"აქ, საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე, განსაკუთრებული სიმძაფრით განვიცდით ჩვენი პატრიარქის გარდაცვალებას“
"დღეს საქართველო და უკრაინა ერთად გლოვობენ და ლოცულობენ. აღდგომის წინ თითქმის ერთდროულად მართლმადიდებელმა სამყარომ ორი დიდი სულიერი ლიდერი დაკარგა: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი", - ამბობს "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი.
ლეგიონის სახელით გავრცელებულ განცხადებებში ხაზგასმულია ორი სულიერი წინამძღოლის ღვაწლი: "პატრიარქ ილიას მსახურებამ ძლიერი სულიერი მემკვიდრეობა დატოვა, მისი მსახურება იქცა რწმენის, სიბრძნისა და ერთიანობის სიმბოლოდ. მისი სიტყვა ამაგრებდა ადამიანებს, ხოლო მისი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება საქართველოს სულიერი ისტორიის განუყოფელ ნაწილად", - ნათქვამია სამძიმრის წერილში. მამულაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ილია II-ისა და ფილარეტის გარდაცვალება მძიმე დანაკარგია, რომელიც დროში სიახლოვის გამო კიდევ უფრო მძაფრად აღიქმება და ორი ქვეყნის სულიერ კავშირს უსვამს ხაზს.

- "ქართული ლეგიონის" სახელით კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ღრმა და გულწრფელ მწუხარებას საქართველოსა და უკრაინის სულიერი ლიდერების გარდაცვალების გამო. აქ, საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე, განსაკუთრებული სიმძაფრით განვიცდით ჩვენი პატრიარქის გარდაცვალებას, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს ასეთ დანაკარგს, ვიზიარებთ ამ ტკივილს.
ილია II-ს ბავშვობიდანვე ვიცნობდი. მამაჩემის მოძღვარი იყო ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი მეუფე დანიელი და მას ხშირად მივყავდით პატრიარქთან სტუმრად. ძალიან თბილად მეპყრობოდა. ძაღლი ჰყავდა, როტვეილერი, და მასთან ვთამაშობდი ხოლმე. თერთმეტ-თორმეტი წლის ასაკში არაერთხელ დავსწრებივარ მის წირვებს, ნაზიარებიც ვარ მისგან და ვფიქრობ, ეს დიდი მადლია.
პატრიარქმა უდიდესი როლი ითამაშა საქართველოში მართლმადიდებლობის გამყარებაში. მრავალი მნიშვნელოვანი საქმე უკავშირდება მის სახელს საქართველოს საეკლესიო ცხოვრების განვითარებაში. მის სახელთან დაკავშირებულია ასზე მეტი ტაძრის აღდგენა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მრავალი ადამიანის გარემოცვაში ვხედავდი, ხშირად მქონდა განცდა, რომ მარტოსული იყო, როგორც ყველა დიდებული ადამიანი.
- როდესაც ილია II გარდაიცვალა, უკრაინის საპატრიარქომ სამძიმრის წერილი გაავრცელა. იმხანად ფილარეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორი იყო?
- უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, მიტროპოლიტი ეპიფანე პირველი იყო, ვინც ქართველებს ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება მოგვისამძიმრა.
რაც შეეხება საპატიო პატრიარქ ფილარეტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას ქრონიკული დაავადებები აწუხებდა, 97 წლის იყო, მებრძოლი პატრიარქი გახლდათ, მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და იბრძოდა მოსკოვის საპატრიარქოსგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის. პირველი იყო, ვინც გაბედა და თქვა, რომ უკრაინის ეკლესია არ უნდა ყოფილიყო მოსკოვზე დამოკიდებული და ამისთვის ყველაფერი გააკეთა, შემდეგ კი წავიდა და მემკვიდრედ ეპიფანე დატოვა. თავად, როგორც საპატიო პატრიარქი, კიევის საკათედრო ტაძარში მსახურობდა. ძალიან კარგად იყო განწყობილი ქართველების მიმართ, მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ერის შვილები, რომლებიც მისი ქვეყნის დასაცავად იდგნენ და დღესაც დგანან.
როდესაც ჩვენ უკრაინაში ჩავედით, ჯერ კიდევ ის იყო პატრიარქი და პირველი სამხედრო და სამოქალაქო ჯილდოები "ქართული ლეგიონის" მებრძოლებმა მისგან მიიღეს. მახსოვს, როდესაც უკრაინის სიყვარულისა და თავგანწირვისთვის მედალი გადმომცა, ქადაგება წაიკითხა, თუ რამდენად ახლობელი არიან ქართველები უკრაინისთვის. 400 ქართველი მებრძოლი დააჯილდოვა ფილარეტმა, შემდეგ პატრიარქმა ეპიფანემ გააგრძელა.
- როგორც ვიცი, სამონასტრო ცხოვრება თქვენთვის უცხო არ არის.
- დიახ, ერთხანს მონასტერში ვცხოვრობდი და კარგად ვიცნობ ამ სამყაროს. მოძღვარიც მყავს, "ქართული ლეგიონის" ბაზაზე მოწყობილი გვაქვს საქართველოდან ჩამობრძანებული ქართული ხატების კუთხე, იქვე განთავსებულია დაღუპული თანამებრძოლების სურათებიც. ბიჭებს შეუძლიათ ილოცონ თანამებრძოლებისთვის, საქართველოსა და უკრაინისთვის. კიევში, წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვან ტაძარში, იქ, სადაც წმინდა ბარბარეს ნეშტია დასვენებული და სადაც ფილარეტი წირავდა, დაბრძანებულია წმინდა გიორგის ქართული ხატი, რომელსაც სამკლავური აქვს წარწერით: "ქართული ეროვნული ლეგიონი". ეს ხატი საქართველოში დაიწერა და შემდეგ ჩამოაბრძანეს აქ.
- ყველაფრის მიუხედავად, პოლიტიკური პროცესები არ ჩერდება, გრძელდება ომებიც. მინდა გკითხოთ, როგორ აისახება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი უკრაინაზე?
- გლობალურმა პროცესებმა გარკვეულწილად გადაიტანა ყურადღება უკრაინიდან, თუმცა, მეორე მხრივ, ირანს აღარ აქვს იმ მასშტაბის შესაძლებლობა, რომ მიაწოდოს რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და სხვა შეიარაღება, როგორც ომის დასაწყისში. ამიტომ ამ პროცესს აქვს როგორც უარყოფითი, ისე გარკვეულწილად შემაკავებელი ეფექტიც.
- მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანული დრონების წინააღმდეგ დახმარების მიზნით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში სამხედრო მრჩევლების ჯგუფებს გზავნის, ირანის პარლამენტის წევრმა იბრაჰიმ აზიზიმ განაცხადა, რომ ისრაელისთვის უკრაინის ნებისმიერი დახმარება, მათ შორის დრონებით, უკრაინის მთელ ტერიტორიას თეირანის სარაკეტო დარტყმების "ლეგიტიმურ სამიზნედ" აქცევს. რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს უკრაინა?
- ირანს არა აქვს შესაძლებლობა პირდაპირ დაბომბოს უკრაინა, ამისთვის მას რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა მოუწევს, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თუმცა ირიბად ის უკვე მონაწილეობდა ამ ომში რუსეთისთვის იარაღის მიწოდებით. რისი დაშავებაც შეეძლო, უკვე დაუშავა უკრაინელ ხალხს. ერთადერთი, რაც ახლა ირანელებს შეუძლიათ, ის არის, რომ რუსებივით დივერსიული აქტები მოაწყონ მეტროებსა და ქალაქის ინფრასტრუქტურაზე.
- თქვენი აზრით, როგორ აისახება ენერგორესურსების გაძვირება და დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ის რესურსების გადანაწილება უკრაინის მხარდაჭერასა და ირანის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ოპერაციაზე?
- ამ სიტუაციაში რუსეთი აშკარად მოგებულია, რადგან ნავთობის ფასის ზრდა მისთვის ხელსაყრელია. თუმცა პარალელურად ზიანდება მისი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი - ირანი და ჩვენთვის ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. რას ვიზამთ, პროცესებს თან ახლავს გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდა. ეს ტენდენცია გაგრძელდება მანამ, სანამ აღმოსავლეთში დაძაბულობა არ შემცირდება.
- ამ მოცემულობაში "პეტრიოტების" და საზოგადოდ, საჰაერო თავდაცვაში მოსალოდნელი დეფიციტი რამდენად სერიოზულ პრობლემას ქმნის უკრაინისთვის?
- "პეტრიოტების" დეფიციტი ომის დაწყებიდანვე არის. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ეს ახლა რადიკალურად შეცვლის ვითარებას, გადაჭარბებულია. არსებობს ალტერნატიული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებიც - გერმანული და ფრანგული, რომლებიც მსგავს ფუნქციას ასრულებენ.
- რუსი სამხედრო ექსპერტის ალექსანდრ კოვალენკოს თქმით, 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის შეტევითი კამპანია უკვე დაიწყო. როგორ ხვდება ამ შეტევას უკრაინა?
- რუსეთს მნიშვნელოვანი რესურსები უკვე ამოწურული აქვს, განსაკუთრებით ეკონომიკური, სანქციები ნამდვილად მუშაობს. ასევე დიდია რუსეთის დანაკარგები. ზუსტი რიცხვების თქმა რთულია, თუმცა საშუალოდ ყოველდღიური დანაკარგი 600-დან 1200 კაცამდე მერყეობს, რაც თვეში დაახლოებით 30 ათასს უტოლდება. ეს არის ძალიან დიდი დანაკარგი, როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური. ასეთ პირობებში ძნელია საუბარი მნიშვნელოვან წარმატებაზე. რუსეთს ყოველი წინსვლა ძალიან ძვირი უჯდება.