"პატრიარქს ის ძალიან უყვარს..." - როგორ აღიკვეცა ბერად კონსერვატორიის სტუდენტი და რას ყვებოდა მეუფე შიოზე ბავშვობის მეგობარი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დაასახელა. შიო მუჯირი, ერისკაცობაში ელიზბარი თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. ის 53-ე სკოლაში სწავლობდა და როგორც ამბობენ, ვირტუოზი მუსიკოსია - სწავლობდა კონსერვატორიაში, უკრავს ჩელოზე. თუმცა, სწავლა მუსიკალური მიმართულებით აღარ დაამთავრა და 24 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა. მეუფე შიოს შესახებ მისი მეგობარი, რეჟისორი გიო მგელაძე გვესაუბრა:
"მე და მეუფე შიო კლასელები ვართ, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. 53-ე სკოლაში ერთად ვსწავლობდით, როცა ბაბუაჩემი პავლე ინგოროყვა გარდაიცვალა, მან მომნათლა. 53-ე სკოლის გვერდზე ქურდიანების ცნობილი სახლია, აი, მათი შთამომავალია მეუფე შიო, ბებიამისი გახლდათ ექიმი ნინო ჟვანია. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავდა, თუმცა ცოცხალი არავინ აღარ არის. ჰყავს ერთი და.
- ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებთ, რომ ვირტუოზი მუსიკოსი იყო...
- ნიჭიერი მუსიკოსი არის ნამდვილად, მაგრამ კონსერვატორია არ დაამთავრა. ბოლო კურსზე ბერად აღიკვეცა. ჯერ თეოლოგიით დაინტერესდა, შემდეგ სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, არის თეოლოგიის დოქტორი.
- პრეზიდენტი მარგველაშვილიც თქვენი კლასელი იყო...
- არა, ჩვენ ყველა მეგობრები ვიყავით.
- სოციალურ ქსელში ადრე გავრცელდა თქვენი ახალგაზრდობის ფოტო, სადაც თქვენ, მეუფე შიო და სხვა მეგობრები, პატრიარქს ხვდებით. გაიხსენეთ ეს შეხვედრა...