"ელენე ხოშტარიას არცერთი ჯარიმა არ აქვს გადახდილი, შეფარდებული ჰქონდა გირაო და არ გადაიხადა, ზარალი არ აუნაზღაურებია და დანაშაულს არ აღიარებს" - მოსამართლე გიორგი არევაძე - კვირის პალიტრა

"ელენე ხოშტარიას არცერთი ჯარიმა არ აქვს გადახდილი, შეფარდებული ჰქონდა გირაო და არ გადაიხადა, ზარალი არ აუნაზღაურებია და დანაშაულს არ აღიარებს" - მოსამართლე გიორგი არევაძე

მოსამართლე გიორგი არევაძე განმარტავს, რატომ გამოიტანა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი.

არევაძის განმარტებით, ხოშტარიას მიმართ შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობდა, ვინაიდან წარსულში ხოშტარიას წინააღმდეგ 16 ადმინისტრაციული საქმე იყო წარმოებული და არცერთ მათგანზე შეფარდებული ჯარიმა არ გადაუხდია.

„დანაშაულს ადასტურებს ტელეკომპანიის მიერ გადაღებული კადრები. ასევე, დაცვის თანამშრომლის მიერ გადაღებული კადრები. ზიანი ჯამში 570 ლარს შეადგენს. ასევე, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბანერის აღდგენა შეუძლებელია.

არ არსებობდა სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები. მის მიმართ 16-ჯერ იყო ადმინისტრაციული საქმე წარმოებული და არცერთი დაკისრებული ჯარიმა არ აქვს გადახდილი. ასევე, ჰქონდა შეფარდებული გირაო, რომელიც არ გადაიხადა. ზარალი არ აქვს ანაზღაურებული და დანაშაულს არ აღიარებს“, - განაცხადა გიორგი არევაძემ.

ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა