"მთავრობის უცნობი განკარგულებები" - რაში იხარჯებოდა ბიუჯეტის ფული (ნაწილი II) - კვირის პალიტრა

"მთავრობის უცნობი განკარგულებები" - რაში იხარჯებოდა ბიუჯეტის ფული (ნაწილი II)

ჩვენს საიტზე უკვე შემოგთავაზეთ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევის პირველი ნაწილი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების მიზნობრივ თუ არამიზნობრივ ხარჯებს ეხებოდა. კვლევაში ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლება ტენდერების ჩატარებით თავსაც აღარ იწუხებდა და ფავორიტ კომპანიებს ან სახელმწიფო უწყებებს უშურველად აძლევდა კოლოსალურ თანხებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად. მთავრობის კანცელარიიდან გამოთხოვილი დოკუმენტებიდან კარგად ჩანს, რაში იხარჯებოდა მილიონები მაშინ, როცა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეში, მეტიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

სახელმწიფო ბიუჯეტის საკმაოდ მოცულობითი წილი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში მიემართებოდა და სწორედ აქედან ნაწილდებოდა შემდეგ სხვადასხვა პროექტებზე, ამიტომ IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) ინტერესის საგანი პირველ რიგში სწორედ ეს ფონდი იქცა.

გოგა თუშურაშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მკვლევარი: "2012 წლის 4 იანვრის მთავრობის განკარგულებით, ყველაზე დიდი თანხა, 9 მლნ ლარი, ახალციხის მუნიციპალიტეტს, რაბათის უბნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოეყო. ახალციხის მუნიციპალიტეტს საშუალება მიეცა, სახელმწიფო შესყიდვები განეხორციელებინა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით, ანუ ტენდერის გამოცხადების გარეშე.

მსგავს ფაქტებს ვხვდებით თითქმის ყველა განკარგულებაში, სადაც თანხის მიმღებ დაწესებულებას საშუალება ჰქონდა, სახელმწიფო შესყიდვები განეხორციელებინა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით. მაგალითად, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის განკარგულებით, გორში წერეთლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელების მიზნით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გორის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 მლნ ლარი. ამასთან, გორის მუნიციპალიტეტს საშუალება მიეცა, სახელმწიფო შესყიდვები განეხორციელებინა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით. ამავე ფონდიდან თანხა გამოიყო გორის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნის მოსაწყობად, რაზეც ფინანსთა სამინისტრომ გამოყო 587 ათასი ლარი ჯერ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის გადასაცემად.

მთავრობის კანცელარიიდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის განკარგულებით, მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ გაღმა ხაიშთან დამაკავშირებელი ახალი ხიდის მოწყობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტს გამოეყო 550 ათასი ლარი. როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, მესტიის მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო შესყიდვები გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით განახორციელა.

2012 წლის 24 იანვარს, გურიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარის გადარიცხვა მოხდა. ამ შემთხვევაშიც გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ოღონდ მიზეზად ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელება დასახელდა.

იგივე მიზეზი დასახელდა მაშინაც, როცა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურების განბაჟების, სამონტაჟო სამუშაოების და მათთან დაკავშირებული სხვა ხარჯებისთვის გურიის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას 27 ათასი ლარი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას - 16 500 ლარი და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას 11 500 ლარი გადაურიცხეს.

2012 წლის დასაწყისში კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს გამოეყო 1 მლნ ლარი და კახეთის რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას დაევალა, ყოველ მუნიციპალიტეტში ჩატარებული სამუშაოების ანგარიში ფინანსთა სამინისტროსთვის წარედგინა. ამასთან ერთად კი ეს თანხა, რომელიც კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდს გადაერიცხა, უნდა ასახულიყო, როგორც შესაბამისი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებისათვის გადარიცხული ტრანსფერები.

საინტერესოა ასევე განკარგულება, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 380 000 ევროს ეკვივალენტი ლარში გამოეყო ბიუჯეტიდან. საქმე იმაში გახლდათ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია POMAGALSKI-სთან გააფორმა ხელშეკრულება გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, საბაგირო გზისა და მასთან დაკავშირებული სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე. ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს უფლება მიეცა სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ასევე ხსენებულ მთავრობის განკარგულებაში ძალიან საინტერესოა ჩანაწერი, რომელიც კომპანია POMAGALSKI- ზე არ ავრცელებს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის ვალდებულებას.

საქართველოს რეგიონების განვითარების ფონდიდან 2 300 000 ლარი გამოეყო ქუთაისის მერიას ქუთაისის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციისთვის, ხოლო 337 000 ლარი გამოეყო სსიპ- დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრომეთეს მღვიმის დეკორატიული განათებისა და აკუსტიკური სისტემის მოწყობის მიზნით.

მთავრობის წარმოდგენილი განკარგულებები, რომლებიც რეგიონების განვითარების ფონდიდან თანხების გამოყოფას ეხება, საფუძვლიან ეჭვს ბადებს თუ რამდენად გამჭვირვალედ და მიზანმიმართულად მიმდინარეობდა საბიუჯეტო სახსრების განკარგვა. გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვების ჩატარება საზოგადოებაში აჩენს კითხვებს თუ რამდენად ეფექტურად და რეალური კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა სახელმწიფო შესყიდვები. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების მეშვეობით ჩატარებული გაუმჭვირვალე შესყიდვები, ზრდის კორუფციული გარიგებების ალბათობას, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან კონკრეტულ დაწესებულებაში განხორციელებული ტრანსფერის ფინანსთა სამინისტროს მიერ ასახვა, როგორც მუნიციპალიტეტის ბიუეჯეტებში გადარიცხული ტრანსფერები, მოსახლეობას არ აძლევს რეალური სურათის დანახვის საშუალებას თუ როგორ ხდება საქართველოს რეგიონების განვითარების ფონდიდან თანხების ათვისება".

(სპეციალურად საიტისთვის)