"ლადო ბაკურიანში გავიცანი, 19 წლის ასაკში დამატყდა თავს დიდი და ყოვლისმომცველი გრძნობა, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება განსაზღვრა"
"იყო მრავალი პრობლემა, ტკივილი - ლადოს ხომ ოჯახი ჰყავდა, მაგრამ ჩვენი სიყვარული ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა"
კაცის ცხოვრება ერთი მთლიანი წიგნია, ზოგი ძალიან საინტერესო, ზოგიც - ნაკლებად... და არასოდეს ისე გულახდილი არ არის ადამიანი, როგორც ათეული წლების გადასახედზე დგომისას. ფიქრები, გრძნობები ცოცხლდებიან და მათთან პირისპირ დარჩენილი იწყებს ყველაზე მართალ შეფასებასაც...
ლანა ღოღობერიძე - ლიტერატორი და რეჟისორი, იმ ადამიანთაგანია, რომელმაც წლების შემდეგ ბევრი რამ ახლებურად აწონ-დაწონა.
"კვირის პალიტრის" არქივში ინახება მისი გულახდილი ინტერვიუ, რომელშიც ცხოვრების უდიდეს სიყვარულზეც საუბრობს. ეს გახლდათ მისი მეუღლე, ცნობილი არქიტექტორი, სპორტის სასახლის ავტორი ლადო ალექსი-მესხიშვილი.

მე და ლადო
ლადო ალექსი-მესხიშვილი ბაკურიანში გავიცანი, იგი საოცრად ელეგანტური, მოხდენილი და სპორტული აღნაგობისა გახლდათ. არასოდეს აკლდა ქალების ყურადღება. შეჯიბრება ბაკურიანის ცენტრში, პარკში ტარდებოდა. იმ დღეს სწრაფად დაშვებაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. ჯერ ბიჭები უნდა გამოსულიყვნენ, მერე - გოგოები. მე მეცამეტე ნომერი შემხვდა, ლადოსაც. ფინიშს უახლოვდებოდა, როცა თხილამური გაექცა, შეტორტმანდა და ხეს შეასკდა. გულგახეთქილი მივჩერებოდი, მან კი გადაიხარხარა, თოვლი დაიფერთხა და მომიახლოვდა. თავისი ნომერი მოიხსნა და სიცილით მითხრა, - იმედია, ეს რიცხვი თქვენთვის უფრო იღბლიანი იქნებაო. ამ დღიდან ჩვენი გზები გადაიკვეთა.
ლადო უკვე ცნობილი არქიტექტორი იყო. 19 წლის ასაკში დამატყდა თავს დიდი და ყოვლისმომცველი გრძნობა, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება განსაზღვრა...