რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, თუ ნებართვის გარეშე სახლს ააშენებთ
ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.
წელიწადზე მეტია, რაც მამა გარდამეცვალა. მას ჰქონდა საპენსიო დანაზოგი. თუ შემიძლია დანაზოგის აღება? რომელ უწყებას უნდა მივმართო და რა დოკუმენტები დამჭირდება?
- უპირველესად უნდა გქონდეთ მამის სამკვიდრო მიღებული, რისთვისაც მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში უნდა მიგემართათ ნებისმიერი ნოტარიუსისათვის განცხადებით სამკვიდროს მისაღებად. თუ სამკვიდრო არა გაქვთ მიღებული, მაშინ მოგიწევთ სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით, რისთვისაც შესაძლოა დაგჭირდეთ სასამართლო წესით იურიდიული ფაქტის დადგენა. თუ გაქვთ სამკვიდრო მოწმობა, მაშინ თქვენ ხართ მამათქვენის მემკვიდრე, ამდენად შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს საპენსიო ფონდს როგორც მამათქვენის მემკვიდრემ, რადგან საქართველოს კანონის "დაგროვებითი პენსიის შესახებ" თანახმად, თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ მამათქვენის პენსია/საპენსიო აქტივები.
სახლი რომ ჩუქებით გავიფორმო და რამდენიმე თვეში გავყიდო, დაიბეგრება მოგების გადასახადით?
- თქვენ ჩუქების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლდებით საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებაზე; ასევე, საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებაზე. ქონების ჩუქებისას მემკვიდრეებად ითვლებიან შემდეგი პირები: I რიგის მემკვიდრეებად: მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი; II რიგის მემკვიდრეებად: და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები; III რიგის მემკვიდრეებად: ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და ბაბუის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან; IV რიგის მემკვიდრეებად: ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა და მამიდა. რაც შეეხება გაყიდვას, დაიბეგრებით, ვინაიდან მისი ჩუქებიდან გასული არ იქნება 2 წელი.

მდგმურს ვერ ვასახლებ ბინიდან, კარს არ მიღებს და არც გადასახადს იხდის. როგორ მოვაგვარო ეს პრობლემა?
- სარჩელით უნდა მიმართოთ სასამართლოს ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემასთან დაკავშირებით.
ჩემი ყოფილი ქმარი არის პატიმარი და არ მაძლევს უფლებას, რომ ბავშვები წავიყვანო საზღვარგარეთ, ასევე ნამყოფია ფსიქიატრიულ კლინიკაში სამკურნალოდ. მინდა როგორმე გავარიდოთ თავი მას მე და ჩემმა შვილებმა, რადგან მალე უწევს ციხიდან გამოსვლა. როგორ შემიძლია მოვიპოვო უფლება, რომ შევძლო ჩემი შვილების გაყვანა?
- უნდა მიმართოთ სასამართლოს მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე სარჩელით, რათა მისგან დამოუკიდებლად, მისი თანხმობის გარეშე შეძლოთ ბავშვების პასპორტის აღება და მათი საზღვარგარეთ წაყვანის უფლების მიღება.
ეკისრება თუ არა დამქირავებელს ბუნებრივი ცვეთით დაზიანებული ნივთების შეკეთება? ვინ უნდა შეაფასოს, რა ითვლება ბუნებრივ ცვეთად და როგორ უნდა მოვაგვაროთ მსგავსი დავა ბინის პატრონთან, როცა ის დაჟინებით ითხოვს სახლის გარემონტებას?
- არა, ბუნებრივი ცვეთით დაზიანებული ნივთების შეკეთება არ ევალება დამქირავებელს. შეფასება შეიძლება როგორც ლევან სამხარაულის სასამართლოს ეროვნულ ბიუროში, ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ დამოუკიდებელი ექსპერტი. მტკიცების ტვირთი ეკისრება ბინის მეპატრონეს, მან უნდა დაადასტუროს, რომ აღნიშნული დაზიანება ვერ იქნებოდა გამოწვეული ბუნებრივი ცვეთით.
ბინა გვქონდა ნაქირავები, სადაც ვიცხოვრეთ სამ წელზე მეტი. შედგა სიტყვიერი გარიგება და ჩვენ ხელთ არა გვაქვს არანაირი დოკუმენტი. ბუნებრივია, შესვლის წინ გადავიხადეთ პირველი და ბოლო თვის ბინის ქირა. ახლა გავდივართ ბინიდან და გვეკუთვნის ბოლო თვე უფასოდ. მეპატრონე ითხოვს ქირას, რომელიც გადახდილია. მაშინ ეს თანხა გადავუხადეთ ქეშად, შენახული მაქვს მხოლოდ მესიჯი, საიდანაც ჩანს, რომ გადახდილი მაქვს პირველი და ბოლო თვე. რისი გაკეთება შეიძლება ამ შემთხვევაში?
- თუ გადახდილია ბოლო თვის ქირის საფასური და ასევე გაქვთ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება, უფლება გაქვთ არ გადაუხადოთ ქირა მეორედ, გადახდის მტკიცებულება რომ გაქვთ სმს-შეტყობინების სახით, ეს თქვენთვის სასარგებლოა. მან უნდა დაგიმტკიცოთ, რომ ქირა გადახდილი გაქვთ.
ვიყავი თავდები და ორი თვის წინ დაიხურა სესხი. მას ჰქონდა ვადაგადაცილება და იყო პრობლემურებში ჩემი მონაცემებიც. როგორ შეიძლება პრობლემურებიდან ჩემი მონაცემების ამოღება და რამდენ ხანში?
- მიმართეთ განცხადებით `კრედიტინფო საქართველო", წარუდგინეთ სესხის დახურვის/დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მოითხოვეთ აღნიშნული მონაცემებით განაახლონ თქვენი პირადი მონაცემები.
წლებია ნათესავის თავდები ვარ. მაშინ აიღო სოლიდური სესხი, ჯერ იხდიდა, მერე შეწყვიტა. სამაგიეროდ, მე მეჭრებოდა ხელფასიდან. როგორ მოვიქცე, რომ მე არ დამეკისროს ეს ვალდებულება? ან როცა ამდენი წელია არ იხდის მსესხებელი სესხს, ის სესხი ხომ არ ითვლება ხანდაზმულად?
- მოცემულ შემთხვევაში სესხი ხანდაზმული ვერ გახდება, ვინაიდან თავდები თანხას იხდის, ანუ ასრულებს ვალდებულებას. თუ პირი მსესხებელს თავდებად დაუდგება, ეს ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, სოლიდარულად არის პასუხისმგებელი იმ სესხსა და ვალდებულებებზე, რომელთაც ძირითადი მსესხებელი კისრულობს. ბანკისთვის თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტისთვის თავდებობა არის დამატებითი უზრუნველყოფის საშუალება, რაც ვალდებულების შესრულების ალბათობას ზრდის. საკრედიტო ორგანიზაციები უფრო ხშირად სოლიდარულ თავდებობას მიმართავენ. თუ თავდები ვალდებულებას სოლიდარულად იკისრებს, მაშინ კრედიტორს შესაძლებლობა აქვს თავდებს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება. რაც შეეხება გამოსავალს, იმისათვის, რომ თავდებს არ დაეკარგოს გადახდილი თანხები, სესხის დაფარვის შემდეგ შეუძლია იდავოს ძირითად მსესხებელთან და მას მოსთხოვოს თავდების მიერ გადახდილი სესხის თანხა. მის წინააღმდეგ უნდა შეიტანოს სარჩელი და თუ გააჩნია რაიმე ქონება თავის სახელზე, უნდა დაყადაღდეს. ასეთ დროს სასამართლოს გზით უნდა მოსთხოვოს მას ვალდებულების შესრულება.
მამას აქვს მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება. აღმოჩნდა, რომ მამა არის ნაშვილები, დაბადების მოწმობაში მითითებულია მამის გრაფაში მშვილებელი. ასეთ შემთხვევაში არაბიოლოგიურ ნათესავებს თუ შეუძლიათ მოითხოვონ სამართლებრივად მემკვიდრეობა? იქნებ განგვიმარტოთ, როგორ ხდება მემკვიდრეობის გაცემა, როცა არაბიოლოგიური შვილია და მას სხვა შვილი არა ჰყავს?
- კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ასევე, ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებსა და მათ შთამომავლებთან. ამდენად, თუ მხოლოდ მამათქვენი არის პირველი რიგის მემკვიდრე, არავის აქვს სამკვიდროს მოთხოვნის კანონიერი უფლება.
მინდა ბინის დაგირავება. მეპატრონე მეუბნება, რომ ჩამიდებს სხვა ბინას გირავნობაში და შემიშვებს მეორე ბინაში, რადგან სადაც შევდივარ, ის ბინა ჯერჯერობით არა აქვს ოფიციალურად რეგისტრირებული რეესტრით, რადგან არის ახალაშენებული. რამდენად სარისკოა ასეთი ხელშეკრულების დადება? როგორც მეუბნება, ნოტარიუსთან ხელშეკრულებაში ჩამიწერს, რომ მაქვს იმ ბინაში ცხოვრების უფლება. რასაც დებს, ის არის მის სახელზე და არ არის რაიმე ვალდებულებით დატვირთული. რა რისკებს შეიცავს ასეთი ხელშეკრულება? თუ ვერ გადამიხდის თანხას, შევძლებ თუ არა იმ ბინაში შესვლას, რომელსაც ტვირთავს ნოტარიულად?
- თუ ბინა, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული იპოთეკით დასატვირთად, არის მის სახელზე, არ ადევს რაიმე სახის ვალდებულება, მაშინ მსგავსი ტიპის ხელშეკრულების გაფორმება არ არის სარისკო. რაც შეეხება იმ შემთხვევას, რომ თუ მეპატრონე თანხას არ დაგიბრუნებთ, გექნებათ თუ არა იქ შესვლის შესაძლებლობა, დამოკიდებულია ხელშეკრულების შინაარსზე.
შეიძლება თუ არა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და რა შემთხვევაში?
- სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდეგ მემკვიდრემ, რომელმაც ეს ვადა გაუშვა, შეიძლება მაინც მიიღოს მემკვიდრეობა, თუ ამაზე თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. სამკვიდროს მიღების ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომაც, თუ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოდ იქნება მიჩნეული.
პირის მხარდამჭერ პირად დარეგისტრირება გვინდა სასამართლოში. რა საბუთებია ამისთვის საჭირო და მომიწევს თუ არა ბაჟის გადახდა?
- პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/ განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების შესასრულებლად, რომლებსაც განსაზღვრავს სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე. პირს მხარდაჭერის მიმღებად ცნობს და მხარდამჭერს უნიშნავს სასამართლო მხარდასაჭერად საცნობი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია, სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს უნდა მიმართოს განცხადებით და ბაჟის გადახდა არ არის საჭირო.
თბილისში მაქვს მიწა, ნებართვის გარეშე სახლი რომ ჩავდგა, რა მოხდება? ან იქნებ მირჩიოთ, როგორ უნდა მოვიპოვო მშენებლობის ნებართვა?
- იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის გარეშე ააშენებთ სახლს, შესაძლოა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაგაჯარიმოთ ადმინისტრაციული წესით და დაგევალოთ სახლის დემონტაჟიც (დანგრევა). თუ თქვენ არ დაანგრევთ, მერე შესაძლოა იძულებითი აღსრულება. ასევე შესაძლებელია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიღებული დადგენილება გაასაჩივროთ სასამართლოში, ამით გადავადდება ჯარიმის გადახდა და დემონტაჟი, თუმცა საბოლოოდ მაინც დაგეკისრებათ ჯარიმაც და დემონტაჟიც.
იმისათვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან აიცილოთ, უმჯობესია მიმართოთ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოიპოვოთ მშენებლობის ნებართვა.