ახლა? რა იქნება ახლა? - წაიკითხეთ და გაიაზრეთ, როგორ აკეთებენ დიდ საქმეებს დიდი ადამიანები! - კვირის პალიტრა

ახლა? რა იქნება ახლა? - წაიკითხეთ და გაიაზრეთ, როგორ აკეთებენ დიდ საქმეებს დიდი ადამიანები!

რა დიდი ტკივილია ეს განშორება, მაგრამ რამხელა მფარველი დაემკვიდრა ზეციურ საქართველოში, უკვე რომ გრძნობ ამ ძალას, ამ მეოხებას უფლის წინაშე... როგორ შეავედრებს დედა ღვთისმშობელს თავის სალოცავ ქვეყანას... საუკუნოდ იყოს ხსენება უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ისა. ყველაფრისთვის გმადლობთ, ჩვენო პატრიარქო! ყველას მაგივრად გთხოვთ შენდობას იმ ტკივილებისთვის, რაც მოგაყენეთ ჩვენი უგუნურებით. დაგვლოცე, უწმინდესო და უნეტარესო.

ახლა? რა იქნება ახლა?

ცრემლი და სინანული შევნიშნე ბევრი­ ისეთი ადამიანის თვალზე, ბაგეზე და გულში, წლების განმავლობაში პატრიარქზე რომ ქილიკობდნენ, ათას სიბინძურეს უგონებდნენ, ლანძღავდნენ... ეს სინანული გაიზრდება, ჩვენს გულებს დაიპყრობს და ერთად მიგვიყვანს უფლამდე... ჯერ სად ხართ - ათასობით ამბავს მოვისმენთ და წავიკითხავთ პატრიარქის ზეადამიანური მიმტევებლობის, სიყვარულის, თანაგრძნობის უნარის შესახებ, მოვისმენთ ბევრ სასწაულებრივ ისტორიას, ჩვენს ფერიცვალებას რომ მისცემს დასაბამს... გაოცებულნი­ დავრჩებით, როგორ შეეძლო ერთ ადამიანს ერთდროულად ამდენის ნუგეშისცემა,­ მრავალი ათასის თანაგრძნობა, სიყვარული...­ და მათ, ვისაც კიდევ შერჩათ ბოროტი აზრები,­ ფიქრები, სასწაულებრივად განეწმინ­დებათ გულები, გონება, მადლით აევსებათ და იხარებენ უფლისმიერი სიხარულით... გვეშინიაო, ბევრი წერს, პატრიარქის გარეშე­ დარჩენის შიში გვაქვსო, რა გვეშველებაო. და ვინ თქვა, რომ მის გარეშე უნდა ვიყოთ?­ მაშ, სად არის ჩვენი რწმენა? მოვემ­ზადოთ, ჩვენ ყველანი ერთად ვიხილავთ დიდი პატრიარქის უფლის წინაშე მეოხების საქმეებს. ნურაფრის გეშინიათ! დიდ არს უფალი ღმერთი ჩვენი და დიდია მის წინაშე რწმენით აღსრულებული საქმეების შედეგები. გარდაცვალებით არ მთავრდება სიცოცხლე! სიცოცხლე გრძელდება! მარადისობაში!

დაცარიელდებაო ეკლესია - ნუ ვიტყვით და ნუ ვიფიქრებთ ასეთ რამეს. როგორ უნდა დაცარიელდეს ეკლესია ადამიანის, თუნდაც ასეთი დიდი ადამიანის, გარდაცვალების შედეგად? მაშ, არ გვცოდნია, ეკლესია რა არის... არ გვსმენია, რომ ქრისტეს სხეულია იგი და თავად არის მადლის სისავსე: "სავსებაი იგი, რომელი ყოველსავე ყოვლითა აღავსებს" (ეფეს. 1:23).

სადაც არის ეკლესია, იქ არის სულიწმინდა, მოუკლებელი, დაულევნელი... და ის დიდი ადამიანებიც ამ სულიწმინდის მადლის მოხვეჭით გახდნენ ბუმბერაზნი... მათი გარდაცვალება, რა თქმა უნდა, დაგვაკლდება ჩვენ, ვინც ვერ ვხედავთ და ვერ განვიცდით მადლის მოქმედებას, მაგრამ ეკლესიის სისავსე დარჩება შეუცვლელი, მარადიული. ისევ პატრიარქის ლოცვა შეგვეწიოს, რომ ეს სასოწარკვეთილება და უიმედო მდგომარეობა დაგვეძლიოს, უფლის წყალობით.

"არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ ადამიანის სიყვარული, ადამიანის იმედი და ადამიანისადმი ნდობა!" (ილია II)

პატრიარქის ტიტული "უწმინდესი და უნეტარესი"

მართლმადიდებლურ სამყაროში პატრი­არქთა ტიტულატურა ისტორიულ ტრადიციებს, ეკლესიის ავტოკეფალიის ხანდაზმულობასა და კონკრეტულ იერარქიულ პატივს ეფუძნება. აი, რის მიხედვით განს­ხვავდება ეს მიმართვები: უწმინდესი და უნეტარესი - ეს ორმაგი ტიტული, როგორც წესი, იმ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ეკუთვნით, რომელთა ავტოკეფალიაც უძველესია ან განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ატარებს ტიტულს "უწმინდესი­ და უნეტარესი".­ ეს ხაზს უსვამს ჩვენი ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და იმას, რომ პატრიარქი ერთდროულად არის "უწმინდესი" (როგორც პატრიარქი) და "უნეტარესი" (როგორც კათოლიკოსი). "უწმინდესი" უფრო მეტად პატრიარქის ღირსებას­ უსვამს ხაზს, ხოლო "უნეტარესი" - ისტორიულ-ადმინისტრაციულ პატივს. როდესაც ეკლესიის მეთაური ორივე ტიტულს ატარებს, ეს მისი ეკლესიის განსაკუთრებულ სტატუსსა და უძველეს წარმომავლობაზე მიანიშნებს.

ახლა რაც შეეხება ტერმინს "კათოლიკოსი" - მას ძალიან საინტერესო ეტიმოლოგიური და ისტორიული საფუძველი­ აქვს. ის ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად რამდენიმე მნიშვნელობით ითარგმნება. καθολικός ნიშნავს:­ საყოველთაოს, მთლიანს, საერთოს. პირი, რომელიც­ ამ ტიტულს ატარებს, მთელი ეკლესიის, მთელი სამწყსოს საერთო და უმაღლესი მმართველია... დღეს მართლმადიდებლურ სამყაროში კათოლიკოსობა მიუთითებს ეკლესიის დამოუკიდებლობაზე (ავტოკეფალიაზე).

საქართველოში ეს ტიტული V საუკუნეში,­ ვახტანგ გორგასლის დროს შემოვიდა­ (პირველი კათოლიკოსი იყო პეტრე). 1010 წლიდან კი, როდესაც საქართველოს ეკლესიის მეთაურმა პატრიარქის ღირსებაც მიიღო, დამკვიდრდა გაერთიანებული ტიტუ­ლი: "კათოლიკოს-პატრიარქი". აქედან­ გამომდინარე, კათოლიკოსი აღნიშნავს მის ადმინისტრაციულ და სულიერ ძალაუფლებას­ (საყოველთაო მწყემსმთავრო­ბას). პატრიარქი კი უმაღლეს საეკლესიო პატივს მართლმადიდებლურ სამყაროში... რაც შეეხება ტიტულს - "უწმინდესი და უნეტარესი", ეს ორმაგი ტიტული საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შედარებით გვიანდელი მოვლენაა, მისი დამკვიდრება რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს უკავშირდება და საბოლოოდ XX საუკუნეში, ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917 წლიდან) დამკვიდრდა. 1917 წელს, როდესაც­ ავტოკეფალია აღდგა, პირველ კათოლიკოს-პატრიარქს, კირიონ II-ს, მიენიჭა ტიტული "უწმინდესი და უნეტარესი".

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II არის ის იერარქი, რომლის დროსაც ეს ტიტულატურა ყველაზე მეტად განმტკიცდა და საერთაშორისო დონეზეც იქნა აღიარებული. საქართველოს ეკლესია ამ ტიტულს ოფიციალურად მხოლოდ 1990 წელს დაუბრუნდა, როდესაც გადმოგვეცა ავტოკეფალიის ცნობის ტომოსი. მანამდე კონსტანტინოპოლი ჩვენს პატრიარქს ხშირად მხოლოდ "უნეტარესად" მოიხსენიებდა.

1917 წლიდან 1990 წლამდე

საქართველოს ეკლესიის გზა 1917 წლის ავტოკეფალიის აღდგენიდან 1990 წლის მსოფლიო აღიარებამდე იყო ნამდვილი "გოლგოთის გზა", რომელიც სავსეა ტრაგიზმით, პოლიტიკური ინტრიგებითა და დიდი სულიერი გამძლეობით.

მოდი, ეს პერიოდი ოთხ მთავარ ეტაპად­ დავყოთ:

1. 1917-1921: თავისუფლების ხანმოკლე წლები

1917 წლის 12 (25) მარტს, მცხეთაში, ქართველმა სამღვდელოებამ რუსეთის ეგზარქოსობა დაამთავრა; პირველ პატრიარქად აირჩიეს კირიონ II (რომელიც მალევე გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს მარტყოფის მონასტერში); დამოუკიდებელი საქართველოს (1918-1921) წლებში ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთის გვერდით იყვნენ. ეკლესიამ დაიწყო რეფორმები, სკოლებში რელიგიის სწავლება და ქონების დაბრუნება. თუმცა, მსოფლიო მართლმადიდებლობამ მაშინვე არ ცნო ეს ნაბიჯი, რადგან რუსეთის ეკლესია აგრესიულად ეწინააღმდეგებოდა ამ პროცესებს.

2. 1921-1943: "წითელი ტერორი"

და იზოლაცია

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეკლესია ფიზიკური განადგურების წინაშე დადგა. უნდა გავიხსენოთ უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ამბროსი ხელაია: 1922 წელს პატრიარქმა ამბროსიმ გენუის საერთაშორისო კონფერენციას მიმართა და საბჭოთა ოკუპაცია ამხილა, ამისთვის დააპატიმრეს. მისი ცნობილი სიტყვებია:­ "ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული - სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია".

ამ პერიოდში ინტენსიურად მიდიოდა ეკლესიების ნგრევა: ათასობით ტაძარი დაიხურა, გადაკეთდა საწყობებად ან კინოთეატრებად. სამღვდელოება მასობრივად­ დახვრიტეს ან გადაასახლეს. ეკლესია სრულ იზოლაციაში მოექცა - არ ჰქონდა კავშირი გარე სამყაროსთან.

3. 1943-1977: სტალინური "დათბობის" და სტაგნაციის წლები

მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინმა­ სტრატეგია შეცვალა და ეკლესია პატრიოტული მიზნებისთვის გამოიყენა. 1943 წელს მოსკოვის პატრიარქმა ოფიციალურად აღი­არა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ეს იყო იურიდიული წინსვლა, თუმცა­ რეალურად ეკლესია სუკ-ის (KGB) მკაცრი კონტროლის ქვეშ დარჩა. 60-70-იან წლებში ეკლესიაში მძიმე მდგომარეობა,­ სულიერი­ კრიზისი იყო. მღვდლების რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა, ტაძრები­ ცარი­ელი იყო, ხელისუფლება­ კი ყველაფერს აკეთებდა ეკლესიის ავტორიტეტის დასაცემად.

4. 1977-1990: ილია II-ის "ოქროს ხანა"

1977 წელს პატრიარქად ირჩევენ ახალგაზრდა მეუფე ილიას (შიოლაშვილს). აქედან იწყება გარდამტეხი ეტაპი: დაიწყო­ ახალგაზრდების მოდინება ეკლესიაში, გაიხსნა სემინარიები, აღადგინეს ტაძრები, აიგო ასობით ახალი ტაძარი.

ილია II-მ დაიწყო ხანგრძლივი დიპლომატიური მუშაობა კონსტანტინოპოლთან. მან დაამტკიცა, რომ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა 1917 წელს კი არ დაიწყო, არამედ V საუკუნის უფლება იყო.

1977 წელს, აღსაყდრებისთანავე, ილია II-მ მიზნად დაისახა ამ საკითხის ბოლომდე მიყვანა. მან დაიწყო ინტენსიური მიმოწერა და შეხვედრები მსოფლიო პატრიარქთან.­ საბოლოოდ, 1990 წელს მსოფლიო საპატ­რიარქომ აღიარა არა მხოლოდ 1917 წლის აქტი, არამედ დაადასტურა, რომ საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია ჯერ კიდევ V საუკუნეში ჰქონდა მინიჭებული ანტიოქიის ეკლესიისგან. 1990 წლის 4 მარტს მსოფლიო პატრიარქმა ხელი მოაწერა ტომოსს.

რა წერია ტომოსში?

კონსტანტინოპოლის დოკუმენტში ხაზგასმულია:

საქართველოს ეკლესია არის ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის;

მცხეთის საყდარი არის საპატრიარქო პატივის მქონე;

მწყემსმთავარი ატარებს "უწმინდესისა და უნეტარესის" ტიტულს.

ამ აღიარებით დასრულდა თითქმის 200-წლიანი პერიოდი (1811 წლიდან), როდესაც ჩვენი ეკლესია საერთაშორისო დონეზე იურიდიულად "გაუქმებულად" ან "თვითგამოცხადებულად" (1917 წლიდან) ითვლებოდა. რომ არა 1917 წლის ვაჟკაცური ნაბიჯი, საქართველოს ეკლესია დღეს შესაძლოა ისევ რუსეთის ეკლესიის ნაწილი ყოფილიყო.­ ხოლო რომ არა 1990 წლის ტომოსი, ჩვენი ეკლესია მსოფლიო მართლმადიდებლურ ოჯახში "სრულუფლებიან წევრად" არ ჩაითვლებოდა.

ეს 73 წელი იყო ბრძოლა იმისთვის, რომ მსოფლიოს ეღიარებინა: საქართველოს ეკლესია არა რომელიმე ეკლესიის "ფილიალი", არამედ ერთ-ერთი უძველესი და დამოუკიდებელი საყდარია.

1917 წლის გმირული თავგანწირვის ეპოქის პატრიარქის, კირიონ II-ის საფლავიც სიონის საკათედრო ტაძარშია, 22 მარტს ამავე ტაძრის საკურთხევლის წინ დაიკრძალა ჩვენი ეპოქის უდიდესი ადამიანი­ ილია II. მათ ერთად დაივანეს იმ ტაძრის კედლებში, რომელშიც საქართველოს­ ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის და შემდ­გომში მსოფლიო აღიარების ყველაზე­ ემოციური და გმირული ამბები ვითარდებოდა.

25 მარტს ჩვენი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს იდღესასწაულებს - ასე შეიკრა ეს ღვთიური წრე - ასე დასრულდა ეს დიდი ისტორია სამშობლოსთვის დამაშვრალი პატრიარქებისა. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ მემკვიდრეობას ღირსეულად გავაგრძელებთ სასულიერო და საერო პირნიც. მათ კი, ვინც ილია მეორეს ტალახს ესროდა, ვეტყვით: წაიკითხეთ და გაიაზრეთ, როგორ აკეთებენ დიდ საქმეებს დიდი ადამიანები.

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის.

თამარ მამაცაშვილი