ახლა გამოჩნდება, ვის გვიყვარს პატრიარქი... - კვირის პალიტრა

ახლა გამოჩნდება, ვის გვიყვარს პატრიარქი...

"ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას! ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი­ ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს" - პატრიარქი ილია მეორე.

მან მთელი თავისი შეგნებით იტვირთა­ ეს ჯვარი და საკუთარ მხრებზე აიღო არამარტო სამშობლოსა და დედაეკლესიის,­ არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყა­როს წინამძღვრის მისია. მიუხედავად იმისა,­ იცოდა რა ეკლიანი გვირგვინი ელოდა ამ გზაზე - ლოცვა და ცრემლი, შრომა­ და ღვაწლი, დარდი და გულისტკივილი. ბოლოს მოხუცებული მავანთა დაცინვასა და შეურაცხყოფასაც მოთმინებით და სიყვარულით პასუხობდა, ყველა მისი იყო - გზაზე დამდგარიც და გზასაცდენილიც. საქართველოსთან ერთად, დედამიწაც დაიტია­ გულში­ და ამას მოწმობს სხვადასხვა­ ქვეყნებისა და კონფენსიების წარმომა­დგენელთა უწყვეტი ნაკადი, რომელიც მუდმივად სტუმრობდა მის რეზიდენციას. პატრიარქმა თავისი ცხოვრებით გამოსახა ჯვარი ღვთისა და ადამიანის სიყვარულს და გზად დაგვიდო დიდებული სიტყვები: "ღმერთი, სამშობლო,­ ადამიანი!"

patriarqi-1691326152-1774208404.jpg

მაშინ, როდესაც უწმინდესმა სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა, დღევანდლისაგან განსხვავებით, ქართული ეკლესია უმძიმესი გამოწვევების წინაშე იდგა - წართმეული ავტოკეფალია, დანგრეული ან გადაკეთებული ეკლესია-მონასტრები, მივიწყებული გალობა და ხატწერა, მღვდე­ლმსახურებისა და სტიქაროსნების სიმცირე. და მთავარი, საბჭოთა რეჟიმის მიერ საზოგადოებასა და ეკლესიას შორის ჩატეხილი ხიდი. ახალი ხიდის მშენებლობას 1977 წელს მის ინტრონიზაციაზე სვეტიცხოვლის­ ტაძარში ჩაეყარა საფუძველი. პატრიარქმა აღსაყდრების მეორე დღიდან შემოიკრიბა ახალგაზრდები და საქმეს შეუდგა. მაშინ როცა ქვეყანაში ათეიზმი მძლავრობდა, ცხადია, აცნობიერებდა, რომ ბარიერების დაძლევა ქართული ეკლესიისათვის იოლი არ იქნებოდა. ეს რომ მისი მოვალეობა იყო, კარგად ესმოდა. ეს ინტრონიზაციაზე მის წარმოთქმულ სიტყვაშიც ჩანდა: ""მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა"".

უწმინდესის პიროვნებაში ყოველთვის განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მისი სულიერება, ღვთისადმი სასოება, ეკლესიურობა, სიკეთე, ქართველი ერის უდიდესი სიყვარული და ერთგულება, კაცთმოყვარეობა, სულგრძელობა, მიმტევებლობა. იშვიათია, რომ ეკლესიის მწყემსმთავარს სიცოცხლეშივე მოეპოვებინოს მთელი ერის საყოველთაო აღიარება, პატივისცემა­. მისი უმნიშვნელოვანესი ღვაწლი და დამსახურება ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე სამართლიანად არის აღიარებული მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. ეს არის ერთგვარი მოწამებრივი ღვაწლი, რომელიც რაც დრო გავა, კიდევ მეტი სულიერი სიმაღლით წარმოჩნდება და არასოდეს გაფერმკრთალდება.

patriarqi3-1691326152-1774208403.jpg

უწმინდესი ეპოქალური ადამიანი იყო, უბრალო და თან ძალიან დიდი... მისი ცრე­მლები ყველას გვახსოვს, როდესაც მშობლებს იხსენებდა, როდესაც გალობას ისმენდა. ბავშვობიდან გამოჰყვა უდიდესი სიყვარული მცენარეების მიმართ...

"ხეები მგრძნობიარენი არიან, თვალისა­თვის ძნელად შესამჩნევია, მაგრამ სიყვარულს ამჟღავნებენ მათი მზრუნველის, მომვლელ-პატრონის მიმართ. საოცარ ძალას იჩენენ დიდი გრძნობითა და სიყ­ვარ­ულით დარგული ნერგები. თუ მათ გულისყურს მივუგდებთ, იქნებ ისიც გაგვახსენდეს, რომ ოდესღაც, სულ თავიდან,­ როცა ედემის ბაღში ვცხოვრობდით, ყველას გვესმოდა ეს ენა. მერე კი, როცა ჩვენი ნებით ედემი დავკარგეთ, ეს ცოდნაც დაგვეკარგა. ახლა არც ისე კარგად ვართ. ჩვენს ეზოებში, ან თუნდაც კორპუსის ციცქნა აივნებზე, სადაც მიწას გამოქცეულები ვცხოვრობთ, ნელ-ნელა მძიმე ფიქრებით ვითრგუნებით. აღარც ხეებს ვრგავთ, აღარც ყვავილებს, რომელზეც დილის ნამი ისე ბრწყინავს, რომ მასთან ნამდვილი მარგალიტი არაფრად გეჩვენება, სადაც ჩიტები გალობით გახსენებენ, რომ გახუნებული ყოფის გარდა არსებობს ფერადი, სიცოცხლით სავსე ბუნება, რომლის შვილიც ხარ. ამიტომაც ბუნებას უნდა მიაშურო მაშინაც, როცა ძალიან შეწუხებული ხარ, რადგან ის განუგეშებს, ანდა როცა ძალიან გიხარია, რადგანაც ის გაიზიარებს შენს დიდ სიხარულს" (ილია მეორე).

პატრიარქს უყვარდა თავის ორანჟერეაში­ განმარტოება, ყველაზე უკეთ იქ ისვენებდა. უამრავი ყვავილის გარემოცვაში თითქოს ყველაზე ახლოს იყო ღმერთთან. ვისაც მისი ბაღი უნახავს, არასოდეს დაავიწყდება ეს სილამაზე და სიმშვიდე. ვისაც უნახავს სამების საკათედრო ტაძრის ბაღში მოლზე ჩაჩოქილი და აყვავებულ ვარდებთან მოჩურჩულე პატრიარქი, ამბობს, რომ ეს დაუვიწყარი სანახაობა იყო. ალბათ, მოზღვ­ავებული გრძნობებისგან "ფრენდა" ის ადამიანი, რომელზეც პატრიარქის ორანჟერეის დიასახლისმა დედა ბარბარემ გვიამბო: ""საპატრიარქოს ახალი თანამშრომელი შემთხვევით მოხვდა ორანჟერეაში სწორედ მაშინ, როცა იადონები და თუთიყუშები გვყავდა გალიიდან გამოშვებული. ამდენი აყვავებული მცენარე და მოჟღურტულე ჩიტი რომ დაინახა, კაცი ჯერ გაშეშდა, მერე ხელები აღაპყრო და აღტაცებული ჩურჩულებდა, გმადლობ, უფალო, სამოთხეში ვარ, სამოთხეშიო!""

"დიდია ჩვენი ტკივილი: ქვეყანა იცლება­ სისხლით. დარწმუნებული ვარ, რომ უფალმა ეს მძიმე განსაცდელი მოგვივლინა ერის სულიერი გამოფხიზლების, განწმენდის და სარწმუნოების აღორძინებისათვის... მე მჯერა, რომ მალე დადგება ის დრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში... როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოს და გაერთიანებულ ერს. ღმერთმა ინებოს, რომ ერთსულოვნება მოგვცეს უფალმა, წმინდა სამებამ. მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა"“(ილია მეორე).

აგვისტოს ომის დროს, როდესაც ხმა გავრცელდა, რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენო, პატრიარქის გადაყვანა გადაწყდა. თუმცა უწმინდესი ცივ უარზე იყო, ამბობდა, ჩემს ხალხს მარტო ვერ დავტოვებ, საპატრიარქოდან ფეხს არ მოვიცვლიო. ბოლოს შესთავაზეს, რომ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე დღით სვეტიცხოველში ან შავნაბადას მონასტერში ასულიყო. უწმინდესმა ამაზეც უარი განაცხადა და 14 აგვისტოს გადაწყვიტა კონფლიქტის ზონაში ჩასულიყო. იქ ჯერ კიდევ უამრავი ქართველი იყო, რომელთაც ნუგეში სჭირდებოდათ. პატრიარქი დილიდან ემზადებოდა გორში შესასვლელად.­ მოატანინა პროდუქტები, პური და წყალი...­ პარალელურად ჩვენი საპატრიარქო რუსე­თში კირილეს უკავშირდებოდა (მაშინ საპატრიარქოში რუსეთის საგარეო საქმეებს­ ხელმძღვანელობდა). მას მიაწვდინეს ხმა, რომ ილია მეორე II გორში­ მიდიოდა. რუსეთიდან ასეთი¬პასუხი მოვიდა:­ "დაელოდეთ ჩვენს ზარს, მანამდე ნუ წახვალთ!"

როცა სატვირთო მანქანაზე მოსახლეო­ბის­თვის გორში წასაღები ტვირთი და­­აწყვეს, პატრიარქმა ბრძანა, არავის ველოდები, მივდივარო. მაშინ სახელმწიფომ დაჯავშნული მანქანა გამოუგზავნა. უწმინდესმა უარი განაცხადა,­ ჩემი მანქანით წავალო. ესკ­ორტი გორს რომ უახლოვდებოდა, რუსეთიდან ზარი შემოვიდა, უკვე იცოდნენ, რომ პატრიარქი არ დაელოდა ზარს და წავიდა. გორის შესასვლელში რუსებმა სახელდახელოდ მოაწყვეს ბლოკპოსტი, სადაც 58-ე არმიის ხელმძღვანელი ბორისოვი უნდა დახვედროდა პატრიარქს. მასთან შეხვედრისას კი უწმინდესმა განა­ცხა­და: ""საქართველო თავისი საზღვრების სამართლიანობას იცავს. ეს სურვილი სამარ­თლიანია და ამას საერთაშორისო ნორმებიც ითვალისწინებს... ყველამ იცის, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომია საქარ­თვე­ლოს ძალადობრივი გასაბჭოების შედე­გია, რომელიც ჩვენს ისტორიულ ტერიტორიაზე მხოლოდ 80-90 წლის წინ შეიქმნა და იგი არ უნდა იქნეს გამოყენებული სეპარატიზმის საფუძვლად"" - ეს იყო უწმინდესის მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისადმი, უპირველესად კი რუსეთისადმი. პატრიარქმა ჰკითხა ბორისოვს, თქვენი ხალხი რატომ დაგვყვებაო? ვინმემ რამე რომ არ მოგვიწყოს, თქვენ გიცავენო...

მაშინ გორში მეც ვახლდი პატრიარქს.­ როგორც კი კამერით ვიწყებდით გადაღებას­, მაშIინვე გვეწეოდნენ გამყოლი რუსები და გვიკრძალავდნენ, ეს არ გადაიღოთ, ის არ გადაიღოთ, სადაც ჩავალთ, მხოლოდ ის ადგილი გადაიღეთო. მაშინ უწმინდესმა დაგვიცვა... მივდიოდით და გზაზე დამწვარ ტანკებსა და გავერანებულ არემარეს ვიღებ­დით. ბორისოვმა პატრიარქს უთხრა, ცხინვალში დახოცილი ქართველების, ოსებისა და რუსების ცხედრები ერთად შევაგროვეთ, გავყვიროდი, საკუთარი მიცვალებულები წაასვენეთ-მეთქი, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავდა. მაღალი სიცხის გამო, ეპიდემია­ რომ არ გავრცელებულიყო, ყველა ერთ ორმოში ჩავყარეთ და დავწვითო...­ ამის გაგონებაზე პატრიარქი ატირდა, მერე ბორისოვს 10.000 დოლარი გადასცა, ეს თანხა დახოცილი ქართველების, ოსებისა და რუსების დასაკრძალავად, მათ გასაპატიოსნებლად გამოიყენეთო.

კონფლიქტის ზონაში ხალხი პატრიარქს­ საოცარი ემოციით ხვდებოდა. როცა დაბრუნების დრო მოვიდა, ერთი კაცი მოვიდა, შინდისთან ქართველი ჯარისკაცების­ ცხედრები ყრია და იქნებ პატრიარქს უთხრათო. უწმინდესმა როგორც კი გაიგო, მაშინვე თქვა, წავიდეთ, ვნახოთ ბიჭებიო. ბორისოვი გაგიჟდა, უფლება არა მაქვს, თქვენ იქ მარტო გაგიშვათო. უწმინდესმა უთხრა, მე ადგილზე უნდა მივიდე და ვნახოო. ბორისოვმა მოსკოვში დარეკა. მას სახე შეეცვალა და გახედა უწმინდესს, რომელიც სახეგაყინული, მკაცრი სახით იდგა და ისევ უთხრა, მიმიყვანეთო. ბოლოს­ და ბოლოს, ნებართვა აიღეს, რომ მივსულიყავით იქ. რომ მივედით, სანამ პატრიარქი გადმოვიდოდა მანქანიდან, შორიდან უკვე ჩანდა, რაც ხდებოდა - დაფლეთილი ცხედრები იყო მიმოფანტული. აგვისტო იდგა და იმდენად გახრწნილი იყო გვამები, სუნი მანქანებამდე მოდიოდა. უწმინდესს სთხოვეს, ნუ გადმოხვალთო. რას ჰქვია, არ გადმოვიდეო, პატრიარქმა. ახლოს რომ მივიდა, ტირილი დაიწყო. დიდხანს იდგა იქ... პატრიარქმა ბორისოვს უთხრა, ცხედრები ახლავე უნდა გადავასვენოთო. გადაირია ბორისოვი, ჯერ ნებართვა ავიღოთ, ან თუ გინდათ, აქ დავმარხოთო. ისევ დარეკა ბორისოვმა მოსკოვში და უთხრეს, არაო. უწმინდესი შეუვალი გახდა, აქედან ფეხს არ მოვიცვლიო. რამდენიმე საათის შემდეგ მოიტანეს დიდი რკინის ლაფეტი და გადაწყდა მათი დასვენება. სასულიერო პირებმა პირბადეები გაიკეთეს და მოემზადნენ ცხედრების ლაფეტზე დასასვენებლად. მაშინ უწმინდესმა სთხოვა, რკინაზე პირდაპირ არ დაასვენოთ, დააფინეთ რაღაცებიო. რა უნდა დაგვეფინა? არაფერი არ გვქონდა. ამ დროს პატრიარქმა ანაფორის გახდა დაიწყო­, აი, ეს დაუფინეთ, და თქვენც, მამებმა, ყველამ დაუფინეთ თქვენი ანაფორებიო. ეს რომ ბორისოვმა დაინახა, გაშეშდა და უცებ ერთ სამხედროს დაუძახა, სასწრაფოდ­ თეთრი ზეწრები მოიტანეთო. მალევე მოიტანეს, დაასვენეს ჩვენი 16 გმირი ბიჭი და ზევიდან ჩვენმა ბერებმა გადააფარეს თავიანთი ანაფორები.

პატრიარქი თავისი მოღვაწეობის მთელ პერიოდში აფიქსირებდა ძალიან პატრიოტ­ულ­ და მართალ პოზიციას. ეს არის პირ­ველი, რაც უნდა ითქვას მის როლზე 2008 წლის აგვისტოს ომში. ის ყოველდღე გამოდიოდა საპატრიარქოს ტელევიზიით, მიმართავდა და ამხნევებდა საზოგადოებას.

"ერთი ბრძენი ამბობდა:“თუ ადამიანი­ დაკარგავს სიმდიდრეს ან ფულს, მას არაფერი დაუკარგავს. სიმდიდრე და ქონება როგორც მოდის, ისევე მიდის. თუ ადამიანი დაკარგავს ჯანმრთელობას, შესაძლოა კიდევ იცოცხლოს, მაგრამ თუკი ის ღვთის მადლს დაკარგავს, მას ყველაფერი­ დაკარგული აქვს. ვინ წარმოიდგენდა, რომ ქრისტეს შობამდე 6 საუკუნით ადრე საქართველოში ჩამოაბრძანებდნენ ხალენს წმინდა ელია წინასწარმეტყველისა! ეს იყო წინამორბედი ჩვენი ერის მიერ ჭეშმარიტი სარწმუნოების მიღებისა. ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო გახდებოდა წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა! მტერი უძლურია საქართველოს წინაშე, რადგან ჩვენთან არს ღმერთი!" (ილია მეორე).

512688246-24311317665119739-9078823849213387571-n-1774208403.jpg

უწმინდესის ინიციატივით, და­არსდა საპატრიარქოს ჩოხოსანთა სა­ზოგადოება, რომელსაც ბოლომდე თავად­ ხელმძღ­ვანელობდა. საზოგადოების წევრთა­ რაოდენობამ 4 ათასს გადააჭარბა,­ საქართველოს 50-მდე რეგიონში ფუნქიო­ნერებს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზო­გადოების სადროშოები, რომლებსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დღითი დღე ემატებიან უფროსი თაობისა და ნორჩი ჩოხოსნები...

მისმა უწმინდესობამ ყველა ის ნეგატივი­ იცოდა, რაც მის გარშემო ხდებოდა... თუმცა პატრიარქი ამ ცილისწამებებით უფრო დიდ სიმაღლეებზე ადიოდა და ჩვენც მოთმინების, თავმდაბლობისა და სიყვარულის საოცარ მაგალითს გვაძლევდა, ჩვენც მხოლოდ სიკეთისა და სიყვარულისკენ მოგვიწოდებდა - სხვისთვის გაკეთებული სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათო.

და ახლა დადგა დრო, როდესაც უზარმაზარი მადლისა და სიყვარულის წილ, ჩვენს პატრიარქს უკან დავუბრუნოთ ჩვენი წილი სიყვარული და ერთგულება. ახლა გამოჩნდება, ვის გვიყვარს პატრიარქი...

მე, როგორც ერთი რიგითი ქრისტია­ნი, მადლობას ვუხდი უწმინდესს მასთან გატარებული ყველა წუთისთვის! პატრიარქი ხშირად იმეორებდა:“"საქართველო, მიყვარხარ! საქართველო, მიყვარხარ! საქართველო, მიყვარხარ!"... ახლა ჩვენ გეუბნებით: "გვიყვარხარ, უწმინდესო! გვიყვარხარ, უწმინდესო!“გვიყვარხარ, უწმინდესო!"...“

რუსუდან შაიშმელაშვილი