"უწმინდესი ახლაც ახდენს სასწაულებს - გარდაცვალებით მთელი საქართველო გააერთიანა“ - კვირის პალიტრა

"უწმინდესი ახლაც ახდენს სასწაულებს - გარდაცვალებით მთელი საქართველო გააერთიანა“

2009 წელი იყო, როდესაც მსახიობი­ კახა მიქიაშვილი თავისი მოძღვრის (ელიზბარ ოდიშვილი) მეშვეობით საპატრიარქოში მოხვდა, მუშაობა დაიწყო და უწმინდესთან ურთიერთობის ბედნიერება­ ბევრი წლის მანძილზე ჰქონდა. მასთან გატარებული ყოველი დღე, ყოველი წუთი იყო სავსე დიდი სიბრძნით, სიკეთით, მზრუნველობით, სიყვარულით...

- თუ დავუკვირდებით, უწმინდესი ახლაც ახდენს სასწაულებს - გარდაცვალებით მთელი საქართველო გააერთიანა. ნახეთ, რამდენი ადამიანი მოდის ყოველ­ დღე, გულისტკივილითა­ და მადლიერებით­ სავსე ხალხის ზღვა მოედინება, მათ შორის არიან სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც.­ პატრიარქი ამითაც მიგვანიშნებს, რომ უნდა გავერთიანდეთ! ამით მის მთავარ ნატვრას ავასრულებთ! ჩვენ, ვისაც­ მასთან მუდმივი ურთიერთობა­ გვქონდა, განსაკუთრებით გვიჭირს - ვეღარ შევხვდებით, ვეღარ დაველაპარაკებით,­ ვეღარ მოვუსმენთ, მაგრამ ჩვენ იმედი გვაძლიერებს, რომ უწმინდესი მის საყვარელ ღმერთთან წავიდა და იქიდან კიდევ უფრო დიდ შემწეობას გაგვიწევს. კიდევ ბევრჯერ გვაგრძნობინებს, რომ კვლავ ჩვენთანაა და მონატრებას ასე შეგვივსებს. ჩვენც უნდა გავახაროთ მისი სული და მთავარი ნატვრა შევუსრულოთ - იქ მყოფს მაინც ვაჩვენოთ, რომ გავერთიანდით. რასაც ამ დღეებში ვხედავ, სწორედ ეს ხდება. ისეთი ადამიანები მოდიან, მასზე ცუდის თქმას რომ არ იშურებდნენ, მაგრამ დღეს ვალს იხდიან...

- ასეთ ადამიანებს უწმინდესი ყოველთვის­ ეფერებოდა, სიყვარულს გამოხატავდა. თავად რა მაგალითებს შესწრებიხართ?

- იცით, რამდენ ასეთ შემთხვევას­ შევსწრებივარ? ეს ხალხი ისე მიუღია, ჩაუხუტებია, გაოგნებული დავრჩენილვართ. მე უწმინდესის აღსაყდრების იუბილე მიმყავდა. ყველა დაპატიჟებული ჰყავდა, მათ შორის ისეთებიც, მასზე ცუდს რომ ლაპარა­კობდნენ. დამსწრეთა ვინაობა­ რომ ჩამოვუთვალე, ერთ აუგად მთქმელზე­ მითხრა - მიდი, მაგას მიეცი სიტყვა...­ ის ადამიანი­ ისე გაოგნდა, გაკვირვებულმა მკითხა­ - მეეე? ნახეთ, რამხელა სიბრძნეს ავლენდა...

როცა ეუბნებოდნენ, უწმინდესო,­ ამან ხომ ეს თქვა, იმან ხომ ის თქვაო, ძალიან მშვიდად პასუხობდა, არაუშავს, მათ უფრო სჭირდებათ ლოცვა, მათ უფრო სჭირდებათ სიყვარულიო... პატრიარქი სულ ცდილობდა ქრისტესთვის მიებაძა. ქრისტე ამბობს, მე ცოდვილებისთვის მოვედიო. პატრიარქიც ხშირად იმ ადამიანს უფრო უახლოვდებოდა, უფრო ბევრს ესაუბრებოდა, რომელსაც დიდი პრობლემები ჰქონდა, თუნდაც ზნეობრივი. თავად იყო მაგალითი, როგორი უნდა ყოფილიყო ქრისტიანი. მომსწრე ვარ, როგორ ჩაისვა არაერთი მოწყალების მთხოვნელი მანქანაში, გაუმა­სპინძლდა, მასთან ერთად საჭმელი ჭამა და დასაჩუქრებული საკუთარი მანქანით გაუშვა...­ თავის დაბადების დღეზე­ სოციალურად დაუცველებს ეპატიჟებოდა, მათთან ერთად­ ტრაპეზობდა. არავინ ავიწყდებოდა, გვავალებდა,­ ამას დაურეკეთ, გაიგეთ, როგორ არისო. მერე იმ ადამიანებიდან არაერთს უთქვამს, რომ ზუსტად იმ დროს სჭირდებოდათ ნუგეში, როცა პატრიარქმა მოიკითხა...

საპატრიარქოში ახალი მისული ვიყავი,­ იმ დღეს ჩემი მორიგეობა იყო. უწმინდესი ადრე დგებოდა და დავინახე, სალოცავად მარტო­ ჩამოვიდა. გავყევი. ლოცვის შემდეგ მკითხა - თქვენ ვინ ხართ, რა პროფესიის ბრძანდებით? ვუთხარი, რომ მსახიობი ვიყავი. დეტალურად გამომკითხა, თეატრებში რა ხდებოდა.­ პატ­რიარქი მასზე უმცროს ადამიანს, მორჩილს, ყველას თქვენობით ელაპარაკებოდა. ამის შემდეგ სამებაში ნათლულების დალოცვაზე მიდიოდა და მითხრა, წამოდიო. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა... როცა დრო ჰქონდა,­ ბაღში­ დაჯდებოდა და მუსიკას უსმენდა,­ გამორჩეულად­ უყვარდა მოცარტი. მცენარეებს, ფრინველებს და ცხოვე­ლებს ელაპარაკებოდა.

- ვიცი, რომ უწმინდესთან ერთად მის მშობლიურ სოფელში არაერთხელ ყოფილხართ.

- იქ საოცრება ხდებოდა. კარი არ იკეტებოდა. ეზოში ჯდებოდა, გარშემო იქაურებს შემოიკრებდა და ძველ ამბებს­ იხსენებდნენ. ყველას შეეძლო მოფერებოდა, ჩახუტებოდა. იქ ისიც ჩვეულებრივი მოხევე იყო, მშობლიურ მიწასთან უდიდესი სიყვარული აკავშირებდა. ბოლო წლებში სულ გვთხოვდა, როგორმე იქნებ წამიყვანოთო, მაგრამ ფიზი­კურად აღარ შეეძლო. ის გარემო ყველაზე­ ძვირფასს ახსენებდა:­ მშობლებს, ბავ­შვობას. ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონია, ყველა­ აღნიშნავს,­ როგორი სახალხო და ძალიან უბრალო იყო პატრიარქი.

ერთხელ ტურისტები მოვიდნენ, რომ გაიგეს, პატრიარქი იქ ბრძანდებოდა­ და მისი ნახვის შესაძლებლობა მიეცათ, გაგი­ჟდნენ. ზაფხული იყო, მათ იქაური კლიმატის რა იცოდნენ და სეზონის შესაბამისად ეცვათ. ერთ-ერთს პატრი­არქმა თავისი ტანსაცმელი მისცა და შოკში იყვნენ... რომ წავიდნენ, მერე გვითხრა - შესცივდებოდაო... უწმინდესი ხომ ძალიან დიდი იყო, მაგრამ ჩვენ ამას ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ. ბავშვის გული ჰქონდა, ვერ იგებდა­, როგორ შეიძლებოდა ადამიანი ადამიანზე­ ისე გაბრაზებულიყო, წყენა გულში­ ჩაედო. მისი დიაკვანი ჰყვებოდა, ერთხელ მასთან მივედი და ერთ ადამიანზე ვეუბნები, ისეთი გაბრაზებული ვარ, ისეთი, რომ ამ საქციელს ვერასდროს დავივიწყებ-მეთქი... უწმინდესმა შემომხედა და მითხრა - აი, მე კიდევ სულ მავიწყდება...

თამუნა კვინიკაძე