სანამ მინი-კივის ბაღს გააშენებთ - კვირის პალიტრა

სანამ მინი-კივის ბაღს გააშენებთ

მინი-კივი საქართველოში მასობრივად არ არის დანერგილი, თუმცა რამდენიმე ფერმერს უკვე მოჰყავს. ერთ-ერთი პლანტაცია ლაგოდეხში გაშენდა, ფერმის დამფუძნებლებმა პირველი ნერგი წლების წინ აშშ-დან შემოიტანეს. ასევე მინი-კივი ხარობს ჯიღაურას კვლევითი ცენტრის ბაზაზე. რას წარმოადგენს ეს კულტურა, როგორ უნდა დაირგოს და გაიხაროს, ამ შესახებ გვესაუბრება ელენე მაღლაკელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. მან კოლეგასთან, ზვიად ბობოქაშვილთან ერთად მინი-კივის მეთოდურ რეკომენდაციებზე იმუშავა.

ელენე მაღლაკელიძე|:

- მინი-კივი კომერციული წარმოებისთვის გამიზნული ახალი ხეხილოვანი კულტურაა, რომელზეც მსოფლიო ბაზარზე მზარდი მოთხოვნაა. ის შეუბუსავი კანის მქონე ხილია, რაც მნიშვნელოვანია კომერციული თვალსაზრისით. ნაყოფი გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულებით და შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ორგანულ-მინერალურ ნივთიერებებს. მინი-კივი განეკუთვნება ე.წ. სუპერხილის ჯგუფს. მისი ნაყოფი შეიცავს ოცზე მეტ აუცილებელ საკვებ ნივთიერებას, ანტიოქსიდანტებსა და მთელ რიგ ვიტამინებს, დიდი რაოდენობით ჩ ვიტამინს. ბაზარზე გადის როგორც ნედლი, ასევე წვენების, ჯემების სახით და საკონდიტრო პროდუქტების დასამზადებლად.

ამ კულტურის გვარი მოიცავს 60-ზე მეტ სახეობას, რომელთაგან კომერციული მიზნით მსოფლიო მეხილეობაში მხოლოდ რამდენიმე გამოიყენება, კერძოდ, ჩინური აქტინიდია, კივი და მინი-კივი (ბეიბი). მისი წარმოშობისა და ბუნებრივი გავრცელების არეალი აღმოსავლეთი აზიაა, თუმცა რაკი საკმაოდ განსხვავებული გენეტიკური ფორმებისგან შედგება, გვხვდება გეოგრაფიულად მრავალფეროვან რეგიონებში: აღმოსავლეთ ციმბირში, კორეაში, იაპონიასა და ჩინეთში. მინი-კივიმ კომერციული დატვირთვა შეიძინა აშშ-ის ორეგონის შტატში, გერმანიაში, პოლონეთში, საფრანგეთში და სხვ., ახალ ზელანდიასა და სამხრეთ ამერიკაშიც. ამჟამად მისი ბაღების ფართობები მსოფლიოში 800-1000 ჰექტარს აღწევს.

- მცენარე ფოთოლმცვივანია?

- დიახ, და ფართოფოთლოვანიცაა. მისი მცოცავი ღეროები ბუნებრივ პირობებში 30 მეტრამდე სიმაღლის ხეებს ფარავს, ასევე, ვრცელდება მიწაზეც. ხშირად ეხვევა მცირე ზომის ხეებსა და ბუჩქებს. ახალგაზრდა ყლორტები თავდაპირველად ყავისფერი შეფერილობისაა, ასაკის მატებასთან ერთად ნაცრისფერ ტონს იღებს. შესაბამისი ტენიანობისა და ტემპერატურის პირობებში მცენარემ ერთ სეზონზე შეიძლება 5-7 მეტრის სიგრძის ნაზარდიც კი განივითაროს, ხოლო პირველივე სავეგეტაციო წელს სათანადო განათებითა და კვებით ნერგი სიმაღლეში 50-80 სმ-ს აღწევს. მსხმოიარობას დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს იწყებს.

გაშენებისთვის მინი-კივი კარგად განათებულ და ქარისგან ბუნებრივად დაცულ ადგილებს საჭიროებს. განსაკუთრებით ხელსაყრელია სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ფერდობები. საბაღე ადგილის შერჩევისას მნიშვნელოვანია ნიადაგის დეტალური ლაბორატორიული გამოკვლევა. კულტურა უპირატესობას ანიჭებს მსუბუქი სტრუქტურის მქონე კარგად დრენირებულ ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგს.

ჭარბი ტენიანობა აზიანებს ფესვთა სისტემას, ამიტომ დაბლობებში, სადაც მაღალია გრუნტის წყლების დგომის დონე, რეკომენდებულია დამატებითი დრენაჟის მოწყობა. მიუხედავად იმისა, რომ ვეგეტაციის პერიოდში მცენარე მორწყვას მოითხოვს, ნაკლებად იტანს ნიადაგში მარილების სიჭარბეს. კვლევებით დადგენილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს, ქართლის პირობები მისი გაშენებისთვის მისაღებია.

actinidia-arguta-1774212015.jpg

- ბაღის გასაშენებლად ადგილი როგორ უნდა მომზადდეს?

- გაშენებამდე ნაკვეთი უნდა გაიწმინდოს ბალახისა და დიდი ქვებისგან. აუცილებლად უნდა მოსწორდეს და ღრმად დამუშავდეს, რომლის მიზანია ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება, სარეველა მცენარეების მოცილება, წყლის მარაგის შენარჩუნება...

ნიადაგის ღრმა ხვნა უმჯობესია ბაღის გაშენებამდე 4-5 თვით ადრე: საშემოდგომო დარგვისთვის - ივნის-ივლისში, საგაზაფხულო დარგვისთვის კი ოქტომბერ-ნოემბერში. ნიადაგი ისე უნდა გაფხვიერდეს, რომ მსხვილი გოროხები ნაკლებად გვხვდებოდეს. პარალელურად, ნიადაგის ანალიზის საფუძველზე ნიადაგს ანოყიერებენ. ბაღის გაშენებისას ასევე ითვალისწინებენ გრუნტის წყლების დგომის სიღრმეს. თუ დგომის სიღრმე 1,5 მეტრს აღემატება, ბაღის გაშენება არ არის რეკომენდებული.

- ახალგაზრდა ბაღს როგორი მოვლა სჭირდება?

- იმის გამო, რომ მინი-კივი ვაზივით ხვიარა, ლიანისებური ტიპისაა და საკმაოდ ძლიერი ზრდის მცენარეა, მისთვის საყრდენი სისტემის მოწყობა აუცილებელია. დარგვიდან პირველივე წელს მან შესაძლებელია 2 მეტრამდე სიგრძის ნაზარდი მოგვცეს. ამიტომ ყლორტები მიწაზე რომ არ გაერთხას, დარგვისას ყოველ მცენარესთან უნდა ჩაისვას ჭიგო (სარი) და მასზე აიკრას.

სამრეწველო ჯიშების დიდი ნაწილი ორსახლიანი მცენარეა, ამიტომ გაშენების დროს დაცული უნდა იქნეს მდედრობითი და მამრობითი მცენარეების თანაფარდობა კარგი დამტვერიანებისთვის. მართალია, მინი-კივის ზოგიერთი ახალი სელექციური ჯიში არ საჭიროებს მამრობით დამამტვერიანებელს, კომერციული წარმოებისთვის მამრობითი მცენარეების დარგვა მკაცრადაა განსაზღვრული. ზოგადად, მინი-კივის დამტვერვა მწერების საშუალებით ხდება, თუმცა ზოგიერთი კვლევა ქარის საშუალებით დამტვერვის შესაძლებლობასაც ადასტურებს.

ბაღი შეიძლება გაშენდეს საშემოდგომო დარგვის ვადაში, 1-ლი ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის პირობებში ბაღის გაშენება საგაზაფხულო დარგვის ვადაშია უმჯობესი (15 თებერვლიდან 15 აპრილამდე). დარგვისთვის იღებენ 30-40 სმ დიამეტრისა და 25-30 სმ-ის სიღრმის ორმოს. თუ ნერგი ნამყენია, მყნობის ადგილი უნდა მოექცეს ნიადაგის ზედაპირიდან 5-8 სმ სიმაღლეზე, ხოლო საკუთარფესვიანი ნერგის ფესვის ყელი თავსდება ნიადაგის ზედაპირზე. დარგვის შემდეგ მცენარის ირგვლივ მიწა მსუბუქად იტკეპნება და უხვად ირწყვება (ერთ მცენარეზე 5-15 ლიტრი წყალი). მცენარის ფესვთა სისტემა ზედაპირულია, ამიტომ პირველ წელს მორწყვა უნდა განმეორდეს დარგვიდან რამდენიმე დღის შემდეგ სისტემატურად, მთელი სავეგეტაციო წლის განმავლობაში. ახალგაზრდა ყლორტები სწრაფად იზრდება და ყურადღებას საჭიროებს, რათა ერთმანეთში არ გადაიხლართოს, რაც შემდგომ მის მოვლას გაართულებს.

- რას უნდა მიექცეს ყურადღება გასხვლისას?

- მინი-კივის სხვლა-ფორმირება ეხმარება სწრაფად მზარდი მცენარის ნორმალურ განვითარებას, სანაყოფე ერთწლიანი ტოტები საჭირო რაოდენობით უნდა შენარჩუნდეს. დარგვის მომდევნო წელს რჩება ერთი მთავარი ცენტრალური ვერტიკალური ღერო, რომელიც მიბმულია საყრდენ სარზე. სანამ ღერო პირველ იარუსს მიაღწევს, გვერდითი ყლორტი უნდა მოიჭრას. გასხვლა-ფორმირება უმჯობესია მცენარის მოსვენების პერიოდში. თბილ რეგიონებში - მოსავლის აღების შემდეგ, ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის პირველ ნახევრამდე; ცივ რეგიონებში - ადრე გაზაფხულზე (თებერვალ-მარტში).

ვეგეტაციის პერიოდში მინი-კივი მწვანე გასხვლას მოითხოვს. ასეთ დროს ქვემოთ მიმართულ ტოტებს აჭრიან, ჩახშირებულ ტოტებს გამოხშირავენ. ტოტებს შორის დაშორება 20-25 სმ უნდა იყოს.

ბაღში გაშენების წინ განოყიერება ნიადაგის ანალიზის მიხედვით უნდა მოხდეს. ძირითადი ყურადღება ეთმობა ნიადაგში ორგანული ნივთიერების, ფოსფორისა და კალიუმის შესაბამისი დოზების შეტანას. აზოტოვანი სასუქების ძირითადი ნაწილი შედის გაზაფხულზე, უმჯობესია 2-3-ჯერ, ფოსფოროვანი სასუქები - უპირატესად ადრე გაზაფხულსა და შემოდგომის პერიოდში, კალიუმიანი სასუქები - ნაყოფის ფორმირებიდან მოსავლის აღებამდე, 3-4 ჯერადად. ირიგაციის თვალსაზრისით მინი-კივი ნაკლებად მომთხოვნია, ვიდრე ჩვეულებრივი კივი, თუმცა გვალვიან გაზაფხულსა და ზაფხულში (მაისი-აგვისტო) საჭიროა სარწყავი წყლის რეგულარული მიწოდება, ფოთლის სავეგეტაციო ზედაპირის შესანარჩუნებლად და ნაყოფის სიმსხოს უზრუნველსაყოფად. ამიტომ კომერციულ ბაღში რეკომენდებულია წვეთოვანი სისტემის დამონტაჟება. ბაღის სადღეღამისო საშუალო მორწყვის ნორმა შეადგენს 32-40 მ3 წყალს 1 ჰექტარზე. მორწყვის სიხშირე დამოკიდებულია კლიმატურ პირობებსა და ნიადაგში ფესვების განვითარების ფენაში არსებულ წყლის მარაგზე. სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში ბაღმა შეიძლება 15-ჯერ მოითხოვოს მორწყვა.

- მოსავლის აღება როგორ ხდება?

- მინი-კივის ნაყოფს ახასიათებს კრეფის შემდგომი დამწიფების უნარი და იკრიფება ტექნიკური სიმწიფის პერიოდში, ანუ მოსახმარი სიმწიფის დადგომამდე. კულტურა ხასიათდება მოსავლის არაერთდროული დამწიფებით, ამიტომ მოითხოვს რამდენიმე ვადაში კრეფას. დაგვიანებულმა კრეფამ შესაძლოა გამოიწვიოს მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა დამახასიათებელი გადამწიფების გამო, რაც ნაყოფების ჭკნობით გამოიხატება.