"თუ ეკლესია შუამავლის როლს ითამაშებს, ამას მხოლოდ მივესალმებით" - თეიმურაზ პაპასქირი - კვირის პალიტრა

"თუ ეკლესია შუამავლის როლს ითამაშებს, ამას მხოლოდ მივესალმებით" - თეიმურაზ პაპასქირი

თუ საუბარია იმაზე, რომ ეკლესიამ შუამავლის როლი უნდა ითამაშოს, ამას მხოლოდ მივესალმებით - ისტორიულად ეკლესიას შემრიგებლის როლი ჰქონდა და ასეთი შერიგების ორგანიზება ეკლესიისა და საპატრიარქოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა ნაწილობრივ მაინც შეინარჩუნოს ავტორიტეტი, რომელიც პატრიარქ ილია II-ს გააჩნდა, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ “კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა თეიმურაზ პაპასქირმა განაცხადა.

პაპასქირმა აქვე აღნიშნა, რომ “რატომღაც “ქართული ოცნება“ რწმენის პრივატიზებისკენ მიდის“.

მისივე შეფასებით, “ქართული ოცნება“ ეკლესიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას და იმის ჩვენებას ცდილობს, თითქოს რეიტინგი, რაც ილია II-ს გააჩნდა, მისი რეიტინგია.

“პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, რაც კრიზისია, ეკლესიის მხრიდან არავითარი რეალური ნაბიჯი არ გვინახავს. მოწოდებაც კი იშვიათი იყო და რაიმე შუამავლის როლზე საუბარი ზედმეტია. ამავდროულად, ვნახეთ, რომ ერი პატრიარქის სიყვარულში ნამდვილად ერთიანი იყო. პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად ყველა ვიყავით, ოღონდ ისე მოხდა, რომ სამებასა და სიონში მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და ყველა დანარჩენი გარეთ იყო. თუ საუბარია იმაზე, რომ ეკლესიამ შუამავლის როლი უნდა ითამაშოს, ამას რასაკვირველია, მხოლოდ მივესალმებით - მას ამის გაკეთება შეუძლია. ისტორიულად ეკლესიას შემრიგებლის როლი ჰქონდა. პატრიარქმა ბოლო ორო-სამი წელი ამის გაკეთება ვერ შეძლო. ეკლესიისთვის და საპატრიარქოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასეთი შერიგების ორგანიზება, რათა ნაწილობრივ მაინც შეინარჩუნოს ის ავტორიტეტი, რომელიც პატრიარქ ილია II-ს გააჩნდა.

ვხედავთ, რომ რატომღაც “ქართული ოცნება“ რწმენის პრივატიზებისკენ მიდის. ირაკლი კობახიძემ, რომელიც საღი აზრის ფარგლებს ყველანაირად გაცილებულია, თქვა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს სამებაში ყოფნის მორალური უფლება არ ჰქონდათო. ის, რაც ქართულ ეკლესიას “ქართულმა ოცნებამ“ კრებსების გამოქვეყნებით გაუკეთა, ეკლესიაში ყოფნის მორალური უფლება მათ არ ჰქონდათ. მსგავსი რამ არავის გაუკეთებია და თუ ვინმეს არყოფნაზეა საუბარი, სწორედ ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ.

პატრიარქი ყველას პატრიარქი იყო. მას 93%-იანი რეიტინგი ჰქონდა და რანაირად შეიძლება ეს 93% შენად წამოაჩინო, როცა შენსავე გაყალბებულ არჩევნებში 52% გიწერია. “ქართული ოცნება“ ეკლესიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას და იმის ჩვენებას ცდილობს, თითქოს რეიტინგი, რაც ილია მეორეს გააჩნდა, არის მისი რეიტინგი. მათ მოსაყდრისთვის ისეთი კამპანია გააჩაღეს, რომ მას დათვურ სამსახურსაც კი უწევენ. ჩვენ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესში ჩარევას ვხედავთ, რაც პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს. პატრიარქის არჩევის საკითხი მთლიანად სინოდისა და სასულიერო პირების გადასაწყვეტია“, - განაცხადა თეიმურაზ პაპასქირმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა