ყველაზე დიდი ქამბექი?
ფეხბურთის მაყურებელს ბევრი შემობრუნებული მატჩი და ბევრი დაუვიწყარი ქამბექი გვახსოვს, მაგალითად, 2017 წელს ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონა".
პსჟ-სთან კატალონიელებმა პირველი მატჩი პარიზში 0:4 წააგეს, შემდეგ კი კამპ-ნოუზე 6:1 გაიმარჯვეს და ორი მატჩის ჯამში 6:5 მოიგეს, თანაც მაშინ სტუმრად გატანილი გოლის წესი ჯერ გაუქმებული არ იყო, რაც უფრო შთამბეჭდავს ხდის კატალონიელების ამ ისტორიულ გამარჯვებას.
"მილანი"-"ლივერპული", 2005 წელი და დაუვიწყარი სტამბოლის ღამე... ინგლისელებმა პირველი ნახევარი 0:3 წააგეს, შემდეგ კი მეორე ტაიმში 7 წუთში 3 გოლის გატანა მოახერხეს. საბოლოოდ პენალტების სერიაში გაიმარჯვეს და ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართეს.
მრავალი ქამბექი და დაუვიწყარი მატჩი ყოფილა, მაგრამ, ალბათ, რაც "აფრიკის თასზე" დატრიალდა, ასეთი რამ დიდი ხანია არავის უნახავს.

სენეგალის ნაკრებმა, მეტსახელად "ტერანგას ლომებმა", მასპინძელი ქვეყანა, მაროკო, ანგარიშით 1:0 დაამარცხა და 18 იანვარს რაბათში მდებარე პრინც მულაი აბდელას სახელობის სტადიონზე "აფრიკის თასი" მოიპოვა.
მას შემდეგ, რაც ელ-ჰაჯი მალიკ დიუფმა საჯარიმოში "რეალ-მადრიდის" ვარსკვლავი ბრაჰიმ დიასი წააქცია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის არბიტრმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულზე მიუთითა.
ამის შემდეგ ქაოსი დაიწყო: სენეგალის მთავარი მწვრთნელი პროტესტის ნიშნად მოედნის დატოვებას, ხოლო გულშემატკივრები მოედანზე შეჭრას ცდილობდნენ, სენეგალის სასტარტო შემადგენლობის თითქმის ყველა ფეხბურთელი გასახდელისკენ გაემართა, რადგან თერთმეტმეტრიანი უსამართლოდ მიიჩნიეს. როდესაც სენეგალის ნაკრების ყველა წევრი, სადიო მანეს გარდა, მოედანს ტოვებდა, "ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა თანაგუნდელებს დაუძახა: "დაბრუნდით, ჩვენ ღირსეულად უნდა ვიასპარეზოთ" და მოუწოდა მატჩი გაეგრძელებინათ 25-30 წუთზე მეტი ხნის შეყოვნების შემდეგ, რადგან სენეგალის ნაკრების ნახევარი "გაბუტული" გასახდელში იჯდა.…

კომპენსირებულ +24-ე წუთზე ბრაჰიმ დიასს ჰქონდა შესაძლებლობა მშობლიური ქვეყნის ლეგენდებს შორის საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაეწერა, თუმცა მისი "ეშმაკური ჩანაფიქრი" და მისი პანენკას სტილის პენალტი "ჩელსის" ყოფილმა მეკარემ, ედუარდ მენდიმ მოიგერია, რის შედეგადაც მატჩი დამატებით დროში გადავიდა, იქ კი "ვილიარეალის" ნახევარმცველმა პაპ გეიმ სენეგალის გამარჯვების გოლი გაიტანა.
საკუთარი ქვეყნის გუნდის მარცხით უკმაყოფილო მაროკოელმა პარლამენტარმა ორგზის AFჩON-ის ჩემპიონ სენეგალს ბრალად დასდო, რომ ბრაჰიმ დიასის პენალტამდე გასახდელში მსაჯზე გაბრაზებულმა სენეგალელმა ფეხბურთელებმა "შავ მაგიას" მიმართეს.
მაროკოელმა დეპუტატმა ასევე მოითხოვა არბიტრ ჟან-ჟაკ ნდალას დაპატიმრება მატჩის გაგრძელებისთვის. მისი განმარტებით, მსაჯს მატჩი უნდა დაესრულებინა მას შემდეგ, რაც სენეგალელებმა მოედნის მოულოდნელად დატოვება გადაწყვიტეს.
საბოლოოდ მაროკო ოფიციალურად "აფრიკის ერთა თასის" გამარჯვებულად გამოცხადდა, ხოლო სენეგალს ტიტული ჩამოერთვა. ამ გადაწყვეტილებამ საფეხბურთო სამყარო გააკვირვა, აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) კი განაცხადა, სააპელაციო საბჭომ დაადგინა, რომ სენეგალმა მატჩი წააგო ტექნიკური მარცხით, რადგან მატჩის ბოლო წუთებში დანიშნული პენალტის გასაპროტესტებლად მოედანი დატოვაო.
სენეგალისთვის ტიტულის ჩამოსართმევად მაროკოს სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ (FRMF) გაასაჩივრა ის გარემოება, რომ სენეგალის ეროვნულმა ნაკრებმა დაარღვია "აფრიკის ერთა თასის" რეგლამენტის 82-ე და 84-ე მუხლები.
82-ე მუხლში წერია: "თუ ნებისმიერი მიზეზით გუნდი გამოეთიშება ტურნირს, არ გამოცხადდება მატჩზე, უარს იტყვის თამაშზე ან დატოვებს მოედანს მატჩის რეგულარული დროის ამოწურვამდე მსაჯის ნებართვის გარეშე, იგი ჩაითვლება დამარცხებულად და საბოლოოდ გამოეთიშება მიმდინარე ტურნირს. იგივე წესი ვრცელდება CAF-ის გადაწყვეტილებით ადრე დისკვალიფიცირებულ გუნდებზეც";
84-ე მუხლი ამბობს: "გუნდი, რომელიც დაარღვევს 82-ე და 83-ე მუხლების დებულებებს, საბოლოოდ გამოეთიშება ტურნირს. ამ გუნდს ჩაეთვლება 3-0 მარცხი, თუ მოწინააღმდეგეს მატჩის შეწყვეტის მომენტში უფრო ხელსაყრელი შედეგი არ ჰქონდა დაფიქსირებული; ასეთ შემთხვევაში სწორედ ეს შედეგი შენარჩუნდება. საორგანიზაციო კომიტეტს შეუძლია დამატებითი ზომების მიღებაც".
CAF-ის სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა მაროკოს საჩივარი და 18 იანვრის მატჩიდან ორი თვის შემდეგ განაცხადა: "აფრიკის ერთა თასის" რეგლამენტის 84-ე მუხლის საფუძველზე სენეგალის ნაკრები გამოცხადებულია მატჩის ტექნიკურ წაგებულად, ხოლო შედეგი ფიქსირდება 3:0 მაროკოს სამეფო ფეხბურთის ფედერაციის (FRMF) სასარგებლოდ".
სენეგალის ფეხბურთის ფედერაციამ ამ გადაწყვეტილებას „ფარსი და აბსოლუტურად არაფერზე დაფუძნებული“ უწოდა. "ფედერაციის პრეზიდენტი იურისტებს დაუკავშირდება; ჩვენ მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, შემდეგ კი სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს", - განაცხადა სენეგალის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა სეიდუ სოუმ.
საარბიტრაჟო სასამართლოში წასვლამდე კი სენეგალის მთავარმა მწვრთნელმა 2 თვის წინ მოგებული თასი, რომელიც უკვე მაროკოს ეკუთვნოდა, სენეგალის არმიას მიუტანა, რადგან, მისი აზრით, იქ უფრო დაცული იქნება და "ვერავინ შეძლებს მის "მოპარვას".
რამდენიმე წყაროს ცნობით, თასი სამხედრო ობიექტზეა და მას შეიარაღებული დაცვა იცავს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცებს თასთან ფოტოების გადაღების უფლებაც მისცეს, რაც დამკვირვებლების შეფასებით, სიმბოლური ნაბიჯია სენეგალის პრეტენზიის ხაზგასასმელად.
"სენეგალის მწვრთნელმა AFCON-ის თასი სამხედრო ბაზაში გადაიტანა... ახლა ის სამხედრო ბანაკის ცენტრშია განთავსებული. იცავენ იმას, რაც კანონიერად მათ ეკუთვნით", - დაწერა Sports UK-მა საკუთარ X-ის გვერდზე.
სენეგალის ფეხბურთის ოფიციალურმა პირებმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) სარჩელი შეიტანეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ტიტული „დამსახურებით მოიგეს“ და მისი ბედი ადმინისტრაციული წესით არ უნდა გადაწყდეს.
ალბათ, სამართლიანი იქნება, თუ თავიდან გაიმართება საფინალო მატჩი ამ ორ ნაკრებს შორის, მაგრამ რამდენად რეალურია ეს, არავინ იცის. საბოლოოდ მივიღეთ ორი ჩემპიონი ორი თასით და ორივე საკუთარი სამართალით.…
ამ სიტუაციაში ნამდვილი გამარჯვებულები, ალბათ, სენეგალის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები არიან.…
ნიკოლოზ თევდორაშვილი