„ამ ამბავს ვეძახი დეტექტიურ ისტორიას...“ - რატომ უპირებდნენ სამხატვრო აკადემიას დაკეტვას და როგორ გადაურჩა აპოლონ ქუთათელაძე დაჭერას - კვირის პალიტრა

„ამ ამბავს ვეძახი დეტექტიურ ისტორიას...“ - რატომ უპირებდნენ სამხატვრო აკადემიას დაკეტვას და როგორ გადაურჩა აპოლონ ქუთათელაძე დაჭერას

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაარსებიდან ას წელზე მეტს ითვლის. ის იყო ერთ-ერთი საბჭოთა კავშირის სამ აკადემიას შორის (ლენინგრადის, რიგის და თბილისის). ასევე იყო პირველი უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი საქართველოსა და მთელ კავკასიაში. გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში სამხატვრო აკადემიის არსებობას საფრთხე შეექმნა. იმდროინდელი რექტორი, საქართველოს და საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი აპოლონ ქუთათელაძე (1959 -1972 წლებში იყო რექტორი) აქტიურად ცდილობდა მის გადარჩენას და შეძლო კიდეც. თუ როგორ, ამ ეპიზოდის შესახებ გვიამბობს ყარამან ქუთათელაძე. ის გახლავთ ბატონი აპოლონის შვილი, მხატვარი, პროფესორი, სამხატვრო აკადემიის რექტორი.

akademiis-shenoba-dges-1774340220.png

qaraman-kutatelaze-1774340716.png

ყარამან ქუთათელაძე:

- იმ წლებში საბჭოთა კავშირის ცეკას პირველი მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი იყო, რომელმაც უმაღლესი სამხატვრო განათლების სფეროში ვითომ ცვლილებების გამო, დახურა თბილისის სამხატვრო აკადემია და იგივეს აპირებდა ლენინგრადსა და რიგაშიც. მაშინ აკადემიის სათავეში იდგა მამაჩემი, ის და მასთან ერთად სხვა პროფესორები ჩავიდნენ მოსკოვში და როგორც ამბობდნენ, შეხვდნენ ხრუშჩოვს. იქიდან რა პასუხით გამოვიდნენ, არავინ იცის. ამბავს ვეძახი დეტექტიურ ისტორიას იმიტომ, რომ უამრავი ლეგენდა არსებობს ამ თემაზე. თუმცა ფაქტია, რომ მოსკოვში რამდენიმე ვიზიტი ჰქონდა მამას, სადაც ავტორიტეტით სარგებლობდა. აპოლონს წლების მანძილზე მოსკოვში თანამდებობა ეკავა - მხატვართა ფონდის თავმჯდომარე იყო. ის ბევრ პიროვნებას იცნობდა და მათთან კარგი ურთიერთობაც ჰქონდა.

apoloni-1774340245.jpg

აპოლონ ქუთათელაძე

ამასობაში, თბილისში გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე სამხატვრო აკადემიის უკან საავადმყოფოსთვის კორპუსი შენდებოდა (ზუბალაშვილების ქუჩის მხრიდან), მაგრამ მალევე შეცვალეს გადაწყვეტილება და დიღმის მასივში დაიწყეს საავადმყოფოების მშენებლობა. მამაჩემმა იხელთა დრო და ის შენობა, სხვათა შორის, არალეგალურად ააშენებინა თავის მეგობრებს. ყველას ეგონა, რომ საავადმყოფო შენდებოდა. სინამდვილეში აიგო სამხატვრო აკადემიის ახალი, ათსართულიანი კორპუსი არქიტექტორების - არჩილ ქურდიანის, მიხეილ ჩხიკვაძის და კონსტრუქტორ დავით ქაჯაიას პროექტით. ეს კორპუსი ოფიციალურად დაგვიმტკიცეს მხოლოდ რამდენიმე წლის წინ. მშენებლობისთვის ცემენტს, აგურს, ლურსმანს თუ სხვა ნებისმიერ წვრილმანს მამაჩემი სთხოვდა საქართველოს ცეკას მდივანს - ვასილ მჟავანაძეს. მამას ასეთი პოლიტიკა ჰქონდა, თუ საჭირო იყო, შეეძლო ქვეყნის პირველი პირისთვისაც ეთხოვა ყველაფერი.

vasil-mzhavanaze-1774340292.jpg

ვასილ მჟავანაძე

აკადემია ერთი წელი იყო დაკეტილი. ამის მიუხედავად შეიქმნა ქსოვილების მხატვრული გაფორმების, ტანსაცმლის მოდელირების, ხისა და ლითონის ნაკეთობათა და სამრეწველო ხელოვნების განყოფილებები. მერე დაარსდა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი და სხვა. ეს გაიგო ხრუშჩოვმა, გაბრაზდა, რაღაცას მატყუებენო. და თბილისში გამოაგზავნა დელეგაცია, საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრის ეკატერინა ფურცევას ხელმძღვანელობით. მამაჩემი კარგად იცნობდა მას, მეგობრობდნენ კიდეც (ლამაზი ქალბატონი იყო, მამაც - მომხიბვლელი მამაკაცი). მინისტრი ჩამოვიდა, ასე ვთქვათ, დასასჯელად, მაგრამ მამამ ფურცევას საფუძვლიანი არგუმენტები დაუსახელა. მაგალითად, მოდელირება გვჭირდებოდა იმისთვის, რომ ჯერ მარტო თბილისში 6 სამკერვალო ფაბრიკა იყო; კერამიკას საქართველო აწარმოებდა და მთელ საბჭოთა კავშირს ამარაგებდა; ხის ნაკეთობების, მინის, დიზაინის და სხვა მიმართულებების განვითარებაც, შექმნიდა სამუშაო ადგილებს, რაც უზრუნველყოფდა ახალგაზრდების დასაქმებას. სიტუაცია ჩვენს სასიკეთოდ შემოტრიალდა და ყველაფერი დალაგდა.

purceva-da-xrushchovi-1774340334.png

ნიკიტა ხრუშჩოვი და ეკატერინა ფურცევა

თბილისში მათი სტუმრობის ამსახველი ფოტოები შენახული მაქვს. ფურცევა და მისი დელაგაცია კმაყოფილი დარჩა. ამაზეც არსებობდა სხვადასხვა ვერსია და ლეგენდა... ფაქტი ის არის, რომ ამ საქმეს სჭირდებოდა საოცარი სითამამე, რასაც ბევრი ვერ გაბედავდა და იყო იმის რისკიც, რომ მამაჩემი დაეჭირათ. მან გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ბევრმა სისტემის დინების საწინააღმდეგო ქცევად შეაფასა. ის იყო პიროვნება, რომელსაც საერთოდ არაფრის არ ეშინოდა. მამა 17 წლისა მოხალისედ წავიდა პირველ მსოფლიო ომში, ორდენებიც მიიღო. 1921 წელს იბრძოდა კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში წითელი არმიის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობას იცავდა.

apolon-kutatelaze-1774340383.jpg

აპოლონ ქუთათელაძე

- არქივში თუ არსებობს ხრუშჩოვის ბრძანების ამსახველი რამე დოკუმენტი?

- ვერაფერს გეტყვით... ეს მკვლევრების საგანია. ვფიქრობ, არ არის აუცილებელი ქაღალდზე ყოფილიყო ბრძანება, დარეკავდნენ და მორჩა!.. მჟავანაძემ შეუწყო ხელი მამას, ის დადგა აპოლონის გვერდით, მან დახუჭა თვალი იმ მშენებლობაზე და დიდია მისი ღვაწლი იმაში, რომ სამხატვრო აკადემიამ მუშაობა გააგრძელა. გასული საუკუნის 60-იან წლებში უამრავი რამ გაკეთდა თბილისში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ბედმა გაუღიმა საქართველოს, რენესანსის ხანა იდგა მაშინ და ერთ-ერთი ბრილიანტი გახლდათ ევროპული დონის სამხატვრო აკადემია.

ახლა ვამზადებთ დიდ გამოფენას, რომელიც მაისში გაიმართება. გამოფენილი იქნება მასალები სამხატვრო აკადემიის ცხოვრებიდან, დაწყებული მისი დაარსების (1922 წლის 8 მარტი) დღიდან.

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)