„ბუნებისგან მიიღო ის, რაც ღმერთმა მოგვცა. ამას თუ შეძლებ, მგონი, აღარ მოგინდება, რომ მაინცდამაინც შენი სხეული აწვალო - რაღაც აითალო, მოიჭრა...“ - მაკა ჩიჩუას გულახდილი ინტერვიუ
Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია მხატვარი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა. მან ჩვენი მკითხველის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს. "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას კი სტატიის ბოლოს ნახავთ.

ნინი:
- ქალბატონო მაკა, მოგესალმებით. მოგვიყევით თქვენს ოჯახზე, მშობლებზე. როგორი ბავშვი იყავით და როგორი ბავშვობა გქონდათ?
- დავიბადე საბჭოთა პერიოდში, 70-იანი წლებში ვიზრდებოდი. ეს დროს პრინციპში ბოლო ეტაპი იყო საბჭოეთის... ძალიან კარგი, საყვარელი ბავშვობა მქონდა. მაშინ არც ვიცოდი თუ კიდევ სადმე სხვანაირი ცხოვრება არსებობდა... დედა პროფესიით მხატვარია, მამა - არქიტექტორი. მამასთან ურთიერთობა დიდად არ მქონია, ჩემი მშობლები დაშორებულები იყვნენ. თუმცა შემოქმედებითმა გენეტიკამ "იმუშავა“ და მეც ერთი წლიდან ხელში ფუნჯი და ფანქარი მეჭირა, - სულ რაღაცებს ვხატავდი. ვხატავდი ყველგან და ყველაფერზე. დედა არასოდეს მიშლიდა, რომ კედელზე ან იატაკზე დამეხატა. სადაც გინდა დახატე, ოღონდაც შენი საყვარელი საქმე როგორც გინდა და რა დროსაც გინდა აკეთე - ასეთი იყო დედის პოზიცია. ასე რომ, ჩემი ბავშვობა პრინციპში კარგად და თბილად მახსენდება. სიყვარულით გავიზარდე...

ნელიკო:
- პროფესიით მხატვარი ხართ. ამ ეტაპზე ამ კუთხით რას საქმიანობთ?
- სულ ვცდილობ, რომ ვხატო, მუდმივად მაქვს მცდელობა, მივიდე მოლბერტთან, მაგიდასთან ან ფურცელთან... ახლაც, ნებისმიერ დროს რისი შესაძლებლობაც მეძლევა და რა დროც შემიძლია გამოვიყენო შემოქმედებისთვის, ვცდილობ, რომ ეს დრო არ დავკარგო. როგორც კი ჩერდები, იქიდან მერე თავიდან იწყებ რაღაცას. ამიტომ ერთი დღის ჩაგდებაც წარმოუდგენელია, არ შეიძლება. საჭიროა მუდმივი მეცადინეობა და ვარჯიში. როგორც პიანისტები ამბობენ, ფორტეპიანოზე მუდმივად რვა საათი ყოველდღე უნდა იმეცადინო, თორემ მერე თითები უკვე ისე აღარ მუშაობსო. ასევეა ხატვაში და ალბათ ნებისმიერ პროფესიაში ასე ხდება - სულ უნდა იმუშაო.
კინომანი:
- ფილმებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული. რომელი როლი იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი, სადაც ითამაშეთ და რომელ რეჟისორთან იყო ყველაზე კომფორტული გადაღების პროცესი?
- პატარ-პატარა როლები იყო... გამორჩეულად სულ პირველი ფილმი ლევან კიტიას "ტრასა“ აღმოჩნდა. დღეს იმ კადრებს რომ ვუყურებ, ძალიან პატარა ვარ. 15 წლის ვიყავი, ლევანმა როცა მიპოვა და თავის ფილმში მონაწილეობა შემომთავაზა. ძალიან კარგი გუნდი იყო, დიდხანს ვიღებდით, რადგან ფირზე ხდებოდა გადაღება... მაშინ ნაკლები შესაძლებლობები იყო, პატარა ფილმი გამოვიდა. შემდეგ რეჟისორმა ლიკა ციხისელმა თავის ბიოგრაფიასთან ასოცირებულად პატარა, შავ-თეთრი, უხმო, საინტერესო ფილმი შექმნა. "გაიღიმე“ რუსუდან ჭყონიამ გადაიღო, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. თუმცა იქ ჩემი თავი ბოლომდე არ მომწონს, მაგრამ გამოცდილების კუთხით არ იყო ურიგო. თან ყველა ისეთი მსახიობი ქალი თამაშობდა, პროფესიონალი, რომ ბევრი რაღაცის დანახვა შევძელი, თუნდაც ის როგორც მუშაობდნენ ისინი... გოდერძი ჩოხელთან პატარა ეპიზოდი იყო...