სცენარი მაინც გარიგებაა, რადგან ამის ბოლომდე მიყვანას სჭირდება სახმელეთო ოპერაცია, რაც დიდ მსხვერპლს მოითხოვს. ტრამპმა პირველი საარჩევნო კამპანია სწორედ იმ ლოზუნგით წარმართა, რომ აღარ ჩაერეოდა არსად და ომებს არ დაიწყებდა. პრინციპში მეორე კამპანიის მესიჯიც ეს იყო - სხვაგან ჩარევისა და უაზროდ ფულის ხარჯვის ნაცვლად, "ნეიშენ ბილდინგის" დასრულება. მეორე მხრივ, ამ სიტუაციაში ის აუცილებლად უნდა ფიქრობდეს შიდა პოზიციებზეც, რადგან ორი კვირის წინ თითქოს გარანტირებული ჰქონდა, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ მის საქმეს ვენსი ან რუბიო გააგრძელებდნენ, რადგან მაშინ დემოკრატებს შერყეული პოზიციები ჰქონდათ, ახლა კი მათთვის სიტუაცია უკეთესობისკენ შემობრუნდა.

- იწერება სტატიები, რომ ამერიკას უკვე აღარ აქვს საკმარისი იარაღი. თუ ასეა, მაშინ რა მოხდება?

- თუ მართალია ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეიდან "პეტრიოტები" და სხვა აღჭურვილობა გადაისროლეს, ესე იგი, როგორც ჩანს, გაუჭირდათ. ეს ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ ახლა ასიმეტრიული ომი მიდის - 50-დოლარიან დრონებს ესვრიან "პეტრიოტებს", რომლებიც მილიონები ღირს. საბოლოო ჯამში კი ეს ვის ურტყამს? ცხადია, იმას, ვისაც უფრო ძვირი უჯდება წარმოება. ბევრს ჰგონია, რომ რესურსები ამოუწურავია, მაგრამ არაფერია ამოუწურავი, მათ შორის არც ამერიკის მარაგები. თუ გავითვალისწინებთ, რამდენი გადასცეს უკრაინას და რას გადასცემენ ახლა, ამ მარაგების ანაზღაურება ასე მარტივად და სწრაფად არ ხდება.

- მოლაპარაკებებზე წასვლა ტრამპისთვის პოლიტიკურად იქნება კარგი გამოსავალი?

- ამერიკაში ჭკვიანი ხალხი ჰყავთ და იმედია დაითვლიან, რა ჯობს - გამოსვლა თუ გაგრძელება. კარგი გამოსავალი ახლა არც ჩანს - სიტუაცია ისეთია, რომ არჩევანი მხოლოდ ცუდსა და უარესს შორის არის. შეიძლება თქვან, რომ მიზანს მიაღწიეს, ყველაფერი გაანადგურეს და გამოდიან, მაგრამ მაინც არა ვარ დარწმუნებული, რას იზამს ამ დროს ირანი. პრობლემას სწორედ ამაში ვხედავ,

რატომ უნდა წავიდეს ირანი მოლაპარაკებაზე? ან თუ წავა, ხომ შეიძლება მოიტყუოს, შეთანხმება ძალიან მარტივად დაარღვიოს და დარტყმა კიდევ ერთხელ აიცილოს.

სწორედ აქეთ მივდივართ. როგორც ჩანს, როდესაც ეს ომი დაიწყო, შიგნიდან რევოლუციის იმედი ჰქონდათ. ამას მოწმობდა განცხადებები - მიდით, ჩვენ მოვდივართ, აიღეთ იარაღი ხელშიო. ჯარს მოუწოდებდნენ, იარაღი დაეყარათ, მაგრამ ფაქტია, ეს არ მოხდა.

- როდესაც დიდი იყო რევოლუციური ტალღა, მაშინ არ გაკეთდა და ახლა რატომ ექნებოდა ამ მოწოდებებს შედეგი?

- მაშინ ამერიკა ვენესუელით იყო დაკავებული. როგორც ჩანს, მაშინ მომწიფდა მოტაცების ოპერაცია და უარს თქმა არ შეიძლებოდა.

- ახლა ისე ჩანს, რომ გარკვეულწილად ხაფანგშია ამერიკა.

- ჩანს, სათანადოდ ვერ შეაფასეს მოწინააღმდეგე. ეგონათ, გარედან დარტყმას ხალხის ხელახალი გამოსვლა და მთავრობის დამხობა მოჰყვებოდა. მადუროს მოტაცების შემდეგ, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ აიათოლას მკვლელობით ყველაფერი დამთავრდებოდა. მაშინვე მათთან მივიდოდნენ, გაურიგდებოდნენ და ეტყოდნენ, გვმართეთ, აი, ნავთობს მოგცემთ, ოღონდ გაყიდეთო.

ალბათ, ისრაელს ჰქონდა ზედმეტი ოპტიმიზმი და ნეთანიაჰუმ ზედმეტად დააიმედა ტრამპი.

ნეთანიაჰუ დიდი ხანია ოცნებობს, რომ ირანთან ომში ამერიკასთან ერთად მიიღოს მონაწილეობა და როგორც ჩანს, ამ ოცნებას ახლა აისრულებს.

- ჩინეთის ფაქტორი ითამაშებს რამე როლს თუნდაც იმაში, რომ ირანი დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან?

- ჩინეთი მოქმედებს ძველი სიბრძნით - ომი უნდა მოიგო იმით, რომ მოიცადო, მოწინააღმდეგე შეცდომას დაუშვებსო. და რატომ უნდა ჩაერიონ?

- ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებითაც არ ჩაერევიან?

- ნავთობის საკითხში ამერიკას ყველაზე ნაკლებად უჭირს. ასე თუ ისე, ნავთობს აწარმოებენ, აქვთ ვენესუელის ნავთობი, სხვა რესურსებიც. თუმცა, რადგან ნავთობის ფასს მსოფლიო ბაზარზე ადგენენ, ამერიკაშიც აიწია ფასებმა, მაგრამ ეს მათ ეკონომიკას მძიმედ არ დაარტყამს. მეორე სერიოზული პრობლემა გათხევადებული გაზია. ევროპას, სავარაუდოდ, ისევ ამერიკული გათხევადებული გაზის ყიდვა მოუწევს. ასე რომ, ამერიკის ეკონომიკას კატასტროფა არ ემუქრება.

რაც შეეხება ჩინეთს, მათ შეუძლიათ რუსეთიდან კიდევ უფრო მეტი ნავთობი და გაზი იყიდონ, უბრალოდ, ცოტა ძვირის გადახდა მოუწევთ. ირანი ჰორმუზის სრუტიდან ჩინურ ტანკერებსაც ატარებს. ამდენად, ჩინეთსა და ამერიკას დიდი და სერიოზული კატასტროფა არ ემუქრება.

ნამდვილი კატასტროფა იქნება, თუ ეს ბლოკადა გაგრძელდა, რადგან ის მხოლოდ ნავთობს არ ეხება, იბლოკება სასუქების მიწოდებაც, სასუქი კი მოსავლის მოყვანისთვისაა საჭირო. ეს სიტუაცია ყველაზე მეტად უღარიბეს ხალხს დაარტყამს, აფრიკასა და მსგავს რეგიონებში ყველაზე მეტად.

ამ ომს ახლა რამდენიმე ისეთი პირიც აკრიტიკებს, ვინც ადრე ტრამპის მხურვალე მხარდამჭერი იყო. მაგალითად, ამერიკელი ჟურნალისტი მეგან კელი და ტაკერ კარლსონი მიიჩნევენ, რომ ეს ომი არანაირად არ ჯდება "მაგა"-ს პრინციპებში და ეწინააღმდეგება "ამერიკა ფერსთ" იდეოლოგიას. სწორედ ეს არის ახლა სერიოზული შიდაპოლიტიკური პრობლემა, თორემ ამერიკის ეკონომიკას ეს პროცესები დიდ ზიანს მაინც ვერ მიაყენებს. უფრო მეტიც, ჩემი აზრით, როდესაც იბომბება ქუვეითისა თუ არაბთა გაერთიანებული საამიროების ცათამბჯენები და კოშკები - ადგილები, რომლებიც აქამდე "სამოთხედ" და დიდი ფულის ტრიალის ცენტრებად მიგვაჩნდა, ეს ინვესტორებისთვის ერთგვარი სიგნალი შეიძლება იყოს. ეს დაბომბვები დუბაისა და სხვა საამიროებში აჩვენებს, რომ ეს რეგიონი აღარ არის დაცული. შესაბამისად, ინვესტორებმა შეიძლება ფული ისევ დაცულ ქვეყნებში, მაგალითად, ამერიკაში თუ ჩინეთში დააბრუნონ.

რუსა მაჩაიძე