"ელენე ხოშტარიასგან ვერც შუშანიკს გამოძერწავენ და ვერც თინათინს - თუ 4 შვილი დედაა, რას ფიქრობდა, ამას რომ აკეთებდა?!" - ლევან მახაშვილი
ელენე ხოშტარიასგან ვერც შუშანიკს გამოძერწავენ და ვერც თინათინს - თუ 4 შვილი დედაა, რას ფიქრობდა ამას რომ აკეთებდა?! საკუთარ შვილებზე არ ფიქრობდა?!, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მახაშვილი ამბობს, რომ მისთვის ელენე ხოშტარია „რიგითი ხულიგანია".
„პირადად ჩემთვის, ელენე ხოშტარია არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ფიგურას. ის არის ერთ-ერთი რიგითი ხულიგანი, პოლიტიკური ექსტრემისტი, რომელმაც საკუთარი სურვილით, მიზანმიმართულად ჩაიდინა დანაშაული. რაც მოხდა, ეს არის სამართლიანობის აღდგენა, მეტი აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის. მისგან ვერც შუშანიკს გამოძერწავენ და ვერც თინათინს. რამდენი შვილიც არ უნდა ჰყავდეს... პირიქით, ჩემი პირადი კითხვა სწორედ ეს არის - თუ 4 შვილი დედაა, რას ფიქრობდა ამას რომ აკეთებდა?! საკუთარ შვილებზე არ ფიქრობდა?! საკუთარ ოჯახზე არ ფიქრობდა?! ამიტომ, ყველა, მათ შორის, უცხოელები, რომლებიც განცხადებებს აკეთებენ, ხელისუფლებას კი არ უნდა მოუწოდონ, პირველ რიგში, ამ ადამიანს უნდა მოუწოდონ და სხვებსაც, ვინც პოლიტიკური ექსტრემიზმით არიან დაკავებული, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი ტიპის ძალადობრივი პოლიტიკური ექსტრემიზმისგან და პირიქით, ჩაერთონ კონსტრუქციულ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა მახაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"