"რუსებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ აფხაზებს ქართველები შესძულებოდათ“ - კვირის პალიტრა

"რუსებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ აფხაზებს ქართველები შესძულებოდათ“

დევნილებზე ბევრი რამ თქმულა, მაგრამ ეს თემა ამოუწურავია: ეს არის უსასრულო ნოსტალგია დაკარგულ სახლ-კარზე, ბავშვობის მოგონებებსა და იმ მხარეზე, რომელიც ასე ტკბილი და მშობლიურია. აფხაზეთიდან დევნილი მუსიკოსი ჯამბულ ქურდიანი გულისტკივილით იხსენებს მშობლიურ სოხუმში გატარებულ ბავშვობას და ომის წლებს:

- მთელი ცხოვრება ბავშვებს და ქართულ ხალხურ მუსიკას მივუძღვენი. რამდენიმე თაობა მყავს გაზრდილი - ჯერ აფხაზეთში, მერე თბილისში, ახლა უკვე გარდაბანში, ლემშვენიერაში მყავს ანსამბლი და პატარებს ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრას ვასწავლი.

სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. არეულობა რომ დაიწყო, ახალი დაოჯახებული ვიყავი.

პირველად რომ დამატყვევეს, მეგობრებთან ერთად გემბანზე აგვიყვანეს, სადაც სხვა ქართველებიც ჰყავდათ. საბედნიეროდ, მაშინ ომის ცხელი ფაზა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული და ჩვენებმა დაგვიხსნეს. აფსუები უკვე მთელ სოხუმში დადიოდნენ და ჩვენი ჯარი რომ შემოვიდა, ქალაქში თითქმის ყველაფერი გაძარცული იყო. პურიც არ იშოვებოდა და

პურის ქარხანაში ქართველი რომ მივიდოდა, ყურადღებას არ აქცევდნენ, აფხაზებს მაშინვე კარს უღებდნენ და ხშირად ტომრებითაც ატანდნენ. მათი გვარდია კარგად ჩაცმული და შეიარაღებული იყო, ჩვენს ბიჭებს კი ნორმალური ფორმა ენატრებოდათ.

qurdiani-j-1774211542..jpg

მოგვიანებით, როცა ომი თითქმის წაგებული იყო, რესტორან "დიოსკურიასთან"­ არსებულ სამხედრო ნაწილში 10 ათასამდე­ ამერიკული ფორმა იპოვეს... ომი რომ დაიწყო, წინა ხაზზე ბიჭები უბრალო თუთუნს ნატრობდნენ. ერთ-ერთი რეიდის დროს თამბაქოს ქარხანაში იმდენი თამბაქო­ ვნახეთ, მთელ საქართველოს ეყოფოდა 4-5 წლის განმავლობაში. ამ დროს ჯარისკაცებს თუთუნსაც არ აძლევდნენ. კამანი და შრომა რომ დაიკარგა, რუსთავის სპეცრაზმის წევრები გავიცანი, სულ 40-კაციანი ჯგუფი იყო, ძალიან მაგარი ბიჭები იყვნენ. ჩვენი ბიჭები მშივრები არიანო, შემოგვჩივლეს. აბა, მშიერი კაცი როგორ იომებს?

მეორე ბატალიონის მეთაურის მოადგილე ვიყავი. ჩვენი ბატალიონი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სვანებმა ჩამოაყალიბეს. რაჭველებიც იყვნენ, იმერლებიც, სხვებიც, მაგრამ ძირითადი ბირთვი სვანებისა იყო. ბიჭები თავს არ ზოგავდნენ, მაგრამ რას გავხდებოდით, როცა ქაოსი და არეულობა იყო. სწორედ ასე დაიკარგა ფუნიკულიორი, სადაც ჩვენი სპეცრაზმი იდგა: ჯერ გვიბრძანეს, გამოდითო, მერე დიდი საყვედური მივიღეთ, ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტი რატომ დათმეთო... ერთი თანამდებობის პირი ერთ ბრძანებას რომ გასცემდა, მეორე მის საწინააღმდეგოს. რა უნდა ქნა, როცა შენ ავტომატი გიჭირავს და იქითა მხრიდან ტყვიამფრქვევს გესვრიან?! ცხადია, თავიდანვე განწირული ვიყავით!

რუსებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ აფხაზებს ქართველები შესძულებოდათ. უმეტესობას ქართული გვარი და ფესვები­ აქვს, მაგრამ რუსეთმა მაინც მოახერხა, რომ ქართველებს და აფხაზებს შორის ხიდი ჩატეხილიყო. მაგალითად, სოხუმის ანსამბლში ერთი კოლეგა მყავდა. 1990-1991 წლებამდე სულ მეუბნებოდა, არც ერთ ენაზე არ დამელაპარაკო, გარდა ქართულისა, კარგად უნდა ვისწავლოო. ვმეგობრობდით, მერე კი, არეულობა რომ დაიწყო, კამათი მოგვივიდა და მომახალა, ძაღლების ენაზე აღარ დამელაპარაკოო.

მეზობლები გვყავდა, გვარად კანკიები,­ ომამდე კარგი მეზობლობა გვქონდა. ომი რომ დაიწყო, დედაჩემმა ჰკითხა, დიმა, აფხაზები რომ შემოვიდნენ, დაგვიცავო? - შევხედავ, როგორი ვითარება იქნება და ისე მოვიქცევიო, უპასუხა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ აფხაზებმა ბევრი ქართველი გადაარჩინეს - ნათესავებს, მეზობლებს შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ, მაგრამ თან აფრთხილებდნენ, ხვალ აქ ვინ შემოვა, არავინ იცის, ამიტომ ჯობია წახვიდეთო. ასე დაიცალა ქართველებისგან ეს უძველესი­ ქართული მხარე!

- თქვენი სახლი თუ გადაურჩა ომს?

- არა, ჩემი სახლი სოხუმში მაშინვე დაწვეს, იქ ახლა ტრიალი მინდორია. არც სოხუმში მაქვს სახლი და არც სოფელ ლათაში, რომელსაც 6 თვე კბილებით ვიცავდით. იმ დღეებში ბევრი "უსახელო უფლისციხელი" გავიცანი: სწორედ ასეთი უსახელო გმირია ბადრი ჯაჭვლიანი, რომელიც მეორე ბატალიონში იბრძოდა ჩემთან ერთად და აფხაზეთის მიწაზე დაიღუპა.

დევნილების უმრავლესობას იმ დღეებიდან ბევრი ცუდი მოგონება გამოჰყვა, მათზე ფიქრიც კი რთულია, მაგრამ ჭუბერის გზა მაინც სხვა იყო: ეს იყო გადარჩენის გზა, რომელიც ოჯახთან ერთად გადმოვიარე. ჩემი უფროსი ქალიშვილი მაშინ 14-15 წლის იყო. მართალია, შიმშილისგან ბევრი დასუსტდა და დაუძლურდა, მაგრამ მთავარი მაინც სიცივე იყო, გზადაგზა ბევრი გაიყინა. რაც გვქონდა, ერთმანეთს ვუნაწილებდით, მაგრამ ამ გზას ყველამ ვერ გაუძლო. ჩვენთან ერთად ერთი აფხაზი ქალიც მოდიოდა, რომელიც გზაში გარდაიცვალა. ის გვარად ეშბა იყო, შვილის სახელზე დატოვებული წერილიდან გავიგეთ, რომ შვილი თბილისში ჰყოლია გათხოვილი და მასთან მოდიოდა. მისი ერთადერთი თხოვნა იყო, რომ წერილი მისი შვილისთვის გადაგვეცა. იქვე მიწა ამოვთხარეთ, ზეწარში გავახვიეთ და ხელდახელ დავმარხეთ. ჩვენთან ერთად იყო მამა ანტონი, რომელმაც ჩვენი მიცვალებულები გააპატიოსნა, ის ახლა ეპისკოპოსია, მეუფე ანდრია. კიდევ კარგი, იმ გზაზე დაუმარხავი არავინ დარჩენილა, ვისაც დავინახავდით, ყველას ვმარხავდით.M ძალიან დიდი პრობლემა იყო მაროდიორობა, ომის დროს და შემდეგაც.

- მთელი ოჯახი გადაარჩინეთ?

- საბედნიეროდ, ჯერ ცოლ-შვილი გამოვიყვანე, მერე კი ბებიის გამოსაყვანად დავბრუნდი. სახლის უკან ჭურვი იყო დაცემული, ჩემი მუსიკალური ინსტრუმენტები დამსხვრეული იყო, ფუტკარი მყავდა და სკები განადგურებული დამხვდა. ქალაქში პანიკა იყო და ყველას აწუხებდა ეჭვი, 1-ლ სექტემბერს არსად სწავლა არ დაწყებულა და სოხუმში რატომ დაიწყოო? რატომ დააბრუნეს უკან ქალები, ბავშვები და მოხუცები, რატომ დაგვაიმედეს, რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა? იმედია, არც ერთი ქართველი აღარ გამოცდის იმას, რაც დევნილებმა გამოვცადეთ.

250 ათასი კაცი წამოვიდა აფხაზეთიდან იმ იმედით, რომ ცოტა ხანში­ უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ ეს "ცოტა ხანი" რამდენიმე ათეულ წლად იქცა. იმედი ბოლოს კვდებაო, უთქვამთ, მაგრამ თუ საქართველო ეკონომიკურად ძლიერი, წელგამართული ქვეყანა არ გახდება, ვერც დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ და მტერსაც ვერასდროს დავხვდებით ისე, როგორც საჭიროა.

ხათუნა ჩიგოგიძე