გაჯეტების თაობა - რატომ უჭირთ მეტყველება ბავშვებს
"საერთაშორისო ორგანიზაცია ISA-ს ბოლო კვლევის შემდეგ, რომელიც 2023 წელს ჩატარდა და 81 ქვეყანა მონაწილეობდა, ჩვენი უფროსკლასელები 67-ე ადგილზე აღმოჩნდნენ წაკითხული ტექსტის შინაარსის აღქმაში, დღეს კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რიგიც დადგა. კერძოდ, ბაგა-ბაღების პედაგოგთა გამოკითხვების მიხედვით ირკვევა, რომ გაჯეტებზე მიჯაჭვულობის გამო ყოველ ახალ ნაკადში უფრო და უფრო მეტად ფიქსირდება მეტყველების დაყოვნება. ბოლო ნაკადების მდგომარეობა კი საერთოდაც კრიტიკულია: "არის შემთხვევები, როდესაც 2-დან 3-წლამდე ასაკის ახალმიღებულ ჯგუფებში ვერც ერთი ბავშვი ვერ მეტყველებს", - მითხრა ბავშვთა ფსიქოლოგმა ნონა ხინთიბიძემ.
- სკოლამდელი ასაკი უმნიშვნელოვანესია მთელი ცხოვრების მიმართულების აღებისთვის. ამიტომ მიმაჩნია, რომ განგაშს უნდა ვიწყებდეთ და არა მხოლოდ უფროსკლასელების აზრობრივი სიმწირის გამო. არაფერი გამოგვივა, თუ ამ დიდ და მტკივნეულ პრობლემაში სახელმწიფო არ ჩაერია და არა მხოლოდ სკოლებში ტელეფონების აკრძალვით, მით უფრო მაშინ, როდესაც თავად მშობლების თაობამ ვერ მიიღო ჯეროვანი განათლება და ხშირად თავადაც ინტერნეტდამოკიდებულია, თავადვე აჩეჩებს თვეების ბავშვებს ხელში გაჯეტებს, რომ იმავე ინტერნეტისთვის თავადაც დრო დარჩეს. ეს ყველაზე არ ითქმის, მაგრამ ძალიან ბევრს ეხება. ამის შედეგია სწორედ ის, რაზეც ერთ-ერთი ბაგა-ბაღის გაოგნებული აღმზრდელი მესაუბრა. მითხრა, წელს კიდევ ერთი ახალი თაობა გავუშვი, ახალი მივიღე და გაოგნებული ვარ - 2-დან 3 წლამდე ჯგუფში 16 ბავშვიდან მხოლოდ ორი 3 წლის ბავშვი ლაპარაკობს, ისიც გაჭირვებითო. ეგ კი არა, პირველ ხანებში თამაშიც კი არ აინტერესებდათ, თვალებით დაეძებდნენ ტელეფონებს. სექტემბრიდან მოყოლებული, 7 თვეც არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ჯგუფის ასამეტყველებლადო. აი, სწორედ ამას იწვევს ბავშვების დამოკიდებულება გაჯეტებზე. განუწყვეტელი საუბარი უნდა დაიწყოს სახელმწიფომ ამ თემაზე. უნდა გვქონდეს დროის შევსების ალტერნატიული და სასარგებლო საშუალებები, რათა როგორმე ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ.
- როდესაც ISA-ის ბოლო, საერთაშორისო კვლევით დადგინდა, რომ 81 ქვეყანას შორის ჩვენი 15 წლის ბავშვები წაკითხულის შინაარსის აღქმით 67-ე ადგილზე აღმოჩნდნენ, ძალიან ვინერვიულე: ეს კატასტროფაა, რომლის აღსაკვეთად დღემდე არაფერი გაკეთებულა.
- სრულიად არაფერი. უცხოეთის სკოლებში ტელეფონების ხმარება იკრძალება, ჩვენი სკოლების უმრავლესობაში კი არა მხოლოდ ბავშვები, ზოგიერთ შემთხვევაში მასწავლებლებიც ერთობიან გაკვეთილებზე სქროლვით. ამაზე თავად ბავშვები უყვებიან მშობლებს! ევროპამ წლებია აკრძალა სკოლაში ტელეფონები. იტალიაში 2007 წლიდან სკოლებში ტელეფონები მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით მოიხმარებოდა, თუმცა 2 წლის წინ ესეც აიკრძალა და დღეს იქ აღარავინ კითხულობს, რა ქნას ბავშვმა გაკვეთილზე, თუ ინფორმაციის მოპოვება სურსო. არაფერიც არ უნდა ქნას, უნდა იაზროვნოს, უნდა გამოითვალოს გონებით და მიიღოს პასუხი! ჩვენთან ამ მხრივ საქმე კურიოზამდეა მისული, ზოგიერთ მშობელს შვილი მათემატიკის მასწავლებელთან ჰყავს მიბარებული და ბავშვი ამ დროს მათემატიკის ამოცანებს ტელეფონის საშუალებით ხსნის და არა გონებით. უახლოესი მეგობრის მაგალითს მოვიყვან, რომლის შვილი კომაროვის მათემატიკურ სკოლაში სწავლობდა და დღითი დღე აუარესებდა შედეგებს. ჩემმა ახლობელმაც აღმოაჩინა, რომ თურმე ბავშვი ამოცანებს ტელეფონით ხსნიდა და ამიტომაც დაკარგა აკადემიური დონე. როდესაც სქროლვა ბავშვებს წამებში აწვდის ფერად ინფორმაციას მთელ სამყაროზე, რა თქმა უნდა, მათ აღარ სურთ დღეები და საათები მიუძღვნან წიგნის კითხვას და ამაში "დაკარგონ დრო". არადა, სწორედ კითხვა ავარჯიშებს ტვინის უჯრედებს. უნდა გვახსოვდეს, რომ წიგნთან დაახლოების საუკეთესო დრო სწორედ სკოლამდელი ასაკია და ეს შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან. სწორედ წიგნის კითხვა იძლევა გარანტიას, ბავშვმა წაკითხულის შინაარსი გაიგოს. წაკითხულის შინაარსის აღქმა ყოველთვის ითვლეობოდა აზროვნების იმ უმარტივეს ნაბიჯად, რომლის აღქმა მაინცდამაინც ბევრი წიგნის კითხვაზე არ იყო დამოკიდებული. მშობლები იმდენად ვერ მართავენ შვილებს, რომ ბავშვები გათენებამდე სქროლავენ და სკოლაში გაკვეთილებზე სძინავთ. ეს მაშინ, როდესაც არაერთი კვლევით არის დადგენილი, რომ შეუჩერებელი სქროლვა ფსიქიკურ დარღვევებს იწვევს. ამ ყველაფერს თუ დავამატებთ იმას, რომ ჩვენს სკოლებში ცუდად ასწავლიან, ან საერთოდ არ ასწავლიან გრამატიკას, კიდევ ერთი მიზეზი გვეცოდინება, თუ რატომ ვერ ახერხებენ ჩვენი ახალგაზრდები წაკითხულის შინაარსის აღქმას. სამწუხაროდ, იშვიათად ნახავ სკოლის მოსწავლეს, რომლის მასწავლებელი ცდილობდეს ბავშვს მორფოლოგია და სინტაქსი შეასწავლოს.
- ფსიქოლოგები საუბრობენ იმის შესახებ, რომ უამრავი მოზარდი მშობლიური ენის ნაცვლად უცხო ენაზე იწყებს მეტყველებას, რაც ასევე აფერხებს განათლების მიღებას.
- როდესაც თქვენს 9 თვის შვილს, რომელიც უკვე მშობლიურ ენაზე ცდილობს სიტყვების წარმოთქმას და სანაცვლოდ აწვდით ტელეფონს ინგლისურენოვანი ანიმაციით, ის იწყებს ანიმაციის ცქერას და უცხო სიტყვების შესრუტვას მშობლიურის ნაცვლად. როდესაც ეს ქრონიკულად გრძელდება, ბავშვი უკვე აღარც ცდილობს მშობლიური სიტყვების წარმოთქმას. სკოლაში მისვლისა და მშობლიურ ენაზე სწავლის დაწყებისას მის ფსიქიკაში ისახება, ასე ვთქვათ, დარღვეული მორფოლოგიური ბადე, რომელიც ეღობება მშობლიურ ენაზე ცოდნის მიღებაში.
არსებობს მოსაზრება, რომ ინტერნეტდამოკიდებულების ძირითადი მიზეზი საზოგადოების მატერიალური შეჭირვებაა და რომ მშობლები იძულებული არიან იმუშაონ. ნაწილობრივ ასეც არის, მაგრამ არც მთლად: არაერთი მშობელი, რომელსაც მხოლოდ შვილის გაზრდა აქვს მინდობილი, დროს არა ბავშვის განვითარებაში, არამედ თავადაც ტელეფონთან ატარებს. მართალია, არა მხოლოდ ჩვენთან, მსოფლიოშიც ძალიან მაღალია გაჯეტებზე მიჯაჭვულობის სინდრომი, მაგრამ რიცხობრივად დიდი და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები ცდილობენ პრობლემა სხვა ქვეყნიდან ე.წ. ტვინების გადაქაჩვით მოაგვარონ, რისთვისაც "ტვინებს" აფინანსებენ, ფულს უხდიან სწავლაში, ჩვენ კი განათლებაში აუცილებელი თანხების ჩადება ვერ შევძელით. მინდა ჩვენი მშობლები იცნობდნენ შემაშფოთებელ კვლევას, რომ Gen Z პირველი თაობაა, რომელიც წინა თაობასთან შედარებით ვეღარ განვითარდა და პრაქტიკულად ყველა კოგნიტურ უნარში დაბალი შედეგი აჩვენა: ყურადღების უნარით დაწყებული, წიგნიერებით, აღმასრულებელი ფუნქციებით თუ მათემატიკური უნარების ჩათვლით. კოგნიტური განვითარების გაზომვა 1800-იანი წლების დასასრულიდან მიმდინარეობს. მას შემდეგ ყოველი მომდევნო თაობა წინაზე უკეთესი იყო ამ მაჩვენებლებით და ციკლი Gen Z-მ დაარღვია, იმიტომ, რომ დაიბადა და არსებობს გაჯეტებთან ერთად. ჩვენმა შვილებმა ეს უკუპროცესი ტრადიაციად არ უნდა აქციონ, რაშიც ჩვენ არა მხოლოდ მოქმედებით, არამედ გააზრებული ბრძოლით უნდა დავეხმაროთ, რაც გულისხმობს ტექნოლოგიების მოხმარებაში "ოქროს შუალედს" და გონების განვითარებას.