„სიყვარულის ჩიტი“ - ვინ არის პირველი ქალი საქართველოში, რომელმაც ეკლესია მოხატა...
"თითოეული დღე მახსოვს... განსაკუთრებით ის წუთები, როდესაც 14 წლის ლადო კახიანის სახე ანგელოზად გამოვსახე. ლადო სისხლის გათეთრებით გარდაიცვალა, ძალიან განვიცადე და ფრესკაში გავაცოცხლე. შემდეგ ეს ფრესკა იმედა კახიანის ოჯახმაც ნახა... ბედნიერი ვარ, რომ ბატონი იმედა და მისი მეუღლე ფლორა ჩემს სულიერ მშობლებად მეგულებიან საქართველოში", - ამბობს დალი ანთიძე... დალი ანთიძე დღეს ტაძრებში ხშირად გალობს, ქველმოქმედია და თავად დუმილს ამჯობინებს. მის დიდ მისიაზე პროზაიკოსი, დრამატურგი და მწერალი ნინია სადღობელაშვილი გვესაუბრა:
- ეს ამბავი 1980-იან წლებში მოხდა. ჯერ ზღაპარივით, დაუჯერებელი ამბავივით გავრცელდა, მერე კი ბევრმა თავად იხილა და დაიჯერა - ნახშირგორის ეკლესია, რომელიც წლების განმავლობაში მიტოვებული და გაუდაბურებული იყო, პატარა გოგონამ სრულიად მარტომ მოხატა! ეს ჯერ კიდევ ის დროა, როცა საბჭოთა ათეისტური სისტემა თავის უკანასკნელ ნაკვალევს ტოვებს ადამიანთა ცნობიერებაში, როცა დამსმენთა და ჯაშუშთა ლეგიონი ყველა სფეროში მუშაობს, მართალია, ცოტა უხალისოდ, თუმცა მაინც პარტიისა და იდეის მსახურებით შეპყრობილი. ეკლესიის მოხატვა კი არა, მის წიაღში შესვლა და სანთლის დანთებაც აღირიცხება და საყურადღებო ამბად იგზავნება იქ, "სადაც ჯერ არს..." მაგრამ ეს ის დროცაა, როცა უკვე საპატრიარქო ტახტზეა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და მისი ძალისხმევით ამ მრავალწლიან სიბნელეში თანდათან ჩნდება რწმენის წვეთები, ისინი გზადაგზა ძალას იკრებენ და საქართველოს სულიერი აღდგომისთვისაც ამზადებენ. სწორედ ამ დროს ახალი ამბავი ეუწყება ადამიანებს - თბილისთან ახლოს, უკაცრიელ ტყეში, მიტოვებულ ტაძარში 17 წლის გოგონა ავიდა ხარაჩოზე და ტაძარი მოხატა! ეს გოგონა დალი ანთიძე იყო. ნახშირგორა უძველესი სოფელია ლისის თემში, იმ დროს კი ის ნასოფლარიღა იყო. სოფელში მას შემდეგ დასახლდნენ, რაც იქ ღვთისმშობლის ტაძარი აღადგინეს.
ბიოგრაფიულ წიგნში "სიყვარულის ჩიტი" (ავტორი მარიამ წიკლაური) დალი ანთიძე იგონებს: "ჩვენთან, ნაძალადევში, როცა ბებია უკვე ავადმყოფობდა და მე წმინდა ბარბარე გამოვსახე კედელზე, რომ ბებია დაეცვა, ერთხელ დედაჩემის, მხატვარ მერი ქსოვრელის ახლო მეგობარი, ცისანა კლარჯეიშვილი და ბასილ მკალავიშვილი გვესტუმრნენ, რომელიც პირველად იყო ჩვენთან. ბასილ მკალავიშვილი მღვდელი იყო და იმხანად თურმე ნახშირგორის ძველ ტაძარს აღადგენდა. დედამ მათ ჩემ მიერ შექმნილი კედლის ხატი აჩუქა. შეხედა თუ არა მამა ბასილმა წმინდა ბარბარეს, ხელი მომკიდა და გადაწყვეტით, შეუვალი ხმით თქვა, ეს ბავშვი მოხატავს ნახშირგორის ტაძარსო. ისეთი დარწმუნებით თქვა, რომ არავის მოსვლია აზრად, თუნდაც ეკითხა მისთვის, კი მაგრამ, როგორ, რანაირად, ამ პატარა გოგონამ ეს როგორ უნდა შეძლოსო?" - და ასე, ამ რწმენით დაიწყო ეს დიდი და მისტიკური ამბავი. ნიკოლაძის სახელობის სასწავლებლის პირველკურსელი გოგონა ტაძრის ხარაჩოზე შედგა. თუმცა მანამდე სამეგრელოს ძველი ტაძრების ფრესკები შეისწავლა და გონებაში ღრმად აღიბეჭდა, რათა მომავალი საქმისთვის დაუშრეტელ შთაგონებად ექცია. ტაძრის ახლოს, პატარა სახლაკში მღვდლის მეუღლე და შვილები ცხოვრობდნენ. ისინი გოგონაზე ზრუნავდნენ, საკვებს და სითბოს არ აკლებდნენ, ის კი ხშირად მაინც ტაძარში რჩებოდა. ღამეს ქვაზე ათევდა, უშუქოდ, გათბობის გარეშე. გარშემო ქართველები აღარ ცხოვრობდნენ, უფრო აზერბაიჯანული დასახლება იყო. "მე მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ალბათ, ეს იყო მომენტი, როცა მხოლოდ გულის ხმას მიჰყვები და არც შეგიძლია ზუსტად გაიაზრო ყველა ის საფრთხე, რაც შეიძლება მოგელოდეს. დღესაც მიკვირს, როგორ მანდეს ასეთი მნიშვნელოვანი საქმე. სამი წელი მარხვით, ლოცვით, ზიარებით, რწმენით გაძლიერებული ვხატავდი ტაძარს. ჩემთვის არ არსებობდა შიმშილის, წყურვილის, შიშის განცდა. სხვა განზომილებაში ვიყავი თითქოს. უშიშარი გავხდი. არც ვიღლებოდი, დღედაღამ ვმუშაობდი... ტაძრის მოხატვის სხვა შემთხვევა, რომ ეს საქმე ქალს გაეკეთებინოს, ხელოვნებისა და ხატწერის ისტორიაში არსად გვხვდება. მე ახლაც და მაშინაც ძალიან კარგად მქონდა გააზრებული, რამხელა საქმე მანდო ღმერთმა და სწორედ ეს პასუხისმგებლობა იყო ჩემი სასმელიც, საზრდელიც... დიდება უფალს იმ სამი წლისთვის!" - ვკითხულობთ დალი ანთიძის მოგონებაში.
მოხატული ტაძარი პირველად მეუფე თადეოზ იორამიშვილმა მოინახულა. ამბობენ, ნანახით გაოგნებული მეუფე ყველას მოუწოდებდა, წადით და იქ, იმ ბავშვის მოხატულ ტაძარში განიწმინდეთო... დადგა ტაძრის კურთხევის დღეც. თავად პატრიარქიც ბრძანდებოდა, უამრავი ადამიანი ესწრებოდა ამ დიდებულ მოვლენას, თუმცა მათ შორის არ იყო დალი ანთიძე - ამ ტაძრის კედლების გამსულიერებელი, სიცოცხლის ელფერის მიმნიჭებელი... აუხსნელი ამბავია და მისთვის დღემდე დიდ ტკივილად რჩება ეს ფაქტი. თუმცა ის უკიდეგანო სიხარული, რაც ტაძრის მოხატვამ მიანიჭა, ვერავითარმა ტკივილმა ვერ გადაფარა... უწმინდესმა კი მაინც აკურთხა დალი ანთიძის შემოქმედება და ეს კურთხევაა, რაც დღემდე აძლიერებს და შთააგონებს ახალი საქმეებისთვის.
"ურთულეს პარტიებს, დიდი გერმანული ფირმების შეკვეთებს ვასრულებ. ეკლესიაში ხშირად ვმღერი "ავე მარიას". საახალწლოდ კარნავალზე ყოველთვის ინტერესით მისმენს გერმანიის მაღალი საზოგადოება, მოსწონთ ჩემი ხმის ტემბრი", - ამბობს ქალბატონი დალი.
- როგორია დალი ანთიძის მოღვაწეობა საქართველოსა და გერმანიაში?
- ქალბატონმა დალიმ საოპერო ცხოვრება იმ ასაკში დაიწყო, როცა სხვები უკვე ამთავრებენ. ესეც მისი ცხოვრების კიდევ ერთი მოულოდნელობა და ღვთის წყალობაა! ბავშვობიდან მღეროდა, თუმცა ოპერის მომღერლობა სულ სხვა ფიზიკურ დატვირთვას, წარმოუდგენელ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს. დღეს ის არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია. ასრულებს ურთულეს პარტიებს... "ორიოდე წლის წინ ვმონაწილეობდი ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოებას გულისხმობდა. მეც ხომ ერთ-ერთი მათგანი ვარ, მეც ხომ მუდმივად მენატრება და მტკივა ჩემი სამშობლო, ყოველწუთიერი ფიქრითა და ლოცვით მასთან ვარ, კარგად მესმის ყველა ემიგრანტის, ვინც თავის შრომას და წარმატებებს, უპირველესად, საკუთარ სამშობლოს უძღვნის!.. მე მათთვის ვმღეროდი და კიდევ, ჩემი პატრიარქისთვის, ის ჩემი ყველაზე დიდი ნუგეში და ორიენტირია, არა მხოლოდ ჩემი, არამედ, ალბათ, მთელი საქართველოსი. ჩვენ ყველას, ემიგრანტებს, მისი ლოცვა გვაძლიერებს და გვიხმობს სამშობლოსკენ. როცა პატრიარქისთვის ვმღერი, თითქოს ღრუბლებში დავფრინავ...", - ამბობს დალი ანთიძე
- როგორია მისი, როგორც მგალობლის მოღვაწეობა?
- უკვე მრავალი წელია ტრადიციად აქვს - ყოველ 4 იანვარს, უწმინდესისა და უნეტარესის, კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაბადების დღეს, ჩამოდიოდა საქართველოში, რათა ჩვენი სულიერი მამისთვის ეგალობა. ამ ბოლო წლებში კი შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარშიც გალობს ხოლმე. ეს მისთვის უდიდესი წყალობაა. როცა საქართველოშია, ცდილობს ყოველ შაბათ-კვირას იგალობოს სიონის ტაძარში. ამ შესაძლებლობისთვის ძალიან მადლობელია სიონის მგალობელთა გუნდის ლოტბარის მარიამ მძელურის. "ქალბატონი მარიამი მიხმობს ხოლმე და მეც სიხარულით მივდივარ. ბედნიერებაა ამ გუნდთან ერთად გალობა", - ამბობს თავად.
- როგორია მისი ყოველდღიურობა ცხოვრება გერმანიასა და საქართველოში?
- ჰყავს მეუღლე - ჰარალდ ციმერმანი და ორი შვილი - ქეთო და ნიკო. ძალიან კარგი, ჭკვიანი და დიდსულოვანი ადამიანები არიან. გერმანიაში აქვს პატარა ბაღი, რომელსაც მეზობლებმა სამოთხის ბაღი შეარქვეს - თავის ხელით გააშენა, დარგო ხეები და ათასნაირი მცენარე. მის წალკოტში, ამ მცენარეებსა და ბუჩქებში გაბნეულ მის ნახატებსაც ნახავთ... "ზოგჯერ მე და ჩემი მეუღლე ქალაქგარეთ გავისეირნებთ ხოლმე. იქ რეკრეაციული პარკია და ცხოველები და ფრინველები ბინადრობენ. რამდენჯერმე გზად ხან შველი შემომხვდა, ხან მტრედი დამიჯდა ხელისგულზე და ყოველთვის, როცა მათ სიახლოვეს ვგრძნობ, ვიცი, რომ რაღაც შეტყობინება უნდა მივიღო საქართველოსდან. თითქოს ჩემი ქვეყანა და დედაეკლესია მათი დახმარებით მესაუბრება და რაღაცას მანიშნებს... სიმბოლოებს დიდი ძალა აქვთ. ისინი სამყაროს დიდ და გამჭვირვალე წესრიგზე შეგვახსენებენ", - ამბობს დალი ანთიძე.
- ქალბატონი დალი ქველმოქმედიცაა...
- დიახ, ის წლების განმავლობაში ჩუმად, უდრტვინველად, უხმაუროდ და ფარულად ეხმარება უამრავ ადამიანს საქართველოში, გვერდში უდგას დედაეკლესიას, გაჭირვების ტკივილს უმსუბუქებს ადამიანებს, ყველასთან მიდის, ვინც ერთხელ მაინც დაუძახებს... ნამდვილი ქველმოქმედებაც სწორედ ესაა. ბედნიერებაა, რომ გვყავს ასეთი ადამიანი - ხელოვანი, რომელიც თავისი შემოქმედებით და სულიერი ცხოვრებით სიკეთის უპირობოდ გამღებია, ის სიყვარულის მახარებელია ყველასთვის და ამიტომაც უწოდეს "სიყვარულის ჩიტი". მისი ცხოვრების ეს საოცარი ამბები ახლა უკვე ერთ წიგნშია თავმოყრილი. ამ გულში ჩამწვდომი მონათხრობიდან ძლიერი და იმავდროულად, ფაქიზი, ღრმა და გამჭვირვალე სულიერი სამყაროს მატარებელი ქალის ხმა ისმის.