"ნამდვილი კატასტროფა იქნება, თუ ეს ბლოკადა გაგრძელდა... ეს სიტუაცია ყველაზე მეტად უღარიბეს ხალხს დაარტყამს" - თორნიკე შარაშენიძის ანალიზი: ვინ გაება ირანის ომის ხაფანგში?!
გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის ინტერვიუდან, რომელიც ირანის ომზე საუბრობს.
- მოლაპარაკებებზე წასვლა ტრამპისთვის პოლიტიკურად იქნება კარგი გამოსავალი?
- ამერიკაში ჭკვიანი ხალხი ჰყავთ და იმედია დაითვლიან, რა ჯობს - გამოსვლა თუ გაგრძელება. კარგი გამოსავალი ახლა არც ჩანს - სიტუაცია ისეთია, რომ არჩევანი მხოლოდ ცუდსა და უარესს შორის არის. შეიძლება თქვან, რომ მიზანს მიაღწიეს, ყველაფერი გაანადგურეს და გამოდიან, მაგრამ მაინც არა ვარ დარწმუნებული, რას იზამს ამ დროს ირანი. პრობლემას სწორედ ამაში ვხედავ,
რატომ უნდა წავიდეს ირანი მოლაპარაკებაზე? ან თუ წავა, ხომ შეიძლება მოიტყუოს, შეთანხმება ძალიან მარტივად დაარღვიოს და დარტყმა კიდევ ერთხელ აიცილოს.
სწორედ აქეთ მივდივართ. როგორც ჩანს, როდესაც ეს ომი დაიწყო, შიგნიდან რევოლუციის იმედი ჰქონდათ. ამას მოწმობდა განცხადებები - მიდით, ჩვენ მოვდივართ, აიღეთ იარაღი ხელშიო. ჯარს მოუწოდებდნენ, იარაღი დაეყარათ, მაგრამ ფაქტია, ეს არ მოხდა.
- როდესაც დიდი იყო რევოლუციური ტალღა, მაშინ არ გაკეთდა და ახლა რატომ ექნებოდა ამ მოწოდებებს შედეგი?
- მაშინ ამერიკა ვენესუელით იყო დაკავებული. როგორც ჩანს, მაშინ მომწიფდა მოტაცების ოპერაცია და უარს თქმა არ შეიძლებოდა.
- ახლა ისე ჩანს, რომ გარკვეულწილად ხაფანგშია ამერიკა.
- ჩანს, სათანადოდ ვერ შეაფასეს მოწინააღმდეგე. ეგონათ, გარედან დარტყმას ხალხის ხელახალი გამოსვლა და მთავრობის დამხობა მოჰყვებოდა. მადუროს მოტაცების შემდეგ, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ აიათოლას მკვლელობით ყველაფერი დამთავრდებოდა. მაშინვე მათთან მივიდოდნენ, გაურიგდებოდნენ და ეტყოდნენ, გვმართეთ, აი, ნავთობს მოგცემთ, ოღონდ გაყიდეთო.
ალბათ, ისრაელს ჰქონდა ზედმეტი ოპტიმიზმი და ნეთანიაჰუმ ზედმეტად დააიმედა ტრამპი.
ნეთანიაჰუ დიდი ხანია ოცნებობს, რომ ირანთან ომში ამერიკასთან ერთად მიიღოს მონაწილეობა და როგორც ჩანს, ამ ოცნებას ახლა აისრულებს.
- ჩინეთის ფაქტორი ითამაშებს რამე როლს თუნდაც იმაში, რომ ირანი დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან?
- ჩინეთი მოქმედებს ძველი სიბრძნით - ომი უნდა მოიგო იმით, რომ მოიცადო, მოწინააღმდეგე შეცდომას დაუშვებსო. და რატომ უნდა ჩაერიონ?
- ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებითაც არ ჩაერევიან?
- ნავთობის საკითხში ამერიკას ყველაზე ნაკლებად უჭირს. ასე თუ ისე, ნავთობს აწარმოებენ, აქვთ ვენესუელის ნავთობი, სხვა რესურსებიც. თუმცა, რადგან ნავთობის ფასს მსოფლიო ბაზარზე ადგენენ, ამერიკაშიც აიწია ფასებმა, მაგრამ ეს მათ ეკონომიკას მძიმედ არ დაარტყამს. მეორე სერიოზული პრობლემა გათხევადებული გაზია. ევროპას, სავარაუდოდ, ისევ ამერიკული გათხევადებული გაზის ყიდვა მოუწევს. ასე რომ, ამერიკის ეკონომიკას კატასტროფა არ ემუქრება.
რაც შეეხება ჩინეთს, მათ შეუძლიათ რუსეთიდან კიდევ უფრო მეტი ნავთობი და გაზი იყიდონ, უბრალოდ, ცოტა ძვირის გადახდა მოუწევთ. ირანი ჰორმუზის სრუტიდან ჩინურ ტანკერებსაც ატარებს. ამდენად, ჩინეთსა და ამერიკას დიდი და სერიოზული კატასტროფა არ ემუქრება.
ნამდვილი კატასტროფა იქნება, თუ ეს ბლოკადა გაგრძელდა, რადგან ის მხოლოდ ნავთობს არ ეხება, იბლოკება სასუქების მიწოდებაც, სასუქი კი მოსავლის მოყვანისთვისაა საჭირო. ეს სიტუაცია ყველაზე მეტად უღარიბეს ხალხს დაარტყამს, აფრიკასა და მსგავს რეგიონებში ყველაზე მეტად.
ამ ომს ახლა რამდენიმე ისეთი პირიც აკრიტიკებს, ვინც ადრე ტრამპის მხურვალე მხარდამჭერი იყო. მაგალითად, ამერიკელი ჟურნალისტი მეგან კელი და ტაკერ კარლსონი მიიჩნევენ, რომ ეს ომი არანაირად არ ჯდება "მაგა"-ს პრინციპებში და ეწინააღმდეგება "ამერიკა ფერსთ" იდეოლოგიას. სწორედ ეს არის ახლა სერიოზული შიდაპოლიტიკური პრობლემა, თორემ ამერიკის ეკონომიკას ეს პროცესები დიდ ზიანს მაინც ვერ მიაყენებს. უფრო მეტიც, ჩემი აზრით, როდესაც იბომბება ქუვეითისა თუ არაბთა გაერთიანებული საამიროების ცათამბჯენები და კოშკები - ადგილები, რომლებიც აქამდე "სამოთხედ" და დიდი ფულის ტრიალის ცენტრებად მიგვაჩნდა, ეს ინვესტორებისთვის ერთგვარი სიგნალი შეიძლება იყოს. ეს დაბომბვები დუბაისა და სხვა საამიროებში აჩვენებს, რომ ეს რეგიონი აღარ არის დაცული. შესაბამისად, ინვესტორებმა შეიძლება ფული ისევ დაცულ ქვეყნებში, მაგალითად, ამერიკაში თუ ჩინეთში დააბრუნონ.