სტრატეგიული სამიზნე - რამდენად მოსალოდნელია ირანის მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკვიდაცია?!
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 მარტს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნის, აშშ მის ელექტროსადგურებს დაარტყამს და გაანადგურებსო. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ მუქარას მუქარით უპასუხა: ირანის ელექტროენერგიის სექტორზე თავდასხმას ისრაელის ელექტროსადგურებზე, ასევე, რეგიონის ქვეყნებში აშშ-ის ბაზების ელექტროენერგიით მომმარაგებელ ელექტროსადგურებზე დარტყმით ვუპასუხებთო.
აშშ-ის სამხედრო ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურის, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალ ბრედ კუპერის განცხადებით, ირანმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ისრაელისა და სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნების სამოქალაქო სამიზნეები 300-ზე მეტჯერ დაბომბა. მისი თქმით, ირანის სამხედრო ძალების უმაღლესი მეთაურები „ღრმა ბუნკერებში“ იმყოფებიანო.
18 მარტს ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა და ისრაელმა ირანის გაზის საბადოზე და სხვა ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც შეჩერდა წარმოება ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ირანმა მომენტალურად უპასუხა: იმავე დღეს ირანის ძალებმა კატარში, რას-ლაფანის სამრეწველო ქალაქზე ბალისტიკური რაკეტებით მასშტაბური შეტევა განახორციელა და კატარის ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა. რამდენიმე საათის შემდეგ ირანმა რას-ლაფანზე მეორე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რამაც Qatar Energy-ის ობიექტებზე მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. დონალდ ტრამპს რომ ჰკითხო, ირანის სამხედრო პოტენციალი უკვე სრულად გავანადგურეთო, აბა, მაშ, საიდან აქვს ირანს რაკეტები საპასუხო დარტყმებისთვის?
არ წყდება ფარული ბრძოლები „საიდუმლო ფრონტზეც“, სადაც ისრაელ-აშშ-ის სპეცსამსახურების უპირატესობა, ირანელ „კოლეგებთან“ შედარებით, აშკარაა. ამას მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 17 მარტს მათ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის და “ბასიჯის” ძალების მეთაურის, ღოლამრეზა სოლეიმანის ლიკვიდაცია მოახდინეს. მანამდე კი სარაკეტო დარტყმებს ირანის უმაღლესი მმართველი აიათოლა ალი ხამენეი და სხვა მაღალჩინოსნები ემსხვერპლენ.
ფაქტია, რომ ისრაელ-აშშ-ს სარწმუნო სადაზვერვო ინფორმაცია აქვს თეირანში მოქმედი აგენტურიდან, რაც სარაკეტო დარტყმებისთვის ზუსტი კოორდინატების განსაზღვრაში ეხმარება. ლარიჯანისა და სოლეიმანის სიკვდილი მართლაც მნიშვნელოვანი დანაკარგია ირანის რეჟიმისთვის. ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და გავლენიანი პოლიტიკოსი ალი ლარიჯანი სამხედრო მეთაური არ იყო, მაგრამ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ირანის საშინაო და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის განსაზღვრაში. დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე ის აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აფრთხილებდა: ირანელ ხალხს თქვენი ფუჭი მუქარის არ ეშინია. ირანელი ხალხის განადგურება თქვენზე ძლიერებმაც ვერ შეძლეს. ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთო.

ფოტო: ალი ლარიჯანი დონალდ ტრამპს ემუქრებოდა და...
ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები იხტიბარს არ იტეხენ და აცხადებენ: ირანის პოლიტიკური სისტემა იმდენად მყარია, ალი ლარიჯანის მკვლელობა ირანის დესტაბილიზაციას არ გამოიწვევსო, თან ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს განადგურებით ემუქრებიან. დასამალი არაა, რომ ნებისმიერი ქვეყნის პირველი პირების სიცოცხლე ყოველთვის და ყველგან მუდმივ საფრთხეშია. პრეზიდენტზე თუ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა შეიძლება მოაწყონ: პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა და რელიგიურმა ფანატიკოსებმა; კრიმინალურმა სამყარომ; ადგილობრივმა ნაციონალ-ორთოდოქსებმა; სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა და ა.შ.
სამწუხაროდ, მსოფლიოს ისტორიას ზემოჩამოთვლილი ყველა სახის თავდასხმა ახსოვს. უმრავლესობა ლეტალური შედეგით დასრულდა, რა იყო ამის მიზეზი - დაცვის სამსახურის შეცდომა თუ ბედისწერა? აშშ-ის პრეზიდენტები: აბრამ ლინკოლნი, უილიამ მაკ-კინლი და ჯონ კენედი, ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადათი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრები, დედა-შვილი: ინდირა და რაჯივ განდები, ისრაელის პრემიერ-მინისტრი იცჰაკ რაბინი და კიდევ ბევრი პოლიტიკოსი ტერორიზმის მსხვერლნი გახდნენ.
რამდენად რეალურია ამჟამად ირანის ან მისი პროქსი ძალების მიერ ნეთანიაჰუს ლიკვიდაცია?
ბენიამინ ნეთანიაჰუ მუდმივად იყო და არის ტერაქტების საფრთხის ქვეშ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1996 წელს პირველად გახდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი და ავტომატურად -ტერორისტული ორგანიზაციების „სტრატეგიული სამიზნე“ . ოცდაათი წელი გავიდა, თუმცა „ბიბი“, როგორც მას ახლობლები ეძახიან, ისრაელისა და მსოფლიოს „პოლიტიკური თეატრის“ უცვლელი აქტორია. ისრაელის ისტორიაში ერთხელ უკვე იყო დიდად სამწუხარო ფაქტი, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერორისტის მსხვერპლი გახდა. 1995 წლის 4 ნოემბერს თელ-ავივში გაიმართა ისრაელ-პალესტინასა და, ზოგადად, არაბულ ქვეყნებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების მხარდამჭერი მიტინგი, რომლის დასრულების შემდეგ პრემიერ მინისტრი იცჰაკ რაბინი ავტომობილისკენ გაემართა, პირადი დაცვის ერთმა წევრმა კარი გაუღო, რაბინის ირგვლივ 7-8 მცველი იდგა და მაინც ფანატიკოსმა ორთოდოქსმა ებრაელმა იგალ ამირმა მოახერხა და პრემიერ-მინისტრს ზურგში ორჯერ ესროლა. მძიმედ დაჭრილი იცჰაკ რაბინი იმავე დღეს გარდაიცვალა

ფოტო: იცჰაკ რაბინზე თავდასხმა
ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი იგალ ამირი, რომელიც რადიკალური რელიგიურ-ნაციონალისტური შეხედულებებით გამოირჩეოდა, პრემიერ–მინისტრს ბრალს სდებდა იმაში, რომ ვითომდა იცჰაკ რაბინი საფრთხეს უქმნიდა ისრაელისა და ებრაელი ხალხის უსაფრთხოებას. 1996 წელს იგალ ამირს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა და ის დღემდე ისრაელში შიდაექსტრემიზმის სიმბოლოდ აღიქმება. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ტერაქტის დროს დანაშაულებრივი დაუდევრობა გამოიჩინეს საქვეყნოდ ცნობილმა ისრაელის სპეცსამსახურებმა, კერძოდ კი - “შინბეთმა” (კონტრდაზვერვა).
რატომ გახდა შესაძლებელი იცჰაკ რაბინის მკვლელობა?
ამ ტერაქტმა ისრაელის სპეცსამსახურების მთელი რიგი სისტემური ხარვეზები გამოავლინა: ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი მაინც შიდასაფრთხეების არასათანადო შეფასება გახლდათ - იმ პერიოდში მთავარ მოსალოდნელ საფრთხედ „ჰამასი” და პალესტინური ტერორიზმი ითვლებოდა. გარდა ამისა იყო კონკრეტული სამსახურებრივი დაუდევრობებიც: იცოდნენ რა ის ფაქტი, რომ იცჰაკ რაბინი ხშირად იყო „ღია კონტაქტში“ ხალხთან, ეს გარემოება არ იქნა გათვალისწინებული და მიტინგის მონაწილეებზე არ იყო სათანადო კონტროლი; ასევე არ იყო საკმარისად დაცული პერიმეტრი და სხვ.
ამჟამინდელ ისრაელის პრემიერ–მინისტრს გაცილებით უკეთ იცავენ, თუმცა, სამწუხაროდ, ასევე გაუმჯობესებულია თავდასხმის მეთოდებიც და ტექნიკაც. ბენიამინ ნეთანიაჰუს სიცოცხლე საფრთხეშია, როგორც ისრაელში არსებული მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია/დაპირისპირების, ასევე, ამ ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების შესაძლო თავდასხმების გამო. დღეს რამდენიმე ყველაზე ცნობილ ფაქტზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.
2019 წლის იანვრის დასაწყისში ისრაელის კონტრდაზვერვამ გამოავლინა ტერორისტული ჯგუფი, რომელიც თავდასხმებს გეგმავდა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ. მათში მთავარი ფიგურა აღმოსავლეთ იერუსალიმის მკვიდრი, 31 წლის მოჰამედ ჯამალ რაშდა გახლდათ, რომელიც სირიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფების დავალებით ნეთანიაჰუსა და იერუსალიმის მერის, ნირ ბარკატის მკვლელობას გეგმავდა. მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ასევე დაგაინტერესებთ: "შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო" ანუ დონალდ ტრამპის "საბჭოური წესები" - რისი უნდა ეშინოდეს სინამდვილეში მსოფლიოს?!
2024 წლის 19 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ისრაელის სპეცსამსახურებმა აღკვეთეს ირანის მიერ დაგეგმილი შეთქმულება, რომლის მიზანიც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის და ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის (შინ ბეთი) ხელმძღვანელის, რონენ ბარის მკვლელობა იყო. გაირკვა, რომ 73 წლის ისრაელელი ბიზნესმენი მორდეჰაი (მოტი) მამანი ირანის სპეცსამსახურებმა გადაიბირეს. მათი თანამშრომლობა 2024 წლის აპრილში დაიწყო და სექტემბერში დასრულდა, როდესაც მამანი თურქეთიდან ისრაელში დაბრუნების შემდეგ დააკავეს.

ფოტო: ქალი, რომლის გამოც მოტი ირანის აგენტი გახდა
მოტი მამანი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა თურქეთში, სადაც ფინანსური კავშირები ჰქონდა ირანელ და თურქ პარტნიორებთან. 2024 წლის მაისში მოტი საიდუმლოდ გადაიყვანეს აღმოსავლეთ თურქეთის სახმელეთო საზღვარზე. ირანში შეხვედრა შედგა ამ ქვეყნის დაზვერვის თანამშრომლებთან. პირველი დავალება შედარებით მარტივი იყო: ფულის და იარაღის წინასწარ შეთანხმებულ ადგილებში მიწოდება, ისრაელის ქალაქებში ხალხმრავალი ადგილების ფოტოების გადაღება და სურათების ირანში გაგზავნა და სხვ. ჩანს, რომ მამანმა დავალება კარგად შეასრულა, რადგანაც მას 6500 ევრო გადაუხადეს.

ირანში მორიგი საიდუმლო ვიზიტი 2024 წლის აგვისტოში განხორციელდა, რა დროსაც მოტი მამანს ისრაელის მაღალი რანგის პოლიტიკოსებზე მკვლელობის ორგანიზება შესთავაზეს. მამანმა ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად მილიონი დოლარის ავანსი მოითხოვა. ირანელებს ეძვირათ და ეს თანხა არ მისცეს. ამის ნაცვლად, თავდაპირველად 150 000 დოლარი, შემდეგ - 300 000 დოლარი, ბოლოს კი - 400 000 დოლარი შესთავაზეს, მაგრამ ებრაელი აგენტი თავისას არ იშლიდა. საბოლოოდ, მამანი ინფორმაციის შესაგროვებლად სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ირანის დაზვერვასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. მოტი მამანმა დაკითხვისას ამგვარად ახსნა ირანის დაზვერვასთან თანამშრომლობის მოტივები: 36 წლის ბელარუსი მეუღლის, ნატალიას შესანახად ფული მჭირდებოდა და აბა, რა მექნაო. 2025 წლის 29 აპრილს მოტი მამანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
დღეს, ტექნიკისა და ტექნოლოგიების არნახული განვითარების ხანაში, ხშირად გაიგონებთ: თუ კარგად დაგეგმეს, ყველას ლიკვიდაციაა შესაძლებელიო. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მოსაზრება არ გამართლდება.