"გაიხარე და გაგვახარე" - პატრიარქის ფესვებად გადგმული დალოცვა
2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. ქვეყნის გლოვას ჩვენც ვუერთდებით.
"მამულ-დედული" ამ ფორმით, 13 წლის წინ შეიქმნა და პატრიარქის კურთხევით გამოვიდა. ამას თავისი საფუძველი ჰქონდა: წლების წინ პატრიარქის სახელით "პალიტრამედიის" ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ და სთხოვეს, იქნებ სოფლის მეურნეობის საკითხებს, პრაქტიკულ რჩევებსა და ფერმერთა ყოველდღიურობას, ბუნებასა და გარემოზე ზრუნვას თქვენს პოპულარულ გაზეთ "კვირის პალიტრაში" მეტი ყურადღება დაეთმოსო. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ჩანართ "მამულ-დედულის" იდეა. "პალიტრამედიის" ხელმძღვანელობამ მისი შექმნის საკითხზე უწმინდესისა და უნეტარესის კურთხევა მიიღო და 2013 წლის შემოდგომიდან დაიბეჭდა ჩანართი "მამულ-დედული", რომელიც დღესაც გამოდის და ის თქვენ წინაშეა. მან პოპულარობა მოიპოვა როგორც კონკრეტულად სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ, ისე ფართო მკითხველს შორის.
ჩვენი პატრიარქი ბუნების, მიწის სიყვარულისა და ხის დარგვისკენ მუდმივად მოუწოდებდა მრევლს. თავადაც დიდი სიყვარულით უვლიდა მცენარეებს, უნიკალური მცენარეების კოლექცია ჰქონდა საპატრიარქოში, ზამთრის ბაღში, სადაც "მამულ-დედულის" წარმომადგენლებიც ვსტუმრობდით.
მცენარეების სიყვარულით შექმნა მებაღეობისა და მემცენარეობის კოლეჯი, რომელმაც უკვე არაერთი კვალიფიციური მებაღე აღზარდა და ისინი "მამულ-დედულის" რესპონდენტები არაერთხელ ყოფილან.
მცენარეს, როგორც ცოცხალ არსებას, მოფერება და საუბარი უყვარსო, ამბობდა, რასაც თავის მცენარეებს არ აკლებდა, ეფერებოდა და ესაუბრებოდა კიდეც.
"უწმინდესი ყველას დიდი პატივისცემით ელაპარაკება. ერთხელ საპატრიარქოს ეზოში დაავადებული მცენარე უკვე მოსაჭრელი იყო. მახსოვს, აზრთა სხვადასხვაობა შეიქნა - ზოგს უნდოდა მოეჭრა, ზოგს ენანებოდა. უწმინდესმა გვითხრა: "მივედი, მადლობა გადავუხადე, რომ ამდენ ხანს გვემსახურა და მოვუბოდიშე, უნდა მოგჭრათ-მეთქი", - ამას დედა თეკლე სიხარულიძე გვიყვებოდა, საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილე.
პირველი ზეთისხილის ხე პატრიარქმა 70-იან წლებში დარგო სიონის ეზოში. მერე კი მისი კურთხევით ზეთისხილის დიდი ხეები სამების ეზოში დაირგო და იქიდან მოყოლებული, დაიწყო ზეთისხილის ხეების მთელ საქართველოში გაშენება.
მცენარის დარგვის წინ კი ასეთი ლოცვა ჰქონდა: "გაიხარე და გაგვახარე"... ამას მცენარეს მთელი გულით ეუბნებოდა და მცენარეც, მადლიერების ნიშნად, ხარობდა...
დიდ მწუხარებას გამოვხატავთ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მთელ საქართველოს!