"უცებ უწმინდესი ამბობს, ახლა ჩვენ მივდივართ, ვახტანგ გორგასალს უნდა გავესაუბრო, უნდა დაველაპარაკო, უჯარმაში უნდა წავიდეთო" - რას ჰყვება მამა შალვა კეკელია პატრიარქზე
"უდიდესი ეპოქა დასრულდა", - ხშირად გაიგონებდით ამ დღეებში. პატრიარქი იყო საქართველოს სულიერი სიმტკიცის, ერთიანობისა და მშვიდობის სიმბოლო. ვემშვიდობებით და გვჯერა, ზეციდანაც შეგვეწევა მისი ლოცვა. მისი უკვდავი სახელი მუდამ იქნება ჩვენს გულებში, როგორც უდიდესი სიყვარულის მაგალითი... ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია 30 წელი იყო პატრიარქის გვერდით. ის უმძიმეს ბოლო წუთებშიც მასთან იყო...
- პირველად პატრიარქს მარტვილში, 1990 წელს შევხვდი. მაშინ თხუთმეტი წლის ვიყავი. დედაჩემმა მასთან სამადლობელი წერილი გამატანა, მოვახერხე, მივედი პატრიარქთან და წერილი გადავეცი. დამლოცა და ლოცვანი მაჩუქა, ეს იყო ჩემი პირველი შეხება უწმინდესთან. წლები რომ გავიდა, სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე და იქ პატრიარქთან მოვხვდი. უწმინდესმა ჩამაცვა სტიქარი, მაკურთხა, მედავითნეობამდე ზარებს ვრეკავდი სიონის ტაძარში. მადლობა ღმერთს, რომ ასე დამასაჩუქრა და ამდენი წელი გამატარებინა ამ უდიდეს ეპოქალურ ადამიანთან. მოსაყოლი იმდენია, იმდენი რამე მახსენდება... წარმოიდგინეთ, 30 წელი მომიწია პატრიარქთან ყოფნამ, აქედან რვა წელი მასთან ყოველდღიურად ვიყავი. შვიდი მღვდელიდან თითო მორიგეობით ვრჩებოდით მასთან. კვირაში ერთი დღე ჩემი იყო. დილის 6-საათიან ლოცვას რომ მოვრჩებოდით, დავსხდებოდით ზამთრის ბაღში და ჩვენი უწმინდესი გვიყვებოდა საოცარ ისტორიებს მისი ბავშვობიდან მოყოლებული. ამ ყველაფერს ტელეფონში ვიწერდი და სათუთად ვინახავდი. სამწუხაროდ, ის ტელეფონი დამეკარგა, სადაც ხუთი წლის ჩანაწერები მქონდა და ძალიან განვიცადე. დიდი დანაკარგი იყო ეს ჩემს ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ, რამდენი საინტერესო რამ იქნებოდა. ერთი ამბავი მახსენდება: დილით ლოცვა წავიკითხეთ, უცებ უწმინდესი ამბობს, ახლა ჩვენ მივდივართ, ვახტანგ გორგასალს უნდა გავესაუბრო, უნდა დაველაპარაკო, უჯარმაში უნდა წავიდეთო. მოვიდა მანქანა და წავედით. მივედით უჯარმაში, ფეხით ავიყვანეთ უწმინდესი, გაჩერდა ცოტა ხანს, მერე მარტო შევიდა ტაძარში - იქ პატარა ტაძარია, მარტო მინდა ველაპარაკო ვახტანგ გორგასალსო. ასეთი ცოცხალი, საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა წმინდანებთან...
- ემოციური იყო თქვენი მიმართვა მათთვის, ვინც აუგს ამბობდა პატრიარქზე, შენდობა სთხოვეთ პატრიარქსო.
- დიახ, ყველას გთხოვდით, ვისაც კი მასზე აუგი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ. ეს თქვენ გჭირდებათ, უწმინდესს არ სჭირდება არც შენდობა, არც პატიება...
ამდენი წელი მასთან გავატარე და არ მახსოვს, რომ უწმინდესს ვინმეზე აუგი ეთქვას. როცა ტელევიზიიდან მისი მაგინებლების და მლანძღველების საუბრებს ისმენდა, სულ მეუბნებოდა, მამაო, მათი სახელები ჩაიწერეო. ერთ-ერთი შემთხვევა იყო, ეთერში ორი პირი იჯდა და უწმინდესს ლანძღავდნენ. ტრაპეზზე ვიჯექი და გადავრთე პულტით ტელევიზორი, რომ უწმინდესს არ მოესმინა. მითხრა, გადმორთე, უნდა ვუყუროო, და უყურა, როგორ ლანძღავდნენ. ტრაპეზი რომ დამთავრდა, მითხრა, სახელები ჩაიწერე, ისინი ჩემი შვილები არიან, მე მათზე პასუხისმგებელი ვარ და ხვალ მათზე განსაკუთრებულად უნდა ვილოცო, რომ მათი სულები არ დაიღუპოს. მე ღმერთმა მათი სულები ჩამაბარა, მათი პატრიარქი ვარო...
უწმინდესი ისევ იმ ადამიანების მდგომარეობას განიცდიდა. ერთადერთი იმას ამბობდა, მეცოდება ეს ადამიანები დიდი ჯვრის ტარებისთვის, პატრიარქის გამკითხველის ჯვარი რომ უნდა ატარონო.
ჯერ განკითხვა როგორი რთულია და პატრიარქის განკითხვა და ლანძღვა კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ადამიანის სულს. როგორ იღუპავენ თავს, ძალიან მეცოდებიანო, და სულ ლოცულობდა მათთვის. ასეთი იყო პატრიარქი, ყველას მამა. ჟურნალისტები საპატრიარქოსთან რომ იდგნენ ხოლმე დიდხანს, გვეტყოდა, საჭმელი ჩაუტანეთ, მშივრები იქნებიანო...
ბოლოს რეანიმაციაში ვნახე, მე, მამა ნათანელმა და მამა ლუკამ ზეთი ვაცხეთ და წმინდა ნაწილები დავადე გულზე, წმინდა გიორგის მუხლის ნაწილი, მამა გაბრიელის სხეულის წმინდა ნაწილი... ძალიან რთული იყო ეს წუთები. როცა უკვე მივხვდი, გარდაიცვალა და ექიმები ვეღარაფერს აკეთებდნენ, ჩემს მეგობარ მამა ნათანელს ეს სიტყვები მივწერე, დიდი ეპოქა დასრულდა-მეთქი. ჩვენი ბავშვობის ეპოქაც დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება. ქრისტიანები ვართ და უმთავრესი რამის გვჯერა - მარადიული ცხოვრების, იქ მარადიული სამყოფლის. უწმინდესს ძალიან უნდოდა ღმერთთან წარმდგარიყო. როგორც კელაპტარს დაანთებ ხოლმე ლოცვის წინ და დაგიდნება, ისე ჩამოდნა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში. ვფიქრობ, ძალიან დიდი რამე დაიწყება ღვთის შეწევნით ისევ და მისი წყალობით.
- უზარმაზარი შემოქმედი იყო, ხატავდა, ქმნიდა ხატებს, საგალობლებს, წერდა ლექსებს... თუ გინახავთ ამ პროცესში როგორი იყო?
- როგორ არა. სამებაში ღვთისმშობლის ხატიც პატრიარქის დაწერილია. ხატისთვის დასაწერი დაფა რომ მზადდებოდა, ჩვენც გვაქვს ამაში მონაწილეობა მიღებული. პატრიარქი დაფას გრუნტავდა და აკეთებდა... დილითაც მუშაობდა, საღამოსაც, დღისითაც, არ ჰქონდა განსაზღვრული დრო. საგალობლებს რომ ქმნიდა, მერე მოჰყავდა ბიჭები და ასმენინებდა. საგალობლებზე ერთად მუშაობდნენ. მე ხმა არა მაქვს და ბევრი ვეცადე, რომ შემძლებოდა გალობა... ერთ დღეს დილის ექვს საათზე ლოცვას რომ მოვრჩით, ერთად ვიგალობეთ მე და უწმინდესმა. მოდი, მამა შალვა, ახლა მე შენ ხმას მოგცემ, შენ ხმა დაიჭირე და ვიგალობოთო, მითხრა. ეს რაღაც არ მომწონს, მოდი თავიდან დავიწყოთო... ასე მუშაობდა სულ, ხმა დამაჭერინა და ვიგალობეთ ერთად.
უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, უამრავი ეკლესიის წევრს შევხვედრივარ და ყველა ამბობდა, რომ ჩვენი პატრიარქი საყოველთაო პატრიარქი იყო. ამას ყველა აღიარებდა. მთელ მსოფლიოში მას უდიდესი პატივისცემა აქვს არა მხოლოდ მართლმადიდებლებში, არამედ ნებისმიერ რელიგიაში. ვინც პატრიარქს ხვდებოდა, ყველას საოცარი სიყვარული უჩნდებოდა. გასაკვირი არ არის, რომ პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვიდა, იმიტომ, რომ ყველა პატრიარქი თანასწორია. ერთად წირავდნენ, ერთად მსახურებდნენ. ჩვენი პატრიარქი ყველგან ყოველთვის მიდიოდა, სანამ ჯანმრთელობა ჰქონდა, მერე უკვე დელეგაციას უშვებდა. უდიდესია მისი ღვაწლი. უდიდესია მისი გაკეთებული საქმეები...
პანდემიის დროს პატრიარქმა ეკლესიები არ ჩაკეტა. როცა ეუბნებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, თქვენო უწმინდესობავ, არ შეიძლება, ტაძრები უნდა დავკეტოთო, ასე უპასუხა, ჩემი მთელი ცხოვრება ხალხს იმას ვეუბნები, ტაძარში მოდით და ჩემი ბაგიდან როგორ ამოვა სიტყვა, ტაძარში არ მოხვიდეთო. ამას ვერასდროს ვიტყვი. პატრიარქი გავხდი იმიტომ, რომ ხალხი ეკლესიაში შემომეყვანაო.