"არ არის გასაკვირი, ახალაია ვარაუდობდეს, რომ გამოძიება მას სხვა უფრო მნიშვნელოვანი დამნაშავეების გამოსავლენად გამოიყენებს..." - კვირის პალიტრა

"არ არის გასაკვირი, ახალაია ვარაუდობდეს, რომ გამოძიება მას სხვა უფრო მნიშვნელოვანი დამნაშავეების გამოსავლენად გამოიყენებს..."

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დაკავებულია. მას ბრალს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის III ნაწილის საფუძველზე 48 საათში წაუყენებენ, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ამავე მუხლით დაკავებულები არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა. როგორც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა: "ამ ეტაპისთვის გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ 2011 წლის ოქტომბერში თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალიამ თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესა და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად თავდაცვის სამინისტროს სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს. ამასთანავე, ბაჩო ახალიამ ერთ-ერთ სამხედროს დანის ტარი თავში ჩაარტყა. ამის შემდეგ ახალიამ ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ვაზიანში დისლოცირებულ მე-4 ბრიგადაში გადაიყვანა და იქ, ბრიფინგის ოთახში სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს". ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაკავების მიზეზი სასაცილოა და დაკავება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

გვესაუბრება იურისტი ლია მუხაშავრია:

- ქალბატონო ლია, წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობისას ბაჩო ახალაიას არაერთ ბრალდებას უყენებდნენ, როგორც იმჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგნლები, ასევე უფლებადამცველები. რას ფიქრობთ იმ მუხლზე, რაც მას ბრალად წაუყენეს და ელით თუ არა, რომ საქმის ძიებასთან ერთად მისი ბრალდებები დამძიმდება?

- უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის მისი კარიერის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების ბოლო ეპიზოდი და სწორედ აქედან დაიწყო გამოძიება. რა თქმა უნდა, სამართლადამცავებს ექნებათ საშუალება, რომ სხვა მოწმეების დაკითხვების შედეგად, სხვა მტკიცებულების საფუძველზე მიყვნენ მის კარიერას უკუქრონოლოგიით და გამოიკვლიონ ყველა ის საჯარო ბრალდება, რაც უკვე მოგვისმენია მის წინააღმდეგ. იმის მიხედვით, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე გახმაურდა, შეიძლება ითქვას, რომ არსებობდა ახალაიას პროკრატურაში მიწვევისა და დაკითხვის რეალური საფუძველი.

- ჩვენ უკვე მოვისმინეთ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა განცხადებები. ისინი, ერთმნიშვნელოვნად, ბაჩო ახალაიას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ…

- განცხადებები კეთდება და მომავალშიც აუცილებლად გაკეთდება. შესაბამისად, დაბეჯითებით ვურჩევ პროკურატურას, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს, უნებლიეთ არ იქნას დარღვეული ბრალდებულების უფლებები და არავის მიეცეს საბაბი და მოტივი ვინმეს პოლიტიკურ პატიმრობაზე სალაპარაკოდ. ჯერჯერობით მიმაჩნია, რომ სამართლადამცავთა მხრიდან ყველა მოქმედება იყო ნამდვილად კორექტული და სამართლებრივად სწორი.

- რამდენად მოსალოდნელია, რომ ბაჩო ახალაიმ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, შედეგად კი გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება?

- მე ეს უკვე ვივარაუდე. ის მიზანმიმართულად დაბრუნდა საქართველოში, გამოცხადდა პროკურატურაში, გამოხატა მზაობა კითხვებზე პასუხის გაცემისა და ამ ყველაფრის გათვალსიწინებით, არ არის გასაკვირი, ახალაია ვარაუდობდეს, რომ გამოძიება მას გამოიყენებს სხვა უფრო მნიშვნელოვანი დამნაშავეების გამოსავლენად. ოღონდ ეს უკვე უნდა მოხდეს კონკრეტული ფაქტებისა და გარემოების გათვალისწინებით. ჩემზე ნამდვილად დატოვა ასეთი შთაბეჭდილება მისმა საქციელმა, როდესაც ის თავისი ფეხით მივიდა პროკურატურაში. მან ყველაზე უკეთესად იცის, რა აქვს ჩადენილი და რა - არა. შესაბმისად, უნდა დაველოდოთ გამოძიებას და ვნახოთ, ამ მიმართულებით რა გაკეთდება. ისე კი, მთელ მსოფლიოში საპროცესო შეთანხმების უპირველესი ამოცანა სწორედ ის არის, რომ გამოძიება ერთი მოწმის საშულებით გავიდეს სხვა უფრო მნიშვნელოვან დამნაშავეებზე, ან ერთი ბრალდებულისთვის იმუნიტეტის მინიჭებით უფრო მოცულობითი და უფრო მძიმე დანაშაულები გახსნას.

- ბაჩო ახალაიას გარდა დაკავებულნი არიან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა. თავადპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ბაჩო ახალიას ჩვენების საფუძველზე მოხდა, თუმცა შემდეგ მთავარმა პროკურორმა განმარტა, რომ როგორც ბაჩო ახალიას, ასევე ამ ორი ბრალდებულის წინააღმდეგ დაზარალებულებმა მისცეს ჩვენებები.

- უმნიშვნელოვანესია ითქვას, რომ რა ჩვენებაც უნდა მიეცა წუხელ ბაჩო ახალაიას, ეს ჩვენება არ უნდა იქნას გამოყენებული. საერთოდაც ვისურვებდი, ამგვარი ჩვენება დაუშვებელ მტკიცებულებად გამოცხადდეს, იმიტომ, რომ წუხელ მისი დაკითხვა დაიწყო მოწმის სტატუსით და თუ რაიმე ჩვენება უნებლიეთ ან გაზრახ მისცა საკუთარი თავის ან სხვათა წინააღმდეგ, არ უნდა იქნას გამოყენებული, შესაბამისად, გამოძიებამ უნდა სცადოს და მოიპოვოს სხვა უტყუარი მტკიცებულებები და მისთვის ბაჩო ახალაიას ჩვენება არ უნდა იყოს საყრდენი და საფუძველი.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)