"ვიღაც გამვლელს უნახავს მომხდარი ავარია, დაურეკავს ამ ბიჭის მამასთან, თქვენი მანქანაა მგონი ავარიაში მომხდარიო" - რას ჰყვებიან საზარელ ავარიაზე, რომელსაც 22 ახალგაზრდა ემსხვერპლა
გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ახალგაზრდის, სპირიდონ ტატიაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო მასთან ერთად მანქანაში მყოფი მისი თანასოფლელი ბიჭი დაშავდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, ავარია, დღეს საღამო ხანს სოფელ კვარხითის მიმდებარედ მოხდა. ახალგაზრდა გორიდან სახლში ბრუნდებოდა, როგორც ჩანს, საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა. გლოვაა მის მშობლიურ სოფელში, სოფელ ჯარიაშენში, სადაც ცხოვრობდა სპირიდონი ოჯახთან ერთად.
“ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა საღამო ხანს. გარდაცვლილია ჩვენი სოფლელი ბიჭი, ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, 22 წლის სპირიდონ ტატიაშვილი, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. როგორც შევიტყვე, საჭესთან თვითონ მჯდარა, მიხვეულ მოხვეული გზებია და რაღაცას შეეჯახა. მთელი სოფელი წასულია ტრაგედიის ადგილას. მე მინდორში ვიყავი, რომ გავიგე ეს მძიმე ამბავი, საღამო ხანი იყო და მივედი ამ ბიჭის სახლში, დიდი უბედურებაა, რაც მოხდა. გორიდან მომავალი მანქანა იყო, გორიდან რომ მოდიხართ ჩვენკენ, მეჯვრისხევის მიმართულებით, იქ არის გადასახვევი სოფელ კვარხითის და იმ მიდამოებშია ავარია მომხდარი. "ჯეტა” ჰყავდა, ძალიან გამიკვირდა ეს ამბავი, ისეთი რა უნდა მომხდარიყო, რომ ამხელა უბედურება დატრიალდა. სულ წყნარად დადიოდა ეს ბიჭი, სოფელშიც, ქალაქშიც, ავტობანზეც ნორმალურის სიჩქარით დადიოდა, არ ვიცი რა მოხდა იქ. ახლა ისეთი მძიმე სიტუაციაა, რომ დეტალების გარკვევის და კითხვების დასმის დრო ნამდვილად არ არის. დეტალები არ ვიცი. შემძრა ამ ამბავმა, მართლა წესიერი, ვაჟკაცი ბიჭი იყო სპირიდონი, ძალიან კარგი ახალგაზრდა. როგორც გავიგე, ვიღაც გამვლელს უნახავს მომხდარი ავარია, უცვნია ტატიაშვილების მანქანა და როგორც მითხრეს, დაურეკავს ამ ბიჭის მამასთან, თქვენი მანქანაა მგონი ავარიაში მომხდარიო. გაქცეულა ყველა იმ ადგილას, გადაჰყავდათ ბიჭი კლინიკაში თურმე, მაგრამ სამწუხაროდ გზაში გარდაცვლილა, ვეღარ ჩაიყვანეს საავადმყოფომდეო, ჰყვებოდნენ ბიჭები. მეორე ბიჭიც დაშავდა, ისიც ჩვენი მაცხოვრებელია, დაზიანებები აქვს, როგორც ვიცი, მოტეხილობები და ახლა კლინიკაშია გადაყვანილი. ამბობენ გადარჩებაო. ღმერთმა კარგად ამყოფოს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება და მერე მოასვენებენ სოფელში, დიდი დანაკლისია და დიდი გულისტკივილია, ძალიან განიცდის ყველა. მართლა ძალიან კარგი ახალგაზრდა გამოაკლდა ახალგაზრდობას. მშრომელი ბიჭი იყო. როგორც ვიცი ჯარში მსახურობდა, ახალგაზრდა მშობლები ჰყავს და ძნელია მათ სანუგეშო რამე უთხრა ახლა, ამ მდგომარეობაში მყოფებს. ასეთი მძიმე რეალობაა, ვუსამძიმრებ ყველას,”- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
ერთ ერთი ვერსიით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)