ამერიკელების მთავარი შეცდომა: "დონალდ ტრამპმა ყველაფერი თვითონ აურ-დაურია, დარჩა მხოლოდ ორი გამოსავალი“ - The Daily Telegraph
ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 23 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „დონალდ ტრამპმა ყველაფერი თვითონ აურ-დაურია. დარჩა მხოლოდ ორი გამოსავალი“ (ავტორი - დევიდ ბლერი). „აშშ-ის პრეზიდენტი ირანელ „გუშაგებს“ ვერ შეაშინებს, რადგან მათ ხელში სტრატეგიული კოზირი აქვთ - ჰორმუზის სრუტე. დონალდ ტრამპს მოუწევს, ან ძალით გახსნას საზღვაო გზა, ან ბედს შეურიგდეს და მსოფლიო დიდი ზარალის წინაშე დააყენოს“, - ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
შეუძლებელია აშშ-ის გეგმის ნაწილი ყოფილიყო ის, რომ ომის 23-ე დღეს დონალდ ტრამპი ისევ გაავებული, მუქარებითა და ულტიმატუმებით გამოდის ირანის რეჟიმის მიმართ.
დღეისათვის პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, დაიჯერა, რომ ისლამური რესპუბლიკა ან დაემხობა, ან იმდენად დასუსტდება აშშ-ისა და ისრაელის ძლიერებით, რომ ცოცხლად დარჩენილი ლიდერები ხვეწნით შესთხოვენ სიცოცხლის შენარჩუნებას.
სინამდვილეში, დიდი ალბათობით, ყველაფერი პირიქითაა: შეიძლება ვინმეს დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ ახლა სწორედ დონალდ ტრამპი ითხოვს ყველაზე მეტად ჰორმუზის სრუტის გახსნას.
მიზეზი, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტი ასეთ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, არის ის, რომ მისმა ადმინისტრაციამ ვერ შეძლო, განეჭვრიტა სრულიად აშკარა მოვლენა: ირანის რეჟიმი, კუთხეში მიმწყვდეული, რომელიც თავის გადასარჩენად იბრძვის, გაბედავდა და მიიღებდა ისეთ რადიკალურ ზომებს, როგორიც არის ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა და რაკეტების გაშვება სპარსეთის ყურეში მდებარე აშშ-ის მოკავშირეების წინააღმდეგ.
აბა, მაშ რისთვის სჭირდებოდა ირანს ბალისტიკური რაკეტების დაგროვება და მათი უდიდესი რეზერვის შექმნა ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვვეყნებთან შედარებით? ეს თეთრმა სახლმა ვერ ან არ გაითვალისწინა.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ - ირანის ფაქტობრივი მმართველი სტრუქტურის მაღალჩინოსანმა ოფიცრებმა ყოველთვის იცოდნენ, თუ რა იყო და არის მათი უდიდესი სტრატეგიული უპირატესობა - ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რომლის გამოყენებით მათ მსოფლიო ეკონომიკის დანგრევა შეუძლიათ.
სუპერტანკერები, რომლებიც მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის 20%-ით არიან დატვირთულნი, ყოველდღიურად გადიოდნენ (ომამდე) ჰორმუზის სრუტეში, რომლის ყველაზე ვიწრო მონაკვეთის სიგანე მხოლოდ 40 კილომეტრამდეა, ირანსა და ომანს შორის.
დაესხმებოდა რა ამ ვიწრო ადგილზე მცურავ ტანკერებს, „გუშაგთა კორპუსმა“ კარგად გათვალა, რომ შეძლებდა ნავთობის მსოფლიო მიწოდების ისეთ საბოტაჟს, როგორიც ადრე არასოდეს მომხდარა. ამჟამად სწორედ ეს განხორციელდა.
მისტერ დონალდ ტრამპს შორსმჭვრეტელობის ოდნავი უნარი მაინც რომ ჰქონოდა, მას ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე შეეძლო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის ებრძანებინა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. განა სწორედ ამ მიზნით არ არის აშშ-ის მე-5 ფლოტი ბაჰრეინში დისლოცირებული? ამის ნაცვლად, ომის დაწყების წინ, 28 თებერვლის წინადღეებში, დონალდ ტრამპმა უგულებელჰყო საკმაო რაოდენობის ხომალდების გაგზავნა, რაც აუცილებელი იყო ორი ავიამზიდის დასაცავად: სწორედ მათ ბორტზე არსებული ავიაციით იბომბებოდა ირანის ტერიტორია.
ახლა, როცა „გუშაგებმა“ ჰორმუზის სრუტე მტრული სახელმწიფოების ნაოსნობისათვის ჩაკეტეს (ირანის კუთვნილი ტანკერები, ბუნებრივია, ჯერ კიდევ ცურავენ), პრეზიდენტმა ომის კიდევ უფრო მეტი ესკალაციისთვის მუქარა დაიწყო.
დაიხევს თუ არა უკან ირანი? დაეთანხმება თუ არა თეირანი ვაშინგტონის ულტიმატუმურ მოთხოვნას - 48 საათში გახსნას ჰორმუზის სრუტე? და თუ არ დაეთანხმება, შეასრულებს კი აშშ თავის მუქარას - დაბომბავს ირანის ყველა ელექტროსადგურს და ქვეყანას ჩააბნელებს?
ირანის უკან დახევა და რაიმე დათმობა აშშ-ის მიმართ თითქმის წარმოუდგენელია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს „გუშაგებისთვის“ ჰორმუზის სრუტის გაკონტროლებას. რაც შეეხება დონალდ ტრამპის დანაპირების შესრულებას, თუ გავიხსენებთ მის ჩვევას - ზიგზაგურად იმოძრაოს და სწრაფად გადავიდეს ერთი პოზიციიდან მეორეზე, არავინ არ არის პრეზიდენტის ნათქვამში დარწმუნებული. და თუნდაც მან მართლაც დაარტყას ელექტროსადგურებს, „გუშაგები“, დიდი ალბათობით, უკან მაინც არ დაიხევენ.
ასევე დაგაინტერესებთ: სკანდალური სტატია ანუ ვინ იმარჯვებს სინამდვილეში ირანის ომში და ჩაიშლება თუ არა კავკასიური "ტრამპის გზა"?!
იმოქმედებს თუ არა ირანი ასეთ სიტუაციაში თავისი გეგმის შესაბამისად - პირიქით დაბომბოს რეგიონის იმ ქვეყნების ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ელექტროსადგურები, რომლებშიც აშშ-ის სამხედრო ბაზებია დისლოცირებული? იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „რევოლუციის გუშაგებმა“ უკვე დაარტყეს რაკეტებით მსოფლიოში უდიდეს გაზის საექსპორტო ტერმინალს - რას ლაფანსს - კატარში, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება, მისტერ დონალდ ტრამპმა გააცნობიეროს, რომ ირანის რეჟიმს ამერიკის მუქარის არ ეშინია და ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის. იგი რეალურად შეხედავს სიტუაციას და დარწმუნდება, რომ ირანის დარჩენილი ლიდერებისათვის არ არსებობს ისეთი გარემოება, რომლის დროსაც ისინი უარს იტყვიან თავიანთ სტრატეგიულ კოზირზე.
ასეთ ვითარებაში, როცა დონალდ ტრამპი დაინახავს, რომ „გუშაგები“ თავიანთ წინააღმდეგობას არ ასუსტებენ, მას დაფიქრება მოუწევს: „გააღოს“ სრუტე ძალის გამოყენებით, რაც ძალიან სარისკო ოპერაცია იქნება, სახმელეთო ჯარების თავმოყრის გათვალისწინებით თუ აშშ-მა და მსოფლიომ დიდი ეკონომიკური ზარალი განიცადოს?!
რა თქმა უნდა, აშშ-ის პრეზიდენტი არ გეგმავდა, რომ ასეთი მკაცრი დილემის წინაშე აღმოჩნდებოდა.