"სამების ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიღებული იყო უსაფრთხოების ისეთი ზომები, რომელიც ტერორისტული აქტის შესახებ ზარის რეალურობას გამორიცხავდა" - სუს-ი
სამების საკათედრო ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და დაცვის სამსახურების მიერ მიღებული იყო უსაფრთხოების ისეთი ზომები, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავდა ტერორისტული აქტის შესახებ განხორციელებული ზარის რეალურობას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
უწყებაში განმარტეს, რატომ არ მოხდა ტერორისტული აქტების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებული ორი ანონიმური ზარის შესახებ მოქალაქეების გაფრთხილება.
ცნობისთვის, სუს-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომ „22 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი განხორციელდა - ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია“. სუს-ის განმარტებით, დანაშაულის ჩადენაში იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი, რომელიც დანაშაულს აღიარებს.
„მიმდინარე წლის 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი განხორციელდა. ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია. თუ უახლოეს 20 წუთში არ მოხდებოდა ევაკუაცია, განხორციელდებოდა აფეთქება. ზარების ინიციატორმა კვალის დაფარვისა და მისი იდენტიფიცირების გართულების მიზნით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით შეცვალა თავისი ხმა, გამოიყენა უცხო ქვეყნის ვირტუალური სატელეფონო ნომერი და დაფარა IP მისამართი.
კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გუშინ საღამოსვე შევძელით დანაშაულში მხილებული არასრულწლოვანი პირის იდენტიფიცირება და მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამოღებულია რამდენიმე ერთეული მობილური ტელეფონი, ლეპტოპები და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები.
არასრულწლოვანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
"ინტერპრესნიუსი"