ილია II: „არაფერზე არ იდარდოთ, არ მოიწყინოთ, თქვენს გვერდით უფალია... ყველაფერი კარგად იქნება!“
"ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ", - უმძიმესი იყო საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს ამ განცხადების მოსმენა, გააზრება... მერე მომავალთან თვალის გასწორება, იმ მომავალთან, სადაც ჩვენი ტკბილი პატრიარქი აღარ გვეყოლებოდა... დაობლების განცდა მხოლოდ იმის გააზრებამ შეიძლება შეგვიმსუბუქოს, რომ სინამდვილეში, არასდროს იქნება საქართველო ილია მეორის გარეშე, უფლის წინაშე მისი ლოცვის ძალას ჩვენ ყველა ერთად ვიხილავთ! ამჯერად კი ნუგეშისცემის, სიყვარულის საოცარ მაგალითებზე გიამბობთ.
"პატრიარქო, მე ვნახე, რომ თქვენთან ერთად მივდიოდი ისრაელში, გოლგოთაზე"
უჩა ნებიერიძე, ექიმი: - ბევრ ისტორიას მოვისმენთ და ბევრ საოცრებას წავიკითხავთ... მინდა მოვყვე ერთი ამბავი, არა როგორც ლეგენდა ან გადმოცემა, არამედ როგორც რეალობა, რომლის თვითმხილველიც თავად გავხდი.
2006 წელი იყო, ღუდუშაურის კლინიკაში რეზიდენტურა ახალდაწყებული მქონდა... ნათლისღების დღე იდგა, ჩემი მეგობრები და კურსელები სიხარულით ნათლავდნენ ჩვენი საერთო მეგობრის შვილს. ნათელი დღე იყო, თუმცა უკან დაბრუნებისას ბედისწერამ თავისი უხეში ხელი ჩარია და ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანაში ხუთნი იყვნენ. სამმა შედარებით მსუბუქი დაზიანება მიიღო, ერთმა - საშუალოდ, ხოლო საჭესთან მჯდომი, ჩვენთვის ყველასთვის გამორჩეული და საყვარელი ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, 23 წლის ბიჭი, რომელსაც ერთნაირად უყვარდა მუსიკა და სულიერება. ის ერთ-ერთი მუსიკალური ჯგუფის მომღერალი და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელი იყო. ერთი თბილისური ოჯახის შვილი, არაჩვეულებრივი გულის პატრონი - ისეთი, რომლის გარშემოც ადამიანები ბუნებრივად იყრიან თავს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, ჩატარდა ურთულესი ოპერაცია, მაგრამ გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა. გადაწყდა, დამატებითი ჩარევა იყო საჭირო... მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, სრული ანესთეზიის მიცემა არ შეიძლებოდა და ტკივილი აუტანელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა. თითქოს სხეული ამ სამყაროს აღარ ეკუთვნოდა...
ავარიის ამბავი ილია II-ს გააგებინეს, ახალგაზრდა მგალობელი მძიმედ დაშავდაო. უწმინდესს სურათი უთხოვია, მაჩვენეთ, რომელიაო. რომ უნახავს, უთქვამს, საავადმყოფოში წამიყვანეთო. კლინიკაში ხმა გავრცელდა, პატრიარქი მოდისო... სწორედ მაშინ, როცა რეანიმაციაში პროცედურა მიმდინარეობდა, კარი გაიღო და შემოვიდა მგალობლებთან ერთად. იმ წამს სიტყვები აღარ არსებობდა, დრო თითქოს გაჩერდა. მე დავიხარე ჩემი უგონო მეგობრისკენ და ჩავძახე: ნახე, პატრიარქი მოვიდა შენს სანახავად-მეთქი... მაშინ მოხდა ის, რასაც სრულად ვერანაირი სამედიცინო ლოგიკა ვერ ხსნის, მან თვალები გაახილა, მომაჩერდა გაოგნებული, მაგრამ სრულიად ცნობიერი მზერით. ამ დროს უწმინდესი მიუახლოვდა და ნაზად, მშვიდი ხმით ჰკითხა: "აბა, როგორ ხარ?" ბიჭმა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ კომაზოტურ მდგომარეობაში იყო, უპასუხა: "გმადლობთ, თქვენო უწმინდესობავ, როგორ შეწუხდით... ვიცოდი, რომ არ მოვკვდებოდი, მე ვნახე, რომ თქვენთან ერთად მივდიოდი ისრაელში, გოლგოთაზე"... ეს აღარ იყო მხოლოდ სიტყვები, ეს იყო უფრო ღრმა - რწმენისა და სიცოცხლის შეხების წერტილი. უწმინდესმა გაუღიმა, პარაკლისი გადაუხადა, თავთან ხატი დაუბრძანა... ჩემი მეგობარი მესამე დღეს პალატაში გადმოვიყვანეთ, მეხუთე დღეს სახლში გაეწერა. ეს ამბავი საკუთარი თვალით რომ არ მენახა, ალბათ მეც ერთ-ერთ გადაჭარბებულ ისტორიად ჩავთვლიდი. დიდხანს არავის ვუყვებოდი. შეიძლება იმიტომ, რომ ყველაზე დიდი სასწაულები ზოგჯერ ხმამაღალ სიტყვებს კი არა, სიჩუმეს ითხოვენ.
- საოცარი ამბავია...
- იმ დღეს უწმინდესმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინა. როდესაც გაიგეს, პატრიარქი კლინიკაში მობრძანდებოდა, ქართველებს როგორც სჩვევიათ, მინისტრი და სხვა თანამდებობის პირებიც მოვიდნენ. მაშინ კლინიკის ხელმძღვანელი მარინა ღუდუშაური გახლდათ, პატრიარქის ბიძაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ექიმის სახელით სარგებლობდა, ყველა იცნობდა, როგორც მკაცრ ხელმძღვანელს. ქალბატონი მარინაც კლინიკაში იმყოფებოდა. დათოსთან ერთად რეანიმაციაში იწვა ერთი ბიჭი, რომლის გვარიც აღარ მახსოვს. ის 5 დღით ადრე იყო შემოსული, ძალიან ბევრი მოტეხილობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და არანაირი სამედიცინო ლოგიკით ის ბიჭი ცოცხალი არ უნდა ყოფილიყო. უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა, 27 წლის იყო, კლინიკასთან მისი ახლობლების ნაკადი არ წყდებოდა. უწმინდესმა ჩემი მეგობრის პარაკლისი რომ დაასრულა, მასთან მარინა მივიდა და სთხოვა, ახალგაზრდაა, უმძიმესი, უიმედო მდგომარეობა აქვს, იქნებ დალოცოთ, ძალიან წვალობსო... უწმინდესი შეწუხდა, მივიდა მის საწოლთან და კიდევ უფრო დიდი დრო მას დაუთმო. მაშინ ღუდუშაურის რეანიმაცია ქვეყანაში ნომერი პირველი იყო, ყველაზე მძიმე პაციენტები ჩვენთან მოჰყავდათ. პატრიარქმა ჩამოუარა ყველა პაციენტს, ყველასთან პარაკლისი გადაიხადა და წავიდა. იმ ღამეს არც ერთი არ გარდაცვლილა. მეორე დღეს კი იმ ბიჭის გული აპარატის გარეშე ამუშავდა და ადამიანმა სუნთქვა დაიწყო, ეს იყო ხილული სასწაული. 20 დღის შემდეგ ეტლით წაიყვანეს გერმანიაში სარეაბილიტაციოდ, მგონი არც ერთი ძვალი მთელი აღარ ჰქონდა. მისი მდგომარეობა გონებრივადაც სრულად აღდგა, რაც მედიცინისთვის წარმოუდგენელი იყო...
რაც შეეხება ჩემს მეგობარს, ამ ბიჭს შემდეგ ჯვარი პატრიარქმა დაწერა, მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ფეხზე როგორც კი ადგა, პატრიარქთან წავიდა, მასზე გიჟდებოდა, ისე უყვარდა, მერე ისრაელშიც ერთად იყვნენ.
ექიმი ვარ, ჩვენთვის ცნობილი იყო უწმინდესის დიაგნოზები. პარკინსონის დაავადება რომ ჰქონდა, ეს ყველასთვის თვალხილული იყო, ამის გარდა, კიდევ ორ ურთულეს დაავადებას ებრძოდა. როცა ტანდემში სამი რთული დაავადებაა, ამდენი წლის განმავლობაში სიცოცხლეც სასწაულის ტოლფასია. ერთხელ მისგან მოვისმინე: სადაც ეპისკოპოსად ვეკურთხე, იქ უნდა დავიკრძალოო. სულ მქონდა განცდა, რაღაცისთვის ცოცხლობდა, რაღაცას ელოდებოდა. ვფიქრობდი, ეს საქართველოს გაერთიანება უნდა ყოფილიყო...
"პატრიარქი ჩემი ნათლიაა"
აჩიკო ბერიძე, მომღერალი: - 1989 წლის 16 მაისი იყო, როდესაც პატრიარქმა ღვთისმშობლის შობის სახელობის ბათუმის საკათედრო ტაძარი აკურთხა. მერე სახალხო ნათლობა გაიმართა. იმ დღეს 5 000 ადამიანამდე მოინათლა და ბედნიერი ვარ, რომ ერთ-ერთი მათგანი მე ვიყავი. უწმინდესი ჩემი ნათლია იყო. ბუნებრივია, ამას ბავშვობაში ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ რომ წამოვიზარდე, მისი ღვაწლის გაცნობიერებამ ჩემში სხვა შეგრძნებები დაბადა, თითქოს ძალა და პასუხისმგებლობა მომემატა, გული დიდი სიყვარულით ამევსო, დიდი მოტივაცია გამიჩნდა. სულ მქონდა სურვილი, პატრიარქისადმი მადლიერება რაიმე ფორმით მაინც გამომეხატა. 2024 წელს ბათუმის დრამატულ თეატრში პირველი სოლო კონცერტისთვის რომ ვემზადებოდი, გადავწყვიტე, მის მიერ შექმნილი საგალობელი "დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო" შემესრულებინა. საოცარი საგალობელია, ემოციურად ძალიან გამიჭირდა. დავით მაზანაშვილის ორკესტრთან და ბათუმის კაპელასთან ერთად, განსხვავებული ფორმა გამოვძებნე. პატრიარქს მხოლოდ სასულიერო ლიდერს კი არა, როგორც ხელოვანს ისეც ვუყურებდი. მის შემოქმედებაში ყოველთვის იგრძნობოდა სულიერი სიღრმე, სიჩუმე, ტკივილი, სინათლე... "დავიღალე" რიგითი მუსიკალური ნომერი არ იყო.
- ამ შესრულების შემდეგ მასთან დიალოგის შესაძლებლობა თუ მოგეცათ?
- უშუალოდ ამ საგალობელზე არ გვისაუბრია, მაგრამ ვიცი, რომ მოუსმინა და გაუხარდა. ძალიან დიდ სათქმელს უმარტივესი ენით ამბობდა. მისი საგალობლები მხოლოდ საეკლესიო სივრცეს არ ეკუთვნის, ქართული სულიერი კულტურის ნაწილია. "ალილო" პატრიარქმა დაგვარქვა, ეს დარჩება "ალილოს" ისტორიაში, როგორც საპატიო ამბავი. ჩვენ პატრიარქთან რამდენჯერმე ვიყავით შეხვედრაზე, მაგრამ ვერასდროს ვერ დავიჭირე მომენტი, მეთქვა, რომ მისი ნათლული ვიყავი, თან ძალიან მერიდებოდა, არ ვიცი, რატომ ვერ შევძელი.
- ნანობთ?
- რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, ეს მისთვის სიცოცხლეშივე მეთქვა, მაგრამ ვერ შევბედე. ახლა ერთად ძალიან ბევრნაირი ემოციაა ჩემში, საუბარიც კი მიჭირს. ისეთი დრო დაგვიდგა ქართველებს, პირველ რიგში ამ დღეების ღირსეულად გავლა უნდა შევძლოთ, ძალები მოვიკრიბოთ, ერთმანეთს მივუტევოთ, ეს ხომ პატრიარქის ყველაზე დიდი სურვილი იყო.
- თუ გავიგებთ და შევისმენთ, საგზლად ბევრი სიბრძნე დაგვიტოვა...
- ძალიან ბევრი... უნდა შევრიგდეთ, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების ყველაზე დიდი ოცნება სიყვარულით ერთად უნდა აღვასრულოთ! უწმინდესი კი ზეციური საქართველოდან თავის მფარველობით და ლოცვით ამას შეგვაძლებინებს.

"მქონდა შეგრძნება, რომ იქიდან განწმენდილები გამოვდიოდით"
იმერი კავსაძე: მომღერალი: - 2013 წელს პოლონეთიდან რომ დავბრუნდი, პატრიარქთან ჩემმა ძმამ, კახიმ მიმიყვანა და ეს დაუვიწყარი წუთები იყო, ჩვენთან ერთად იყო გივი ბერიკაშვილი. მანამდე სამებაში რომ დავდიოდი, რამდენჯერმე მქონდა ბედნიერება, როგორც მრევლის ნაწილი, ხელით მეც შევხებოდი.
- უწმინდესთან პირველი შეხვედრა როგორ დაგამახსოვრდათ?
- საოცარი თვალებით მიყურებდა, მერე კახის მიუტრიალდა და უთხრა - ბატონო კახი, ძალიანა გგავთ თქვენა. მერე საერთოდ განყენებულ თემაზე ვსაუბრობდით, უეცრად ისევ მიუბრუნდა და - თქვენი ძმა მართლა ძალიან გგავთ!
იმ დღის შემდეგ, ყოველ პარასკევს, საღამოს ლოცვებზე რეგულარულად დავდიოდით, გულიკო ჩაფიძეც სულ მოდიოდა. უწმინდესი თავისი ოთახიდან დიდ მისაღებში რომ შემობრძანდებოდა, პირველი კახი მივარდებოდა, მუხლებზე დაეცემოდა, შემოეხვეოდა... უწმინდესი ცდილობდა, წამოეყენებინა. იცით, როგორი ძალა ჰქონდა? მქონდა შეგრძნება, რომ იქიდან განწმენდილები გამოვდიოდით. გივი რომ გარდაიცვალა, ლოცვებზე კი მივდიოდით, მაგრამ ეს ჩვენი მთლიანობა თითქოს დაირღვა.
მოგეხსენებათ, ჩემს ძმას უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს. ძველით ახალი წლის ღამე იყო, მეორე დილით გერმანიაში სამკურნალოდ უნდა წასულიყო. ექოსკოპიამ საშინელება აჩვენა. ორგანიზმში სიმსივნური პრობლემა ყვავილივით იყო გაშლილი. უთხრეს, უწმინდესთან მიდიო. მართლაც მივიდა, პატრიარქმა დალოცა. კახი გერმანიაში ჩამოვიდა, მეც იქ ვიყავი. პროფესორთან რომ წავიდა, გავყევი, მაგრამ კაბინეტში არ შევსულვარ, კართან ველოდებოდი. მერე თავად კახი ჰყვებოდა, რომ მივედი, მკითხა, რა გამოკვლევები გაქვთო? ეს გადაღებული ექოსკოპია რომ ვაჩვენე, კაცმა დახედა და გაშავდა, მერე დიდხანს ჩუმად იყო, თურმე იქ ისეთი საშინელება ამოიკითხა. კახი გამოსაკვლევად გადაიყვანეს, მაგრამ პრიცედურა საჭირო დროზე ბევრად დიდხანს გაგრძელდა. იმ პროფესორმა განყოფილების გამგეს დაუძახა, შემდეგ სხვა ექიმები შევიდნენ, ერთი ამბავი ატყდა, მე გარეთ ვარ, ველოდები კახის გამოსვლას, ინტერესით ვკვდები, რა ხდება. გერმანელმა პროფესორმა უთხრა, არაფერი არ გაქვსო, ჯანმრთელი აღმოჩნდა... ეს ამბავი პოლონეთში ჩემს მეგობრებს რომ ვუამბე, არ დაიჯერეს, რაღაც გეშლებაო.
კახი ისეთი გახარებული იყო, მითხრა, საქართველოში რომ დავბრუნდები, მივალ პატრიარქთან და მუხლებზე დავარდებიო. გერმანიიდან საპატრიარქოში დარეკა, იცოდეთ, სასწაული მოხდა, უწმინდესს მოახსენეთო. ახლაც მეტირება, იმ წუთებს რომ ვიხსენებ...
კახის გარდაცვალების შემდეგ სულ 2-ჯერ მქონდა უწმინდესთან შეხვედრა. ოპერის მსახიობებთან ერთად ვიყავი. ბოლო შეხვედრაზე მოტეხილი მეჩვენა. ხელოვნების დიდი მოყვარული იყო და როცა რაღაც მოეწონებოდა, ყოველთვის ტაშს უკრავდა.
"შეხვედრის ბოლოს მკითხა, "ჯეოსტარს" რომ მოიგებ, რა უნდა გააკეთო?"
ოთო ნემსაძე, მომღერალი: - 20 წლის ვიყავი, "ჯეოსტარში" შემთხვევით რომ მოვხვდი, ჩემთვის სრულიად უცხო სამყაროში ამოვყავი თავი. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ძალიან შორს წავიდოდი, მაგრამ ნახევარფინალი ისე მოვიდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი. ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე საპასუხისმგებლო ტური იყო, დამეწყო მაღალი სიცხეები, ანგინა, ფაქტიურად განწირული ვიყავი, რომ პროექტს დავტოვებდი... მირეკავს ტელეფონი და მატყობინებენ, რომ პატრიარქს უნდა ჩემი ნახვა. გულწრფელად გამიკვირდა, ვერ ვხვდებოდი, ეს რით დავიმსახურე.
სიონში ვნახე ჩვენი პატრიარქი... შეხვედრის ბოლოს მკითხა, "ჯეოსტარს" რომ მოიგებ, რა უნდა გააკეთოო? დაბნეულმა ვუთხარი, რომ კარგად მოვიქცეოდი. მას და საკურთხეველში მყოფებსაც გაეღიმათ.ჩემს სიცოცხლეში არასდროს მსგავსი არაფერი მიგრძვნია, ვერც ის გავიგე, ჩემი სიცხე და წითელი ყელი სად გაქრა... ამის შემდეგ სულ მგონია, რომ დიდი მფარველობა მაქვს... ყველაფერს უყურებდა და ყველაფერი იცოდა.
- ამის შემდეგ აღარ შეხვედრილხარ?
- რამდენჯერმე კიდევ მქონდა ეს ბედნიერება, მაგრამ პირისპირ საუბარი მხოლოდ ერთხელ გვქონდა. დიალოგის დეტალებს ჩემთვის დავიტოვებ, საჯაროდ კი თქვენი საშუალებით კიდევ ერთხელ ვეტყვი, მადლობა, ჩემო პატრიარქო!
P.S. დაბოლოს სიტყვები, რომელიც პატრიარქმა საგზლად დაგვიტოვა:
"წესად დაიდეთ ყველამ, ისე არ დაღამდეს, რომ ერთ ადამიანს მაინც არ მიანიჭოთ სიხარული. ეს სიხარული გადაეცემა ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს. ილაპარაკეთ ადამიანებზე კარგი, მოუყევით ერთმანეთს სხვის კარგ თვისებებზე, წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერი ხართ, როცა თქვენს თავზე კარგი გესმით, მიანიჭეთ ეს სიამოვნება სხვებსაც. ცუდი ამბები ხომ ორმაგად მიაქვთ ადამიანებს ადამიანებამდე, ერთი პატარა ცუდი ამბავი, ათ კარგ ამბავს გადაჩრდილავს. ვილაპარაკოთ ერთმანეთზე კარგი. ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისთვის. ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული სხვა ადამიანებისთვის, ამ შემთხვევაშია ადამიანი ბედნიერი...
არაფერზე არ ინერვიულოთ, არ იდარდოთ, არ მოიწყინოთ, იცით, რატომ? თქვენს გვერდით უფალია. ირწმუნეთ მისი, გჯეროდეთ და მისი წყალობით ყველაფერს დაამარცხებთ, ყველაფერს გადალახავთ, ყველაფერი კარგად იქნება"...
თამუნა კვინიკაძე