„მიყვარხარ, საქართველო“ - „პატრიარქი ამ სიტყვების ტოლფასი და გამტარებელი გახდა. ალბათ, ეს არის ახლა მთავარი!“
ნანა ჯანელიძე, რეჟისორი: - პატრიარქს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა, ფარივით იყო ყოველი ადამიანისთვის. ილია II-ს ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ეს იყო მისი პიროვნული დამსახურება, რადგან ტყუილად არ მოდის ადამიანებში ასეთი საყოველთაო სიყვარული, რწმენა და ნდობა. პატრიარქი იმედი იყო, ახლა უნდა მივეჩვიოთ ამ რეალობას და ვეცადოთ მასთან სხვანაირი კავშირის დამყარებას.

- თქვეს, პატრიარქის სახით მფარველი ანგელოზი შეგვემატაო... ალბათ, დიდი ნუგეში იქნება, ამას თუ ხშირად გავუმეორებთ თავს... როგორც ვიცი, უწმინდესს მრავალგზის შეხვედრიხართ.
- 1977 წელი იყო. "ნატვრის ხის" სანახავად მოვიდა კინოსტუდიაში. რეზო ჩხეიძემ უწმინდესი თენგიზ აბულაძის ახალდასრულებული ფილმის სანახავად დაპატიჟა. ახალი აღსაყდრებული გახლდათ მაშინ. ეს მისი პირველი მოსვლა იყო კინოსტუდიაში. ხომ გახსოვთ, ფილმში არის ოხროხინე მღვდელი, ყოვლად ეშმაკი და ქურდი... ოხროხინეს ეპიზოდი რომ დადგა, რომელიც ხან ნარგიზას მისდევს და ხან "გაულაწუნეს" გაურბის, ბატონი თენგიზი, რომელიც პატრიარქის გვერდით იჯდა, ძალიან შეწუხდა, რადგან უყურებდნენ ეპიზოდს, სადაც ასეთი სახით იყო მღვდელი გამოყვანილი. უხერხულობისგან რომ აწრიალდა, ილია II-მ ხელი დაადო და უთხრა, თენგიზ, ნუ ღელავ, სამწუხაროდ, ახლაც ბევრია ასეთი მღვდელიო... "მონანიების" სანახავადაც მოვიდა კინოსტუდიაში.
- როგორ მიიღო? ეს ფილმი ძალიან გაბედული სიტყვა იყო იმხანად და ამიტომაც დღის სინათლეს არაერთი წელი ელოდა.
- ფილმი ჯერ არ იყო გამოსული. ფილმი რომ დასრულდა, რეზო ჩხეიძემ პატარა სუფრა გაშალა თავის კაბინეტში. სულ 6-7 კაცი ვისხედით: ბატონი რეზო, თენგიზ აბულაძე, პატრიარქი, ორი მონაზონი და მე. ფილმმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გვითხრა, რეპრესირებულების მოსახსენიებლად აუცილებლად გადავიხდი პანაშვიდსო, და მართლაც გადაუხდია სიონში. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თქვა: საბჭოთა კავშირში, როდესაც არ არსებობდა ეკლესია, ადამიანებისთვის ხელოვნება იქცა ეკლესიად, საყრდენად, ხელოვნებამ შეასრულა რელიგიის ნუგეშისმცემელი როლი ადამიანის სულისთვისო.
როდესაც პატრიარქს შეუტყვია, რომ თენგიზ აბულაძე ავად იყო და უკვე ბოლო დღეები ჰქონდა, სურვილი გამოუთქვამს, უნდა ვაზიაროო. მართლაც მობრძანდა ჩვენთან სახლში, შევიდა ბატონ თენგიზთან, რომელსაც, ფაქტობრივად, ბოლო წუთები ედგა და რომ გამოვიდა, გვითხრა, ძალიან კარგად ეზიარა, გაიღიმაო. მშვიდად გაუშვა და ასე გამოხატა თავისი სიყვარული.
- როგორც ვიცი, "იავნანა" პატრიარქის საყვარელი ფილმი იყო.
- ასეა. ეს ფილმი რომ ნახა, დიდი სიხარული განიცადა და პირველ რიგში ბავშვები მოიკითხა, რომლებიც ამ ფილმში თამაშობდნენ. კიდევ კარგი, იქ იყვნენ, დალოცა, მოეფერა. ძალიან შთაგონებული იყო ვახტანგ კახიძის სიმღერით, რომელსაც ფილმში თამრიკო ჭოხონელიძე ასრულებს. მერე მას სთხოვდა ხოლმე შეესრულებინა "იავნანა" და თამრიკოც სიამოვნებით უსრულებდა. შემდეგში პატრიარქმა ტრადიციად აქცია, რომ შობას გუნდი აუცილებლად გალობდა და ახლაც გალობს "შობის გალობას", რომელიც გაისმის "იავნანაში". გარდა ამისა, უწმინდესმა უამრავ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, გავიხსენოთ თუნდაც შობის ღამეს სანთლის დანთება სარკმელთან.
- დარწმუნებული ვარ, "გალობის რაინდებიც" დააინტერესებდა უწმინდესს.
- ძალიან საინტერესო იყო "გალობის რაინდებზე" მუშაობა - ამ ფილმში ეკლესია უნდა ჩართულიყო. ეს არის ფილმი ფილიმონ ქორიძესა და ექვთიმე კერესელიძეზე, რომლებმაც იმ მძიმე პერიოდში, როდესაც ქართული საგალობელი დაღუპვის პირას იყო და ბოლშევიკური არმიები ეკლესიებს ანადგურებდნენ, სასულიერო პირებს ხვრეტდნენ, 5081 საგალობელი გადაარჩინეს: ერთმა ნოტებზე ჩაწერა, ხოლო მეორემ ხმებში გაშალა. საგალობლები სამი წელი ყუთებში ზედაზნის ეზოში, მიწაში იყო ჩაფლული, რათა ვინმეს არ ეპოვა და არ გაენადგურებინა.
საბოლოოდ დიმიტრი შევარდნაძემ მიაგნო, რის შემდეგაც მუზეუმში ინახებოდა, ხოლო ბევრი წლის შემდეგ ანჩისხატის მგალობლებმა, მაშინ სტუდენტები იყვნენ, გააცოცხლეს ეს საგალობლები და ეკლესიას დაუბრუნეს. 1988 წელს, აღდგომის დღეს, კონსერვატორიის სტუდენტებმა ბეთანიის მონასტერში პირველად შეასრულეს ამ საგალობელთაგან ერთ-ერთი. ასე მიეცა დასაბამი ქართული გალობის ახალ სიცოცხლეს.
"გალობის რაინდებში" 14 ძველი საგალობელია, მაგრამ მინდოდა ახალი დაწერილიყო ფილმისთვის. ეს სურვილი გავანდე პატრიარქს. მითხრა, არაჩვეულებრივი საგალობლები აქვთ დაწერილი რახმანინოვს, ჩაიკოვსკის, ჩვენც ახალი გვჭირდებაო. მაშინ დაიწერა "კირიე ელეისონ". პატრიარქი ძალიან ღია იყო ხელოვნებისადმი, თავისუფალი, სხვანაირია ნიჭიერი ადამიანის თავისუფლება. დოგმას, როგორც ჩარჩოს, ის არ ცნობდა.
უწმინდესმა და უნეტარესმა განსაკუთრებულად შეიყვარა კახი კავსაძე ფილმის "ნეტავ იქ თეატრი არის?" გამო. ამ ფილმმა პატრიარქი და კახი სხვანაირად დააახლოვა, ისე, რომ არც ერთი დიდი ტრაპეზი, ახალი წელი, კახის გარეშე არ იყო, ყოველთვის გვერდით ჰყავდა.
- "იარე, ლიზა" აფხაზეთის თემაზეა.
- ამ ფილმზე რომ დავიწყეთ მუშაობა, მივედით პატრიარქთან. გვითხრა, აფხაზეთი ჩვენ აფხაზ-აფხაზ უნდა დავიბრუნოთო, ანუ ყოველი ადამიანის გულით. ეს ტერიტორია კი არ არის, ეს არის ცოცხალი ადამიანები, მფეთქავი გულები, ჩვენ მათი უფროსი ძმები ვართო. წარმატება გვისურვა და დაგვლოცა. დიდი ჯვარი მაჩუქა, რომელიც ახლაც მიდგას სახლში და ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მითხრა, ჩვენ მალე აუცილებლად წავალთ და ვილოცებთ აფხაზეთშიო. ეს იყო 2012 წელს...
ძალიან მინდოდა "იარე, ლიზაში" პატრიარქის საგალობელი "კირიე ელეისონ" გაჟღერებულიყო. მივედი, რომ ნებართვა ამეღო, პატარა ოთახში იჯდა ბუხართან მარტო, ძალიან სევდიანი მეჩვენა. რომ ვუთხარი ჩემი თხოვნა, რასაკვირველია, მომცა ნებართვა და მკითხა, ნუთუ კიდევ არაფერი გინდაო? ძალიან დაფიქრებული და ფრთხილი ურთიერთობები ჰქონდა —- მშვიდი იყო და დინჯი. წამში ხვდებოდა, ვისთან ჰქონდა საქმე.
- სულ მისი სიტყვები "მიყვარხარ, საქართველო" ჩამესმის ყურში...
- კარგია, თუ ყოველმა ადამიანმა ეს გაიგონა, ამ სიტყვების ტოლფასი და გამტარებელი გახდა. ალბათ, ეგ არის ახლა მთავარი.