ორი მოხუცი თუ წავა, მშვიდობა მოვა ანუ რაზე ოცნებობს მილიონობით უკრაინელი?! - კვირის პალიტრა

ორი მოხუცი თუ წავა, მშვიდობა მოვა ანუ რაზე ოცნებობს მილიონობით უკრაინელი?!

ომით გაწამებულ უკრაინაში ოცნებობენ პუტინისა და... ტრამპის პრეზიდენტობების რაც შეიძლება მალე დასრულებაზე...

ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი იქნება პუტინი, ომი უკრაინაში არ შეწყდება - ასე მიაჩნია მილიონობით უკრაინელს და არც ცდებიან...

თუმცა მათ კიდევ ერთი საფიქრალი გაუჩნდათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში და ეს არის... აშშ-ის პრეზიდენტის სავარძელში მჯდომი ტრამპი, რომელმაც, ფაქტობრივად, „მეორე ფრონტი“ გაუხსნა იმ უკრაინას, რომელიც ისედაც მეხუთე წელია, უთანასწორო ბრძოლაში იმყოფება მის ტერიტორიაზე შეჭრილ აგრესორ რუსეთთან...

თუ რაში გამოიხატება ტრამპის „მეორე ფრონტი“, ამას განვლილ ერთ წელში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა მეორედ შეაბიჯა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, სისტემატურად ვხედავთ - იქნება ეს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის პატარა ბავშვივით დატუქსვა იმავე თეთრ სახლში, ამერიკული უფასო სამხედრო დახმარების სრული შეწყვეტა უკრაინისთვის, ხოლო მანამდე გადაცემული ამერიკული შეიარაღებისთვის საფასურის მოთხოვნა თუ ოკუპანტი რუსეთისთვის უკრაინული მიწების უბრძოლველად დათმობის დაჟინებული მოთხოვნა ოფიციალური კიევისგან...

ის, რომ ტრამპსა და პუტინს შორის უკრაინის ომთან დაკავშირებით გარკვეული ფარული შეთანხმებები არსებობდა, ამის თაობაზე ისედაც დადიოდა ხმები, რომლებიც უფრო გაძლიერდა, მათი ალასკაზე პირისპირ, დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ, თუმცა გუშინ ბევრ რამეს უფრო მოეფინა ნათელი...

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ბოლოსდაბოლოს გაბედა და ღიად განაცხადა:

აშშ, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, აშშ-მა პირობა წამოაყენა, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების გარანტიების მიცემა, რომელიც სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისთვისაა საჭირო, იმაზეა დამოკიდებული, გადასცემს თუ არა უკრაინა რუსეთს ქვეყნის მთლიან აღმოსავლეთ რეგიონს - დონბასს (ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს).

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა, როდესაც აშშ კონცენტრირებულია ირანთან საკუთარ კონფლიქტზე, პრეზიდენტი ტრამპი ზეწოლას ახდენს უკრაინაზე, რათა სწრაფად დაასრულოს ომი.

“ახლო აღმოსავლეთი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს პრეზიდენტ ტრამპზე და მის შემდგომ ნაბიჯებზე. სამწუხაროდ, ჩემი შეხედულებით, პრეზიდენტი ტრამპი ჯერ კიდევ უკრაინულ მხარეზე ზეწოლის გაძლიერების სტრატეგიას ირჩევს…

ამერიკელები მზად არიან საბოლოოდ შეათანხმონ ეს გარანტიები მაღალ დონეზე, როგორც კი უკრაინა მზად იქნება, ჯარები გაიყვანოს დონბასიდან”, - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების ასეთი გასვლა საფრთხის ქვეშ დააყენებს როგორც უკრაინის, ასევე - ევროპის უსაფრთხოებას, ვინაიდან ამის შედეგი იქნება რუსეთისთვის რეგიონში მყარი თავდაცვითი პოზიციების გადაცემა.

ასევე დაგაინტერესებთ: აშშ-ის 15 პირობა ომის შესაჩერებლად, ირანის საპასუხო მოთხოვნები და ისრაელის ინტერესი ომის გასაგრძელებლად

პირველად ავიაციის ისტორიაში - რუსული „ალიგატორი“ უკრაინულმა დრონმა ჩამოაგდო

ირანში დიდი სადესანტო ამერიკული ოპერაცია იწყება?! - ჰორმუზის სრუტისკენ დიდი ძალა დაიძრა

ქართულმა ჭაჭამ ამერიკელ გენერალს უკრაინის ომში კონტუზია მიაღებინა

უიტკოფ-კუშნერის წყვილი, რომლებსაც პრეზიდენტმა ტრამპმა ჩააბარა რუსეთ-უკრაინის ომის „შეწყვეტა“, მანამდე არ ფლობდნენ ამ დონის საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების რაიმე გამოცდილებას და ბუნებრივია, რომ ჯერ უიტკოფი და შემდეგ ტრამპის სიძე, ახალგაზრდა კუშნერიც ადვილად მოექცნენ პუტინის „კობრას მომნუსხველი მზერის“ გავლენის ქვეშ და მათ მიერ წარმოებული მთელი „სამშვიდობო პროცესი“ დავიდა ერთ კონკრეტულ დაჟინებულ მოთხოვნამდე კიევის მიმართ - უკრაინამ სასწრაფოდ, უბრძოლველად დათმოს თავისი დონბასის ჯერ კიდევ არაოკუპირებული ნაწილიო ანუ ის, რასაც კრემლიდან თავად პუტინი გამუდმებით გაიძახის...

ისრაელ-აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა და ინტენსიურმა საჰაერო ომმა მსოფლიოში ბევრი რამ უკვე გადააფასა (მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთი თვეც კი არ გასულა მისი დაწყებიდან) და გამოჩნდა ძალიან „საინტერესო“ პარალელები იმისა, თუ როგორ მოქმედებს პუტინი უკრაინაში და ნეთანიაჰუ-ტრამპის წყვილი კი - ირანში...

მილიონობით უკრაინელი იმას ოცნებობს, რომ როგორმე დამთავრდეს პუტინის პრეზიდენტობა რუსეთში (ალბათ, უფრო მისი გარდაცვალებით, რადგან თავისი ნებით პუტინი პრეზიდენტობას არ დათმობს), რომ იქნებ ეს საშინელი ომი მათ მიწაზე ბოლოსდაბოლოს დამთავრდეს და ამ ოცნებას ემატება კიდევ ერთი ახალიც -ტრამპს, რომელიც უკრაინას ოკუპანტი რუსეთისთვის დონბასის დარჩენილი არაოკუპირებული ნაწილის უბრძოლველად ჩაბარებისთვის უბიძგებს, იქნებ იმპიჩმენტი მალე „წამოეწიოს“, რათა მან თავისი პრეზიდენტობის დარჩენილ სამ წელში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი დათმობა არ მოსთხოვოს უკრაინას, რუსეთის სასარგებლოდ...