თბილისში დედისა და ძმის მკვლელობის დეტალები: ვინ არის ბრალდებული - "112-ში თავად დარეკა...დედამისი მწოლიარე იყო, წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა
თბილისში მომხდარ უმძიმესი მკვლელობის დეტალებს სამართალდამცავები იძიებენ. დედის და ძმის მკვლელობაში ბრალდებული, 55 წლის დავით რატიანი უკვე დაკავებულია და სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული. სასამართლომაც უკვე იმსჯელა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. დავით რატიანს დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრების განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის ორი წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული დ.რ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის გამო, დედას და ძმას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დ.რ. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ლ“ და „კ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოკლულებს სხეულზე არაერთი დაზიანება აქვთ მიყენებული.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ბრალდებულმა დედას და ძმას სხეულის სხვადასხვა არეში დანით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 მარტს დააკავეს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა უკვე შეუფარდა”, - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი და რატომ გაიმეტა ბრალდებულმა საკუთარი დედა და ძმა სასიკვდილოდ, ამაზე ჯერჯერობით პასუხი არ არის. არც ბრალდებულის ადვოკატი ირაკლი ბენია საუბრობს რაიმე კონკრეტულზე, რადგან ადვოკატის თქმით, მისი დასაცავი დეტალებზე არ საუბრობს.
“მკვლელობის ირგვლივ ვერაფერს გეტყვით. ბრალი წარედგინა დაკავებულს, ფსიქოლოგიურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და საუბარიც კი უჭირს ამ თემაზე. ძნელად აღიქვამს მოვლენებს. გაეცნო ბრალდების შესახებ დადგენილებას, თუმცა პოზიცია არ დაუფიქსირებია. ბრალთან მიმართებაში არც ჩემთან და არც სასამართლო პროცესზე უთქვამს რამე. უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. საერთოდ არაფერს ამბობს, არ სურს ამ თემაზე საუბარი...
როგორც ჩემთვის ცნობილია, 112-ში თვითონ დარეკა, გამოიძახა სასწრაფო, რადგან ხელზე თვითდაზიანება ჰქონდა. ამის შემდეგ მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, შემდეგ პოლიცია და სავარაუდოდ, ნახეს სახლში გარდაცვლილები. რაც შეეხება დაკავებას - მისი დაკავება პოლიციის სამმართველოში მოხდა. პოლიციას თავად არ ჩაბარებია. ბრალდებულს კვირას, 22 მარტს შეეფარდა პატიმრობა”, - ამბობს ადვოკატი.
ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
"პარასკევს, 20 მარტს მოხდა ეს მძიმე ფაქტი. ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ის რამდენჯერმე მკურნალობდა და როგორც ვიცი, კლინიკაშიც არის ნამყოფი”, - ამბობს მოქალაქე.
ამ ინფორმაციის დაზუსტება ვცადეთ ბრალდებულის ადვოკატთან, თუმცა ირაკლი ბენიამ გვითხრა, რომ ინფორმაცია არ აქვს.
"ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით. ამას ექსპერტები დაადგენენ”, - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატი ვერც იმ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრობს, რომლის მიხედვით, მკვლელობის მომენტში ბრალდებულის დედას ეძინა.
“მძინარე იყო თუ არა, ვერც ამაზე გეტყვით ვერაფერს, რადგან ბრალდებული საერთოდ არ საუბრობს მომხდარის დეტალებზე. დანაშაული მოხდა მოსკოვის გამზირზე, მათ საცხოვრებელ სახლში. ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ და ყველაფერი გაირკვევა", - ამბობს ადვოკატი ირაკლი ბენია.
მისი თქმით, დავით რატიანი უმუშევარი იყო.
მკვლელობის გარემოებებზე საუბარი უჭირთ რატიანების მეზობლებს. მათი ვარაუდით, დავით რატიანმა მძინარე დედას დანა ჩაარტყა, ძმას კი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ხოლო 112-ში თავად დარეკა და სასწრაფო დახმარება ითხოვა. ოპერატორს უთხრა, რომ ხელი დაიზიანა.
მეზობლები მომხდარით შეძრულები არიან მათი თქმით, მოკლული რატიანის დედას გადაადგილება უჭირდა და სულ სახლში იყო. ადგილობრივების თქმით, ხმაური არ გაუგონიათ.
“ხანდაზმული იყო დედამისი, რომელსაც შვილები უვლიდნენ. სულ სახლში იყო ეს ქალბატონი. იმ დღეს ხმაური არ გამიგია. დილას გავიგე, რაც მოხდა. სასწრაფო რომ მოვიდა, ვიფიქრე, რომ ბიჭების დედას გამოუძახეს, რადგან ავად იყო. კონფლიქტის შესახებ არაფერი გამიგია. ახლაც შოკში ვარ, არც ხმაური გამიგია და არც რაიმე სახის დაპირისპირების შესახებ ვიცი. პოლიციელები რომ დავინახეთ, მაშინ გავიგეთ, რომ დავითმა დედა და ძმა მოკლა. დედა მწოლიარე იყო, მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა", - აცხადებს მეზობელი.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ცხედრებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ. სავარაუდოდ, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება თავად ბრალდებულს.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)