ავტობუსის მძღოლები არაადამინურ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ - კვირის პალიტრა

ავტობუსის მძღოლები არაადამინურ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ

უკვე მეორე დღეა თბილისში მუნიციპალური ავტობუსები არ მოძრაობენ. ავტობუსის მძღოლების გაფიცვა გრძელდება. გაფიცვაში დედაქალაქის სამივე ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს. მძღოლებს 16-პუნქტიანი მოთხოვნები აქვთ შემუშავებული და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ, მათ შორისაა შრომითი პირობების გაუმჯობესება და ხელფასების მომატება.

მძღოლების გაფიცვას გამოეხმაურა "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორი ლევან კოპლატაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ავტობუსების მძღოლების ხელფასების გაზრდა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან კომპანიას ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. მისი თქმით, 1-ელი ივლისიდან სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელს გაეზარდა ხელფასი, მათ შორის მძღოლებს 16%-ით და ამ მიზნით კომპანიამ ჯამში 8 მლნ ლარის რესურსი გამოყო.

მძღოლების გაფიცვას თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაფიცული მძღოლების მიერ დაყენებული ყველა საკითხი მოგვარებადია. საკრებულოს წევრები და მერიის წარმომადგელები მძღოლებს გაფიცვის შეწყვეტისა და სამსახურში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ, თუმცა მძღოლებმა გაფიცვის შეწყვეტაზე უარი თქვეს და გუშინ საღამოს მთავარ პროკურატურაში მივიდნენ, სადაც განცხადება შეიტანეს, რომელშიც ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ, რომელთაც არაადამიანური შრომითი პირობები შეუქმნეს.

ჯაბა სამუშია, თბილისის საკრებულოს წევრი: "ავტობუსის მძღოლებს სურთ, რომ შესრულდეს მათი 16-პუნქტიანი მოთხოვნები, რომელთაგან ნაწილი იმდენად ელემენტარულია, რომ დიდი ხნის წინაც უნდა შერულებულიყო კომპანიის ხელმძღვანელობის თუ ქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან. ბუნებრივია, არის მოთოვნების ნაწილი, რომელთა შესრულებას დრო სჭირდება და გარკვეული სამუშაოა ჩასატარებელი. ისეთი მოთხოვნები, როგორიც არის ავტობუსების ბოლო გაჩერებაზე საპირფარეშოების მოწყობა, ამის გადაწყვეტა აქამდეც უნდა მომხდარიყო. ელემენტარულად, იმის პირობები არ აქვთ, მთელი დღის განმავლობაში საკვები მიიღონ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მძღოლი, რომელსაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე აბარია, ვალდებულია დაისვენოს ¬- ამის საშუალება კი არ აქვთ. გაფიცვის მიზეზთა შორის არის გენინსპექციის უკიდურესად მკაცრი და უსამართლო მოპყრობა. მაგალითად ყველაზე ხშირად მძღოლები ასახელებდნენ ასეთ ფაქტს, რომ გაჩერებაზე თუ ვერ შეიყვანდნენ ავტობუსს და მოუწევდათ მეორე ზოლში გაჩერება (ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ იქ სხვა მსუბუქი მანქანა იყო პარკირებული და ან სხვა ხელისშემშლელი მიზეზი), არადა გაჩერებას ხომ ვერ გამოტოვებდნენ, ამას თუ შენიშნავდა გენინსპექცია მძღოლებს 5%-დან 10%-მდე ხელფასს უქვითავდნენ. არადა, წესით ეს არის საპატრულო პოლიციის და "სითი პარკის" პრობლემა, რომელმაც არ უნდა დაუშვას უცხო ტრანსპორტის გაჩერება იქ, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაა. პრობლემათა შორის არის ის, რომ მძღოლებს ავალდებულებდნენ ავტობუსის სათადარიგო ნაწილების შესყიდვას, რაც წარმოუდგენელი რამეა. კერძო კომპანია მართავს მუნიციპალურ ტრანპორტს და მიუხედავად ამისა, აიძულებდნენ, რომ სატრანსპორტო საშუალება მძღოლებს შეეკეთებინათ. აღარაფერს ვამბობ არანორმირებულ სამუშაო გრაფიკზე.

რაც შეეხება ხელფასებს, როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებს ხელფასი აქვთ 700-800 ლარის ოდენობით, თავად მძღოლები აცხადებენ, რომ მათ უმეტესობას თვეში მხოლოდ 500 ლარი აქვთ. მაგრამ აქვე მინდა ყურადღება მიაქციოთ მძღოლის მიერ შესრულებულ სამუშაოს. დღის განმავლობაში მათ უმეტესობას 18 საათის განმავლობაში უწევს მუშაობა. ყველაზე მცირე სამუშაო გრაფიკი კი დღეში 14-16 საათს გულისხმობს.

თავის დროზე მძღოლები მისული იყვნენ მერიაში, გააცნეს და წარუდგინეს მათ თავიანთი პრეტენზიები და მოთხოვნები, შეხვდნენ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, სატრანსპორტო სამსახურის უფროსს. აღნიშნული პირები ინფორმირებული იყვნენ იმის შესახებ, რომ თუ მძღოლების მოთხოვნები არ შესრულდებოდა, ან კონკრეტული პასუხი არ იქნებოდა გაცემული მათ პრეტენზიებზე, ისინი 7 ნოემბერის შემდეგ შეწყვეტდნენ მუშაობას. იმისათვის, რომ ვითარება "დავარცხნოს", ხელისუფლება თითიდან გამოწოვილ მიზეზებს ასახელებს, რაღაც შეთქმულების თეორიებს განიხილავს, თითქოს ეს გაფიცვა პოლიტიკურმა განცხადებებმა გამოიწვია და არა მძღოლების არაადამიანურმა სამუშაო პირობებმა.

მე პირადად მომხრე ვარ, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ეს პროცესი, რადგან ყველაზე მეტად მოსახლეობაა დაზარალებული და ვთხოვეთ კიდეც, შეეწყვიტათ აქცია, მაგრამ თბილისის მერიის უმოქმედება მიბიძგებს ვიფიქრო - თავად ისინი ხომ არ არიან დაინტერესებული ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევით".

მაკა ყამარაული (სპეციალურად საიტისთვის)