ირანის ომი ციდან მიწაზე „ეშვება“ - ტრამპიც პუტინივით მრავალწლიან „ომის ჭაობში“ ჩაეფლობა? - კვირის პალიტრა

ირანის ომი ციდან მიწაზე „ეშვება“ - ტრამპიც პუტინივით მრავალწლიან „ომის ჭაობში“ ჩაეფლობა?

მალე ერთი თვე შესრულდება, რაც ისრაელმა და აშშ-მა ფართომასშტაბიანი და ინტენსიური საჰაერო შეტევები წამოიწყეს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა ამ უკანასკნელის საკმაოდ მტკივნეული საპასუხო სარაკეტო დარტყმები თავად ისრაელის ქალაქებსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.

ეს ომი ჯერ კიდევ საჰაერო ოპერაციებით შემოიფარგლება ანუ ორივე მხარეს, ჯერჯერობით, მხოლოდ საჰაერო იერიშები მიაქვს ავიაციით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით. თუმცა უკვე იკვეთება იმის ნიშნებიც, რომ ისრაელ-აშშ-ისა და ირანის ომმა შეიძლება ციდან მიწაზე ჩამოინაცვლოს და საბრძოლო მოქმედებებში სახმელეთო დანაყოფებიც ჩაერთონ მძიმე ჯავშანტექნიკითა და არტილერიით ანუ ეს ომი დაემსგავსოს რუსეთ-უკრაინის მეხუთე წელში გადასულ საშინელ ომს.

ამის თქმის საფუძველს იძლევა თეთრი სახლის ახალი გადაწყვეტილება სპარსეთის ყურეში ორი ამფიბიური საექსპედიციო კორპუსის გაგზავნის თაობაზე.

ამერიკულ საინფორმაციო საშუალებებში აცხადებენ, რომ Boxer Amphibious Ready Group და მე-11 საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო დანაყოფი აშშ-ის დასავლეთ სანაპიროდან გრაფიკზე ადრე "დაიძრება" ირანისკენ.

მოსალოდნელია, რომ ისინი ინდო-წყნარი ოკეანის გავლით ახლო აღმოსავლეთის რეგიონისკენ გაემართონ მას შემდეგ, რაც თეთრი სახლიდან ამერიკულ საზღვაო ფლოტს დამატებითი ძალების გამოყენებით პოზიციის გაძლიერების ბრძანება მიეცა.

Boxer-ის ამფიბიური მზადყოფნის ჯგუფში შედის ამფიბიური სადესანტო ხომალდი Boxer-ი, ამფიბიური სატრანსპორტო დოკის ხომალდები USS Portland და USS Comstock-ი. ამ სამ სადესანტო ხომალდზე 2500 საზღვაო ქვეითია, რაც, საერთო ჯამში, დაახლოებით 4000 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს. ისინი აღჭურვილი არიან F-35 გამანადგურებლებით, რაკეტებითა და სადესანტო მანქანებით, რომლებსაც ხომალდებიდან ხმელეთზე თავდასხმისთვის ზღვაში დესანტირება შეუძლიათ.

ოფიციალური პირების თქმით, მეზღვაურებმა და საზღვაო ქვეითებმა სერტიფიცირებისა და ტრენინგის დასრულების შემდეგ შვებულების პერიოდი შეამცირეს, რათა ხომალდებზე მათი განთავსება დაჩქარებულიყო.

Boxer-ი შეუერთდება USS Tripoli-ს ამფიბიურ სადესანტო ხომალდს, რომელიც უკვე ახლო აღმოსავლეთისკენ მიცურავს. მათი გემბანებიდან F-35 Lightning-ებს, AV-8 Harrier-ებს, Osprey-ებს, ასევე Viper-ის, Venon-ის, Knighthawk-ის და Stallion-ის ტიპის შვეულმფრენებს შეუძლიათ აფრენა.

უნივერსალურ სადესანტო ხომალდებზე განთავსებული ამერიკელი საზღვაო ქვეითების დანაყოფები სპეციალიზდებიან საზღვაო დესანტირების ოპერაციებზე, მოწინააღმდეგის სანაპირო ზოლზე გადასასხმელად და მის სწრაფად დასაკავებლად.

შესაბამისად, ორი ამერიკული ამფიბიური დაჯგუფების გაგზავნა ირანისკენ შეიძლება მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებდეს - პრეზიდენტმა ტრამპმა მაინც გადაწყვიტა ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ დაწყებული საჰაერო ოპერაცია სახმელეთო ოპერაციაშიც გადაზარდოს. მაგრამ ირანის გარშემო დღეს მხოლოდ 40-ათასამდე ამერიკელი სამხედრო თუ იმყოფება და ისინიც ან ავიაციის მომსახურე პერსონალია, ან მეზენიტეები, ან კიდევ ლოჯისტიკის ჯარისკაცები, ანუ არ არიან საბრძოლო დანაყოფების სახმელეთო მოიერიშეები.

ირანისკენ გაგზავნილ ორ ამფიბიურ საზღვაო ჯგუფში კი 5 ათასზე მეტი კარგად მომზადებული საზღვაო ქვეითია, მაგრამ ეს რაოდენობა ძალიან მცირეა იმისთვის, რომ მათ ირანის მთელ სანაპიროზე მიიტანონ იერიში და ეცადონ, ირანს სპარსეთისა და ომანის ყურეებში გასასვლელები ჩაუკეტონ.

ამიტომაც იბადება ვერსია, რომ კარგად მომზადებული, მაგრამ შედარებით მცირერიცხოვანი საზღვაო ქვეითების გამოყენებით პრეზიდენტი ტრამპი შეეცდება აიღოს სპარსეთის ყურეში რამდენიმე მნიშვნელოვანი ირანული კუნძული, მათ შორის ყველაზე დიდი კუნძული კეშმი, ასევე ქიშის, ჰორმუზის, ლარაკის, ქარშისა და კიდევ სხვა პატარ-პატარა კუნძულები.

ამ კუნძულებზე გადასხმული ამერიკელი საზღვაო ქვეითები თავიანთი საშტატო და დამატებითი შეიარაღებით შეეცდებიან აღკვეთონ ირანული სწრაფი მცირე კატარღების თავდასხმები კილვატერში მცურავ იმ ტანკერებზე, რომლებიც ამერიკული და სხვა ქვეყნების (გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია და კანადა აცხადებენ მზადყოფნას თავისი წვლილი შეიტანონ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღსადგენად) სამხედრო ხომალდების კონვოირებით შეეცდებიან ნავთობპროდუქტების გატანას სპარსეთის ყურიდან.

რაც არ უნდა წარმატებით და დიდხანს დაბომბოს ისრაელმა და აშშ-მა ირანის სამხედრო და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები, თუკი ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილი დარჩება და ნავთობის ფასი დღევანდელი 108 დოლარიდან ერთ ბარელზე უფრო მაღლა ავარდება, ტრამპი ირანთან ომში თავს გამარჯვებულად ვერ გამოაცხადებს. ამიტომაც ომის ამ ეტაპზე თეთრი სახლის მთავარ ამოცანად გადაიქცა არა ირანული ბირთვული მასალების მოძიება თუ ბალისტიკური რაკეტების მიწისქვეშა საცავების მოძებნა-დაბომბვა, არამედ სწორედ ჰორმუზის სრუტის გახსნა თავისუფალი ნაოსნობისთვის, რისთვისაც აუცილებლად საჭიროა სპარსეთის ყურეში კონტროლის გაძლიერება, თუმცა რამდენად ეყოფა ამას მხოლოდ ხუთი ათასამდე ამერიკელი საზღვაო ქვეითი, უახლოესი მომავალი დაგვანახებს. მანამდე კი ამერიკული მხარე იღებს თითქმის დაუჯერებელ გადაწყვეტილებას - აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ლიცენზია გასცა, რომელიც ზღვებში მყოფ ტანკერებზე დატვირთული 140 მილიონი ბარელი ირანული ნავთობის გაყიდვის უფლებას იძლევა.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხო­ური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებით, ლიცენზია ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს და ნავთობი იმ ტანკერებიდან გაიყიდება, რომლებიც 20 მარტამდე დაიტვირთა. ამ ტანკერებიდან ირანული ნავთობის გაყიდვა, გადაზიდვა ან გადმოტვირთვა 19 აპრილამდე იქნება შესაძლებელი - ანუ აშშ-თან ომში მყოფი ირანი ამ 140 მლნ ბარელი ნავთობის გაყიდვით მიიღებს არანაკლებ 14 მლრდ დოლარის მოგებას იმავე აშშ-იდან!

რატომ მიდის ასეთ წარმოუდგენელ დათმობაზე პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, რომ იმ ქვეყანას, რომელსაც ბომბავს, თან უფლებას აძლევს თავისუფლად გაყიდოს ნავთობი (რაზეც 1996 წლიდან საერთაშორისო სანქციები ჰქონდა დადებული ირანს), რომლიდანაც მიღებულ უზარმაზარ თანხას ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" სარდლობა ხომ ისევ ამერიკელების წინააღმდეგ გამოიყენებს?

საქმე ის არის, პუტინისა არ იყოს, ტრამპიც შეცდა, როდესაც ნეთანიაჰუს აყოლილმა დაიჯერა, რომ ირანს საჰაერო დარტყმების ბლიცკრიგით დააჩოქებდა, მაგრამ არ გამოვიდა - პოლიტიკური ლიდერებისა და სამხედრო მეთაურების დაკარგვის მიუხედავად, ირანი აგრძელებს ბრძოლას და თანაც ძალზე მტკივნეულად ისრაელისა და აშშ-ისთვის.

ირანის საპასუხო ქმედებებმა (რაც ადვილად პროგნოზირებადი გახლდათ), სპარსეთის ყურეში სარაკეტო დარტყმების მიყენებამ ქუვეითის, კატარის, საუდის არაბეთის, ბაჰრეინისა თუ არაბთა გაერთიანებული საამიროების ნავთობტერმინალებზე და ამასთან, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ნავთობტანკერებისთვის ნედლი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 30-40 პროცენტით ასწია, რამაც გააძვირა ბენზინის ფასი მილიონობით ამერიკელი ამომრჩევლისთვის. არადა, რამდენიმე თვეში აშშ-ში შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელზეც უკმაყოფილო ამომრჩეველი ხმას ამ ომის ერთ-ერთ წამომწყებ ტრამპის რესპუბლიკურ პარტიას კი არა, დემოკრატებს მისცემს, რის შემდეგაც კიდევ უფრო გაიზრდება იმის ალბათობა, რომ ტრამპმა თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადა ვერ ჩაათავოს. ამიტომაც ტრამპის ადმინისტრაციამ ჯერ რუსეთს, შემდეგ კი თავად ირანსაც მოუხსნა სანქციები უკვე დატვირთული ტანკერებიდან ნედლი ნავთობის გაყიდვაზე, რაც დროებით მართლაც შეანელებს ნავთობის ფასის კატასტროფული სიჩქარით ზრდას, თუმცა ამასთანავე მისცემს მილიარდობით მოგებას მოსკოვს უკრაინაში ომის ახალი ძალებით გასაგრძელებლად. შესაბამისად, ვერც ისრაელი აღისრულებს თავის ნახევარსაუკუნოვან ოცნებას ირანში აიათოლების რეჟიმის სრული დასამარებისა და ვერც აშშ შეძლებს ჰორმუზის სრუტის ბოლომდე გახსნას ნავთობის ფასის დასაგდებად.

ჰორმუზის სრუტეში ირანული კუნძულების აღება ვერ ჩამოშლის აიათოლების რეჟიმს. ამისთვის თეირანში ამერიკული "აბრამსების" შესვლაა საჭირო, როგორც 2003 წელს ბაღდადში, სადამ ჰუსეინის ხელისუფლების დამხობისას, მაგრამ უახლესმა ისტორიამ ისიც კარგად აჩვენა, თუ რაში გადაიზარდა ეს - ერაყში პარტიზანული ომი დაიწყო იქ განთავსებული ამერიკული და მოკავშირე (მათ შორის საქართველოს) სამხედრო კონტინგენტების წინააღმდეგ, ისევე როგორც პარალელურად თითქმის ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა ავღანეთშიც.

აშშ ახალი საუკუნის პირველი ორი ათეული წლის განმავლობაში აღმოჩნდა ერაყისა და ავღანეთის პარტიზანული ომების ჭაობში ჩაფლული და მათ თავი დიდი სირცხვილით დააღწია ავღანეთში, თუმცა ერაყში კიდევ არიან მცირე რაოდენობით ამერიკელი სამხედროები, რომლებიც სისტემატურად ხდებიან პროირანული შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმის სამიზნე.

ირანში სახმელეთო ოპერაციების დაწყების შემთხვევაში, აშშ და ისრაელი სულ სხვა სახის ომს მიიღებენ, რომელიც ძირფესვიანად იქნება განსხვავებული ერაყისა და ავღანეთის ომებისგან და მით უმეტეს, ღაზის სექტორსა და სამხრეთ ლიბანში ჩატარებული ოპერაციებისგან. ირანის სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალების მიმოხილვას უკვე აზრი აღარ აქვს, რადგან ისრაელ-აშშ-ის ირანის ცაში სრული საჰაერო გაბატონების შემდეგ ყველა ირანული აეროდრომი და საზღვაო პორტი სისტემატურად იბომბება და ირანი მასობრივად ვეღარც საბრძოლო თვითმფრინავებს ააფრენს და ვერც ზღვაში გაიყვანს ფრეგატებსა და წყალქვეშა ნავებს.

სამაგიეროდ, მიწაზე საბრძოლველად ირანს რჩება... ორი არმია, შეიარაღებული ძალებისა და "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" სახით. ირანის სახმელეთო ჯარების რაოდენობა 350 ათას კაცს აღწევს, რომელიც შეიარაღებულია 1 600 ტანკით, 1 500-მდე სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ჯავშანმანქანით, 2 400-ზე მეტი ბუქსირებადი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარით, 900-მდე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ურიცხვი ტანკსაწინააღმდეგო უმართავი და მართვადი რაკეტებით.

"ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსი", თავის მხრივ, 150 ათასამდე მებრძოლს აერთიანებს, რომლებიც ირანელ სამხედროებზე ბევრად მეტი საბრძოლო სულისკვეთებით გამოირჩევიან, ჰყავთ საკუთარი სახმელეთო ჯარები და თვით... კოსმოსური ძალებიც კი ბალისტიკური რაკეტების ჩათვლით. გარდა ამისა, ირანს შეუძლია უმოკლეს დროში 7 მლნ-ზე მეტი კაცის მობილიზება და შეიარაღება, რომლებიც ანგარიშგასაწევი ძალა იქნება, რადგან უმეტესობას გავლილი აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახური.

ირანის მიწაზე "თავის შეყოფა" დამღუპველი აღმოჩნდება პრეზიდენტ ტრამპის ამერიკისთვის, რადგან მან აშშ შეიძლება ომის იმაზე უფრო ღრმა "ჭაობში" ჩაფლას, ვიდრე პუტინის რუსეთია უკრაინასთან ომის მეხუთე წელს.