მამუკა არეშიძის სკანდალური ინტერვიუ: "ახლავე ძირშივე უნდა მოისპოს ამ აგრესიული რელიგიური მოძრაობის წევრთა პარპაში საქართველოში, რათა მერე პრობლემები არ შეგვექმნას" - რა საფრთხე ემუქრება ჩვენს ქვეყანას?!
გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ მამუკა არეშიძის ინტერვიუდან, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ საფრთხეებს ეხება.
- ბატონო მამუკა, საყურადღებო იყო ყოფილი თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადება, რომელიც საუბრობდა საქართველოში ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის არსებობაზე, თქვენ რას იტყვით ამ საკითხზე?
- ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი წესით, საქმის კურსში უნდა ყოფილიყო, რაც ხდებოდა საქართველოში. დარწმუნებული ვარ, მან ადრეც ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი, რაც ხდებოდა და როცა დასჭირდა, მაშინ თქვა. არა მგონია, ახლა, ამ გამწვავებულ ვითარებაში, სწორი იყოს მისი ეს განცხადება.
ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ იმ საფრთხეზე თუ გამოწვევებზე, რომლებიც მომდინარეობს რუსეთიდან, ასევე დასავლეთიდან, მაგრამ ნაკლებად ვამახვილებთ ყურადღებას სამხრეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, რაც აპრობირებულია საუკუნეების განმავლობაში, უბრალოდ, ტექნოლოგიურ ეპოქაში სხვანაირი სახე მიიღო. ყველა ცდილობს თავისი გავლენების გაძლიერებას რეგიონში, მათ შორის საქართველოში, ოღონდ მეთოდია სხვადასხვანაირი. ხშირად სამხრეთიდან მომდინარე საფრთხის უკან უცებ აღმოჩნდება ან რუსეთი, ან დასავლეთი. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ძალიან სერიოზულ მოვლენას, რომელსაც პოლიტიკური ისლამი ეწოდება. პოლიტიკური ისლამი სხვადასხვა ფორმატისაა. ეს მეთოდოლოგია რუსეთის შემთხვევაში დაფუძნებულია ძალადობაზე, დასავლეთის შემთხვევაში შეფარულ ქმედებებზე, სამხრეთის შემთხვევაში - რელიგიაზე. რა თქმა უნდა, ყველგან არის ეკონომიკური შემადგენელი. ამ თვალსაზრისით ახალი მოთამაშეც გამოჩნდა რეგიონში - ჩინეთი.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა იგულისხმება პოლიტიკურ ისლამში - ეს არის იარაღი, რომელსაც იყენებენ რიგი სამხრეთული ქვეყნები და მის საფუძველში დევს ისლამური რელიგიის დომინაცია მთელ მსოფლიოში, საერთო მსოფლიო ხალიფატის შექმნა. ყურანში, მუსლიმანთა წმინდა წიგნში, ამის თაობაზე არის მითითება, მაგრამ უფრო მოქნილად და ბევრად ფილოსოფიურად, ვიდრე ზოგიერთი ჩვენი სამხრეთელი მეზობელი წარმოგვიდგენს. კლასიკურ ისლამთან პირადად მე პრეტენზიები არა მაქვს, რადგან ეს არის მოცემულობა, რომელიც არსებობს საუკუნეების განმავლობაში. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ იმ გამოწვევაზე, რომელსაც პოლიტოლოგიურ ენაზე პოლიტიკური ისლამი ჰქვია და რომლის მეშვეობით ხდება სამხრეთული ქვეყნების გავლენების გაძლიერება ჩვენს რეგიონში.
- რა მეთოდოლოგიით მოქმედებენ?
- მინდა მკითხველის ყურადღება ერთ გარემოებას მივაქციო. კერძოდ, როგორ ხდებოდა სხვადასხვა მსხვილი მოთამაშის გავლენის გაძლიერება ჩვენს რეგიონში ტერიტორიული კონფლიქტების დროს 90-იან წლებში, როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი. აფხაზეთის იყო ეს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის თუ ყარაბაღის, ამ საქმეში ჩართულობის ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება უფლებას მაძლევს ვთქვა, რომ მე ვერ ვხედავდი ვერასოდეს, რომ ნებისმიერ მსხვილ მოთამაშეს ან მსხვილი დასავლური ორგანიზაციის წარმომადგენელს, რუსეთზე ხომ აღარ მაქვს ლაპარაკი, კონფლიქტების მოგვარება ნდომოდა. ყველა მათგანს აწყობდა დაკონსერვებული კონფლიქტი, იმიტომ, რომ ბევრად მარტივი იქნებოდა მათი შეღწევადობა კონფლიქტურ ზონაში და პლუს სიტუაციის რეგულირება. სამხრეთი ამ თვალსაზრისით მოვლენების განვითარებას თითქოს ჩამორჩა, მაგრამ შემდგომში ძალიან სერიოზულად აიღეს რევანში. პოლიტიკური ისლამის წარმომადგენლები კავკასიაში 1991-92 წლებში გამოჩნდნენ. პირველად ფეხის მოკიდება დაიწყეს ჩრდილოეთ კავკასიაში, პირველ რიგში, დაღესტანში. მერე ნელ-ნელა გამოჩნდნენ მთელ რეგიონში.
პოლიტიკური ისლამი მრავალსახოვანია. ისლამი იყოფა ორ ძირითად მიმართულებად: შიიტურად და სუნიტურად. კავკასიური ისლამი, ძირითადად, სუნიტურია, თურქეთიდან შემოსული ისლამის ნაირსახეობაა. შიიტური ისლამი უფრო ფეხმოკიდებულია აზერბაიჯანელ მოსახლეობაში. პოლიტიკური ისლამის უკან მდგომი ძალები აქტიურად მუშაობენ 90-იანი წლებიდან ჩვენი რეგიონის ტერიტორიაზე, არანაკლებ აქტიურად, ვიდრე, ვთქვათ, დასავლური თუ რუსული ორგანიზაციები. მათი მთავარი მიმართულება საყრდენი ფენების შექმნაა და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობენ სოციალური, კულტურული თუ საგანმანათლებლო მიდგომებით.
კავკასიაში ფეხმოკიდებულია სუნიტური ისლამის სუფიური ფორმა, რომელიც ყველაზე მეტად მორგებულია კავკასიის ცხოვრების წესზე, ფილოსოფიური და ბევრად მოქნილი ფორმაა. სუნიტური ისლამის სუფიური ფორმის, სუფიზმის მატარებლები არიან ჩრდილოკავკასიელები, ხოლო საქართველოში - აჭარლები. ეს ისლამი უნიკალურია ზუსტად იმით, რომ პირველ რიგში აყენებს არა რელიგიის განსაკუთრებულ კოდექსს, რომელსაც ჰქვია შარიათი, არამედ უფრო საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ურთიერთობების წესს, რომელსაც ჰქვია ადათი, ტრადიციები. ეს ტრადიციონალისტული ისლამია, ამიტომ მოქნილად ჩაჯდა იმ რეგიონულ მოზაიკაში, რომელიც არის კავკასიაში. ის შედგება ქრისტიანობისა და ისლამის სხვადასხვა ფორმისგან, ასევე იუდაიზმისა და მაზდეანობისგან... პოლიტიკური ისლამის მესვეურებმა ამ რელიგიური ისლამის წინააღმდეგ დაიწყეს მოქმედება და პირველი მათი მტერი იყო კავკასიური ანუ ტრადიციული ისლამი. 90-იანი წლების დამდეგს პირველად მათ მოკლეს დაღესტნის სულიერი ხელმძღვანელი, მერე - ქალაქ გროზნოს მთავარი მოლა და შემდეგ მიჰყვნენ, სადაც ხელი მიუწვდებოდათ, და ვინც მათი გავლენების მოწინააღმდეგე ძალას წარმოადგენდა, ებრძოდნენ. უპირველესად ავტორიტეტულ სასულიერო ლიდერებს ხოცავდნენ, მათ, ვინც ტრადიციული ისლამის მიმდევრები იყვნენ. საქართველოში პირველად ასეთი აქტიური მიმდინარეობა გამოჩნდა პანკისის ხეობაში, 90-იანი წლების მეორე ნახევარში და მაშინ ძალიან აგრესიული და აქტიური იყო. გახსოვთ, ალბათ, უამრავი არაბი იყო ხეობაში, უამრავი არაბული მისია. მერე შეიცვალა ვითარება, შემცირდა სამხრეთული ძალების გავლენები, მაგრამ დარჩა ორი მეჩეთი: ერთი - ტრადიციული, მეორე - ვაჰაბიტური. აგრესია შენელებულია, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციაში ასეთი ტიპის უჯრედების გამოყენება, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებობენ, მუდმივად ხდება.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ საგანმანათლებლო მიდგომასაც იყენებენ, ამას ამბობდა თინა ხიდაშელიც... როგორ აკონტროლებს ამას დღეს ხელისუფლება?
- როგორც უკვე გითხარით, ახლა არ იყო საჭირო ის განცხადება, რომელიც თინა ხიდაშელმა გააკეთა. არ არის ვითარება ამ ხარისხის ხიფათის, ეს მიძინებული უჯრედები არსებობს და სახელმწიფო საკმაოდ ეფექტურად ახერხებს ამ ხიფათისგან თავის დაღწევას. რა მეთოდოლოგიით, არც მოყოლის უფლება არა მაქვს და არც მინდა. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ თუ ვინმეს დასჭირდა, ექსტრემალურ სიტუაციაში იმ მიძინებულ უჯრედებს არ გააღვიძებს და არ გამოიყენებს ჩვენი ქვეყნის ან ამ რეგიონის დესტაბილიზაციისთვის.
არის ისეთი აგრესიული მიმდინარეობა პოლიტიკური ისლამისა, როგორიც არის "ისლამური ხალიფატი", "თალიბანი", "ალ- ქაიდა". ასევე არსებობს უფრო ღრმა, ყველაზე ასაკოვანი და კარგად სტრუქტურირებული ორგანიზაცია, როგორიც არის "ძმები მუსლიმანები". ეს არის ყველაზე სერიოზული ორგანიზაცია პოლიტიკური ისლამის ორგანიზაციებს შორის. როცა ჩვენ ვამბობთ სიტყვა "ვაჰაბიტებს", მთლად სწორად არ ვიყენებთ ამ ტერმინს. რასაკვირველია, ფუნდამენტალური ისლამის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ვაჰაბიზმი საუდის არაბეთში ოფიციალური რელიგიაა, მათი ისტორიის ნაწილი. ალ-ვაჰაბი იყო პირველი მოძღვარი, ვინც შექმნა ეს იდეოლოგია. რასაკვირველია, ვაჰაბიზმი ქადაგებს ისლამის დომინაციას მთელ მსოფლიოში, მაგრამ აგრესიული ფორმა არა აქვს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ფუნდამენტალისტურ ისლამს, რომლის საფუძველი ზუსტად ეს ვაჰაბიტური მოძრაობისნაირი სახეობაა.
- ასეთი ორგანიზაციები საქართველოში არიან?
- საქართველოს ტერიტორიაზე ეს ორგანიზაციები, ნაკლებად რადიკალური, მაგრამ მაინც პოლიტიკური ისლამის მიმდევრები, წლების განმავლობაში მუშაობენ. ისინი სხვადასხვა დასახელებით ამოფარებული არიან სხვადასხვა ორგანიზაციას. მაგალითად, ზოგს ეკონომიკური შეფერილობა აქვს. შემიძლია სახელებიც დავასახელო, მაგრამ ეს ზედმეტ ხმაურს გამოიწვევს...
ასევე არის ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია ჰუმანიტარული აქციებით, სამშენებლო პროექტებით, ინვესტიციებით. ის ჩვენი სამეზობლოდან არის და სინამდვილეში შეფუთულია, სულ სხვა ამოცანები აქვს: ავტორიტეტის შექმნა, გავლენის გაძლიერება და თავისი მომხრეების მობილიზება, რომელთაც გამოიყენებს ექსტრემალურ სიტუაციაში. ითქვა, რომ აქ მუსტაფას უნივერსიტეტის ფილიალია და მისი სტუდენტები შეიძლება გამოყენებულ იქნენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და ეს ნაწილობრივი სიმართლეა. ჯერ ერთი, უნივერსიტეტის ფილიალი კი არა, მუსტაფას უნივერსიტეტია, საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი, და რომ ამ უნივერსიტეტში იზრდებიან ისლამის ფანატიკოსი მსახურები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ "საღმრთო ომის" საქმეში, ეს რეალურია, მაგრამ ჩვენს სტუდენტებს რაც შეეხება, ჩვენთან ისეთი ხარისხის სწავლება არ არის და არც მოწაფეების ხარისხია ისეთი და არც რაოდენობა, რომ განსაკუთრებული ხიფათის შემცველი იყოს. ჰყავთ 20 მოწაფე და ყველა მათგანის სახელი და გვარი ვიცი. საქართველოს მოქალაქეები არიან პედაგოგებიც და ბავშვებიც, უშიშროებაც აკონტროლებს და სხვებიც. მე ვცდილობ ძალიან ფრთხილი ვიყო, იმიტომ, რომ საქმე ეხება როგორც ჩვენ მოქალაქეებს, ეროვნებით ქართველებს თუ არაქართველებს, ასევე ჩვენს უახლოეს მეგობრებს, მეზობლებს. უფრო სწორად, რომლებსაც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებად მივიჩნევთ. რაც შეეხება პოლიტიკურ ისლამს, სირიის ტერიტორიაზე პოლიტიკური ისლამის რიგებში მებრძოლი დაახლოებით საქართველოს 60 მოქალაქეა დაღუპული. ესენი იყვნენ ქისტები, ქართველები და აზერბაიჯანელები. ყველაზე მეტი ქისტია. სამი ცნობილი საველე მეთაურიდან, ორი საქართველოს მოქალაქე იყო, ერთი კი - რუსეთის. საქართველოს ორივე მოქალაქე საველე მეთაური დაღუპულია, რუსეთის მოქალაქე კი, ქისტი, ცოცხალია.
მე მინდა ერთ ფაქტზე გავამახვილო ყურადღება - 2014, 2016, 2019, 2025 წლებში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები ჩვენი მედიის ანალიზის მიღმა დარჩა, არადა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დასახელებულ ოთხ წელს მოხდა ერთი და იგივე ფაქტი: ბათუმში დააკავეს პირები, რომლებიც გამდიდრებული ურანისა და ცეზიუმის შესყიდვას ლამობდნენ. ოთხივე შემთხვევაში ჩვენი სამხრეთელი მეზობელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. პრაქტიკულად, ატომური იარაღის შექმნის ფორმატში მუშაობდნენ და ოთხივე შემთხვევაში დაკავებული პირები იყვნენ ერთი და იმავე ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ისლამურ ორგანიზაციასთან ასოცირდებოდნენ. ოთხივეჯერ ისინი საქართველოს სპეციალური სამსახურების თანამშრომლებმა დააკავეს, მაგრამ ამას არ მიეცა ფართო რეზონანსი ბევრი მიზეზის გამო...
არანაკლებ საყურადღებოა ის, რომ საქართველოს მოქალაქების ნაწილი, სულ ცოტა, 10, 15, 20 კაცი ყოველწლიურად გაჰყავთ სასწავლებლად უმაღლეს სასწავლებლებში, რომელთა 99% ისლამისტურია. ისინი განათლებას იღებენ არაბეთსა და სხვა ადგილებში, ჩვენს სამეზობლოში, მერე აქ ჩამოდიან და როგორც წესი, ხდებიან სასულიერო პირები, პრობლემებს ქმნიან, იმიტომ, რომ მათი იდეოლოგია აბსოლუტურად სხვა არის.
ქვემო ქართლში შიიტური ორგანიზაციები მუშაობენ, ხოლო სუნიტური - მთელი საქართველოს მასშტაბით. მუსტაფას უნივერსიტეტი ზუსტად შიიტური მოქმედების ნაწილია. რამდენიმე აიათოლას აქ თავისი გავლენის ჯგუფები ჰყავს. აიათოლა არის უმაღლესი სასულიერო წოდება და ირანული გაგებით ნიშნავს უაღრესად მაღალი გავლენის, განათლებისა და სულიერი დონის პირს. მათ მხარდამჭერები ჰყავთ ქვემო ქართლში. იქ არის დაწესებულებები, რომელთაგან ზოგი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, დაკავებული არიან უპოვართა დახმარებით, მუშაობენ სოციალური, ჯანდაცვის, განათლების კუთხით. ეს კი ქმნის ერთგვარ გავლენას ამ სფეროში. აქ განათლებამიღებული პირები დისტანცირდებიან ადგილობრივი მუსლიმანური სამმართველოსგან, მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმანური სამმართველოს ახლანდელი ხელმძღვანელი ყველაფერს აკეთებს ვითარების დასაბალანსებლად, ეს ძალიან რთულია.
მე ძალიან ვფრთხილობ, რომ ამან არ გამოიწვიოს გაღიზიანება, მაგრამ ტერორიზმის საფრთხე არსებობს.
ცოტა ხნის წინ ბათუმში დააპატიმრეს ერთი რადიკალური ისლამური ორგანიზაციის წევრები, ყველაზე აგრესიულები მუსლიმანებშიც. ეს ორგანიზაცია ქართველებით იყო დაკომპლექტებული. ამით მინდა მივანიშნო - ახლავე ძირშივე უნდა მოისპოს ამ აგრესიული რელიგიური მოძრაობის წევრთა პარპაში საქართველოს ტერიტორიაზე, რათა მერე პრობლემები არ შეგვექმნას.