”სინეტიკ” თეატრის გასაოცარი ”სტუმარმასპინძლობა” საქართველოში - კვირის პალიტრა

”სინეტიკ” თეატრის გასაოცარი ”სტუმარმასპინძლობა” საქართველოში

”სინეტიკ” თეატრის ”სტუმარ-მასპინძელი” წლებია საერთაშორისო პრესის ყურადღებას იპყრობს. როგორც ცნობილია, ახლახან სპექტაკლი თბილისში წარმოადგინეს და დიდი ინტერესიც ხვდა წილად. ორმა სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის საყოველთაო მოწონება დაიმსახურა... თბილისის ყველაზე ცნობილი თეატრალების მიერ ”ხელოვნების ექსპერტად” აღიარებული ავთანდილ დანელია ამბობს, რომ ”სტუმარ-მასპინძელი” ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა, რაც კი საქართველოში ბოლო წლებში გვინახავს...

ავთანდილ დანელია: - 2011 წელი იუნესკომ ვაჟა-ფშაველას წლად გამოაცხადა და ალბათ ”სინეტიკ” თეატრის ”სტუმარ-მასპინძელიც” ვაჟა-ფშაველას უკვდავების ერთ-ერთი აბსოლუტური აღიარებაა... ალბათ დამეთანხმება ქართველ თეატრალთა უმრავლესობა, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული სპექტაკლი მათ შორის, რომლებიც ბოლო წლებში გვინახავს. ამიტომაც არის გამართლებული მისი შეტანა მსოფლიო ხუთ საუკეთესოთა შორის... რაც შეეხება შემსრულებლებს, პირველად შევხვდით ქართულ სცენაზე სპექტაკლის ლიდერს – კახი კავსაძეს.Kიგი იდეალურად განასახიერებს მუსას. უნატიფესია ირინკა კავსაძე, რომელმაც ელეგანტურობა შემატა სპექტაკლს. შესანიშნავია ჯოყოლას და ზვიადაურის დუეტი, რომელსაც უცხოელი მსახიობები გასაოცრად წარმოადგენენ. გასაოცარია ის, რომ უცხოელებს შესანიშნავად აქვთ გათავისებული ქართული ადათ-წესები... პაატა ციქურიშვილის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლში ბევრი პარამეტრია გაერთიანებული და რასაკვირველია, ამის გამო ძალიან მომგებიანი სპექტაკლია. არაჩვეულებრივი სინთეზი იძლევა საშუალებას, პროდუქტი ყოფილიყო იდეალური და არის კიდევაც...

- თუმცა უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამირან შალიკაშვილი პაატა ციქურიშვილს საავტორო უფლებების დარღვევაში დებს ბრალს...

- ჯერ უნდა ვნახო პაატა ციქურიშვილის მიერ დადგმული ”მეფე ლირი”, რომ მივხვდე რას ჰპარავს ამირან შალიკაშვილს მისი მოწაფე... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პაატა ციქურიშვილმა ”სტუმარ-მასპინძელში” გვაჩვენა თავის ინდივიდუალური, განუმეორებელი ხელწერა...

სპექტაკლის შემდეგ, თეატრალური საზოგადოების მიერ ”ალყაშემორტყმულმა” რეჟისორმა - პაატა ციქურიშვილმა ჩვენს რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა.

- ბატონო პაატა, ალბათ ძალიან რთული იყო, უცხო ქვეყანაში ამ სპექტაკლის დადგმა...

- დიახ, ამ სპექტაკლის დადგმას ინტენსიური შვიდკვირიანი შრომა დასჭირდა. ძალიან რთული იყო სცენარის შექმნა, რადგან ვაჟა-ფშაველას შემოქმედება სასცენოგრაფიო არ არის და საჭირო იყო ადაპტაცია, ქორეოგრაფიაში გადატანა, სტილი, ჟანრი და ასე შემდეგ... მე ვნახე, რომ თქვენ მთელი სპექტაკლის განმავლობაში ტიროდით და ზუსტად ეს ემოციები გამოვიარე, სპექტაკლი რომ ამ დონემდე მიმეყვანა. დღეს რომ ამერიკელი მსახიობები ძალიან ქართველები იყვნენ, ეს დიდი შრომის შედეგია... სპექტაკლი თანდათან დაიხვეწა და ”სტუმარ-მასპინძელი” შევიდა ხუთეულში, ათი წლის განმავლობაში ამერიკაში შექმნილ სპექტაკლებს შორის. შემდეგ ამ ხუთეულშიც პირველ ადგილზე დასახელდა ამერიკის მასშტაბით.… ეს უდიდესი პატივია

- ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ამერიკაში სერიოზული თეატრი შექმენით... ალბათ ურთულესი გზა განვლეთ...

- რა თქმა უნდა, ადვილი არ არის. ამ ყველაფერს უზარმაზარი შრომა და მოთმინება სჭირდება. პროფესიონალიზმის გარეშე არაფერი გამოდის, მაგრამ მარტო ეს არ კმარა. Yყოფილა პერიოდები, როცა გამოქცევა მინდოდა. ამერიკაში ისე ჩავედი, რომ ენა არც კი ვიცოდი და ყველაფერი აბსოლუტურად ნულიდან დავიწყე. უნდა მომეზიდა ის ადამიანები, ვინც გვერდში დამიდგებოდნენ, შემდეგ გუნდის, დასის შეკვრა... იქაური სისტემა და ადმინისტრაცია ხომ სრულიად განსხვავებულია და რთულია შეჩვევა. 17 წელია, რაც თეატრი დავაარსე და დღემდე არ დამისვენია. უკვე სამოცზე მეტი სპექტაკლი დავდგი.

- ალბათ დიდია მეუღლის, ირინა ციქურიშვილის წვლილიც...

- ირინას გარეშე ეს თეატრი არ იქნებოდა... ირინას წვლილს ყველა ხედავს, რადგან მისი ქორეოგრაფია უნიკალურია. სისხლი გაუშრო ამერიკელ ქორეოგრაფებს. ამ წლების განმავლობაში 8 ისეთი ჯილდო მოიგო, რომელიც თეატრალურ ოსკარად ითვლება. ეს ყველაფერი მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

- კავსაძეების სამ თაობაზე რა გვეტყვით?

- მე ვარ ის რეჟისორი, რომელმაც კავსაძეების სამი თაობა ერთ სცენაზე დააყენა. როდესაც ”სტუმარ-მასპინძელი” ვაშინგტონში დავაბრუნე, მაშინ ირინკა 11 წლის იყო და ჯოყოლას და აღაზას შვილი ვათამაშე. ზვიადაურს როლს ირაკლი კავსაძე ასრულებდა - ერთ სპექტაკლში იყო დაკავებული ბაბუა, შვილი და შვილიშვილი... კავსაძეების ნიჭი და ენერგია მირონად მოეცხო ამ თეატრს და ამით უსაზღვროდ გახარებული ვარ... განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ირაკლის მიმართ, რომელიც გვერდიდან არ მცილდება.

- საქართველოში ოცი წლის შემდეგ ჩამოხვედით და საყოველთაოდ აღიარებული სპექტაკლები ჩამოიტანეთ...

- ეს ფარული გრძნობებია და ვერ გაგიმხელთ. არც ვიცი როგორ გამოვხატო ის, რასაც ვგრძნობ. 17 წელია აქ არ ვყოფილვარ და არანორმალური შეგრძნებაა. თითქოს თავიდან დავიბადე ამ ქვეყანაში, თითქოს ეს 17 წელი არც ყოფილა. ეს გრძნობა განსაკუთრებით მაშინ მიმწვავდება, როდესაც ჩემს მეგობრებს ვხვდები. ის წუთები, როდესაც პირველად დავდგი ფეხი სააქართველოს მიწაზე ძალიან ემოციური იყო..

- თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- იმედი მაქვს, ეს გასტროლები შექმნის იმის პრეცენდენტს, რომ მომავალში კიდევ გამოჩნდეს საშუალება საგასტროლოდ ჩამოვიდე... 60 სპექტაკლიდან რომელიმეს ამოვარჩევ და ჩამოვიტან.

- ქართული სპექტაკლის დადგმას ხომ არ აპირებთ კიდევ?

- ვნახოთ, ალბათ დავდგამ, მაგრამ ჯერ ვერაფერს შეგპირდებით.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)