"ვინ იქნება მომდევნო პატრიარქი, ამ თემით არა მხოლოდ ქართული პოლიტიკა, არამედ რუსეთიცაა დაინტერესებული" - ვახტანგ ძაბირაძე
მეუფე შიო დიდი ხანია რაც მოსაყდრეა და როგორც ჩანს, მას მეტ-ნაკლებად ხელისუფლებასთან დალაგებული აქვს სიტუაცია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას სხვა კანდიდატი არ შეიძლება ჰყავდეს. ხელისუფლებას სჭირდება აბსოლუტურად მორჩილი კანდიდატი. ვერ გეტყვით მეუფე შიო ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს თუ ვერ აკმაყოფილებს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კარგი იქნებოდა ეკლესიის პოლიტიკისგან გათავისუფლება, მაგრამ ეს საქართველოს რეალობიდან გამომდინარე ფაქტობრივად გამორიცხულია.
„ვუსამძიმრებ ყველას პატრიარქის გარდაცვალებას. უდიდესი პიროვნება იყო. თუ გავითვალისწინებთ, სად იყო ამ 50 წლის განმავლობაში ქართული ეკლესია, იგივე 1977 წელს და როგორი არის დღეს, გნებავთ მრევლით, ახალი ტაძრების გახსნით და ა.შ. პირადად არის პატრიარქის დამსახურება. რა თქმა უნდა, როცა ასეთი ფიგურა მიდის ამ ქვეყნიდან, იქნება ეს სასულიერო თუ საერო პირი, იქ ჩნდება უდიდესი სიცარიელე, რომლის შევსებაც რთულია ნებისმიერ ვითარებაში. პატრიარქის გარდაცვალების გამო კი ეს სიცარიელე კიდევ უფრო ღრმაა. მას ჰქონდა უდიდესი ავტორიტეტი. მე არც ვიცი, ვინმე შებედავდა თუ არა გადაბრუნებულ სიტყვას. პატრიარქი იყო მამა, ჩვენ ვართ ძმები და ძმებს შორის ურთიერთობა ისეთი ვერ იქნება, როგორიც იყო პატრიარქსა და დღევანდელი სინოდის წევრებს შორის. ვინც არ უნდა მოვიდეს პატრიარქად, ჯერ მოსვლა იქნება პრობლემა, იმიტომ, რომ არის სხვადასხვადა დაჯგუფებები, არის პოლიტიკური ინტერესი. ძნელია თქვა, რომ სახელმწიფო და პოლიტიკური ელიტა იქნება ნეიტრალური.
სამგლოვიარო დღეებშიც კი, როცა მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ამ თემას ეხებოდნენ, ისინი მუდმივად ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მემკვიდრე, მოსაყდრე არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად გახდება კათოლიკოს-პატრიარქი. ერთადერთი, რაც შეიძლება ვივარაუდოთ და დიდი ალბათობით ასეც იქნება, ეს არის ის, რომ საკმაოდ რთული პროცესის წინაშე ვდგავართ. სხვათა შორის, საპატრიარქო აღმოჩნდა ერთადერთი ინსტიტუტი ერის ცხოვრებაში, რომელმაც ერთიანობა დღემდე შეინარჩუნა. ვისურვებდი, რომ ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგაც ეს ერთიანობა საპატრიარქოს შეენარჩუნებინოს და არ მოხდეს მისი ფრაგმენტაცია. იმიტომ, რომ ეს რეალურად გავლენას მოახდენს მთელს საზოგადოებაზე. ჩვენ ისედაც ფრაგმენტირებული და დეტერმინებული საზოგადოება ვართ და კიდევ თუ რელიგიური კუთხეც ამას დაემატა, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს, ეს ერისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის იქნება ცუდი.
რაც შეეხება იმას, რა შანსები შეიძლება ჰქონდეს მეუფე შიოს, მე გამიჭირდება ამ თემაზე პროგნოზის გაკეთება, იმიტომ, რომ არ ვარ ჩახედული საპატრიარქოს შიდა ცხოვრებაში. აქ უნდა ფლობდე მნიშვნელოვან ინფორმაციას განწყობების შესახებ. მე დღეს ამ თემაზე მხოლოდ ვმსჯელობ იმ რეალობიდან გამომდინარე, იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც გამოითქვა მღვდელმთავრების მხრიდან. მეუფე შიო დიდი ხანია რაც მოსაყდრეა და როგორც ჩანს, მას მეტ-ნაკლებად ხელისუფლებასთან დალაგებული აქვს სიტუაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას სხვა კანდიდატი არ შეიძლება ჰყავდეს. ხელისუფლებას სჭირდება რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მორჩილი კანდიდატი. ვერ გეტყვით მეუფე შიო ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს თუ ვერ აკმაყოფილებს“,- განაცხადა ძაბირაძემ.
მისივე თქმით, ვინ იქნება მომდევნო პატრიარქი, ამ თემით არამხოლოდ ქართული პოლიტიკა, არამედ რუსეთიცაა დაინტერესებული.
"ინტერპრესნიუსი"