130 წლის სახლი ძველი მარნითა და მეღვინეობის ტრადიციებით
გურჯაანის ღვთისმშობლის სახელობის ორგუმბათოვანი ტაძრისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ გურჯაანში, მეღვინე გრიგოლ აბესაძემ XIX საუკუნეში მარანი ააშენა. ყურძენი პირველად 1895 წელს დაწურა და დააყენა ქვევრის ღვინო ტრადიციული კახური წესით. ამ ტრადიციას მისი შთამომავლები დღემდე იცავენ და მარანიც დღემდე თითქმის პირვანდელი სახით არის შემონახული.
გრიგოლ აბესაძე რამდენიმე ენას ფლობდა, მუშაობდა თარჯიმნად. 1920-იან წლებში მიხვდა, რა დაუნდობელიც იქნებოდა საბჭოთა რეჟიმი და განკულაკებისგან თავდასახსნელად, თავად გადასცა ვენახები და მარანი საბჭოთა მთავრობას. ასე შეინარჩუნა ოჯახთან ერთად შენობის მეორე სართულზე ცხოვრების უფლება, ხოლო მისი სახლის მარანში მთავრობამ გურჯაანის ღვინის ბანკი გახსნა... ამჟამად შენობა მის შთამომავლებს ეკუთვნის და დიდი პაპის საქმეს განაგრძობენ. მარნის გვერდით ერეკლე II-ის დროინდელი წმინდა გიორგის (ქაშუეთის) ტაძარია და მიმდებარე ველებზე მოყვანილი ყურძნის ღვინოსაც მისი სახელი უწოდეს, რაც ამ მარნის განსაკუთრებული ღვინოა.
დავით აბესაძე, გრიგოლ აბესაძის შთამომავალი, პროფესიით აგრონომი, შარშან შემოდგომით გურჯაანის ღვინის ფესტივალზე გავიცანი. ის ახლა ჩვენი რესპონდენტია.

- გურჯაანელები ვართ და ვუვლით დიდი პაპის მამულს, სახლს, ვენახსა და მარანს სოფელ გურჯაანში. შენობა და მარანი 1895 წელს არის აშენებული. ჩვენი წინაპრები მეღვინე-მევენახეები იყვნენ. ეს იყო მათი პროფესია და ჩემმა დიდმა პაპამ ეს სახლი რომ ააშენა, ხელი მიჰყო მეღვინეობას. შემდგომი თაობებიც აგრონომები იყვნენ, მე მეოთხე მუხლის შთამომავალი ვარ.
1921 წელს საქართველო ბოლშევიკებმა დაიპყრეს, 1924 წლამდე სრულიად თავისუფალი იყვნენ მეურნეები, ფართობიც საკმარისად ჰქონდათ და არცთუ ცოტა ღვინოს აყენებდნენ. სირაჯები თბილისიდან ჩამოდიოდნენ, ყიდულობდნენ და მიჰქონდათ. ცხადია, ღვინოს ტრადიციული მეთოდით, ქვევრში აწარმოებდნენ. ჰქონდათ რქაწითელი, საფერავი და ცოტა კახური მწვანეც.
- და საბჭოთა რეჟიმმა ყველა "გაათანაბრა"... მაგრამ გრიგოლ აბესაძე წინდახედული კაცი ყოფილა.
- კოლექტივიზაციის დროს ხალხს ნაკვეთები, საერთოდ, ყველაფერი ჩამოართვეს. პაპაჩემს დახვრეტას ან გადასახლებას უპირებდნენ, მაგრამ განათლებული და გამოცდილი კაცი იყო, გადაურჩა იმ რეპრესიებს - ნებაყოფლობით ჩააბარა ნაკვეთები და სახლის ნაწილი კომუნისტებს. იცოდა, რაც ხდებოდა და თავიც გადაირჩინა და ოჯახიც.
როდესაც კოლექტიური მეურნეობები ჩამოყალიბდა, ხომ უნდოდა ყურძენს სადღაც დაწურვა და ღვინის დაეყენება. ამიტომაც ასეთი მარნები ვისაც ჰქონდა, ზოგს წაართვეს, ზოგი დახვრიტეს, ზოგიც გადაასახლეს. ჩვენს მარანში ღვინის ბანკი შექმნეს, სადაც კოლმეურნეობა მოწეულ ყურძენს წურავდა, რადგან ჯერ ქარხნები არ ჰქონდათ. პაპა მეორე სართულზე ცხოვრობდა. მერე ქარხნები რომ ააშენეს, ეს მარანი აღარ დასჭირდათ და წავიდნენ, ოღონდ ჩვენებს იქ ბიზნესის წარმოების უფლება არ ჰქონდათ, ღვინოს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის აყენებდნენ...

- ღვინის წარმოების რა ტრადიცია და მემკვიდრეობა გერგოთ?
- მარანი თავისი ქვევრებითა და ყველაფრით, და გამოცდილება, რაც ოჯახიდან მოგვყვა. შემდეგ აგრონომიაში კი შევისწავლე რაღაცები, მაგრამ რა მეთოდითაც ვუვლიდით და ვუვლით ვენახებს, იმას მივყვებით - ბიომიმართულებას. რა ვენახებიც გვქონდა, ისევ ის ვენახები გვაქვს და ჩვენთვის საკმარისია. ერთი ჰექტარია, რქაწითელი, საფერავი და კახური მწვანე მოგვყავს.
- ქვევრები ყველა ძველია?
- კი, ისიდორე ჩუბინიძის ნახელავი. ერთ-ერთი დიდი ოსტატი იყო. სულ 30 ტონის მოცულობისაა, მაგრამ მაგდენს არ ვტვირთავთ. მაგდენი ღვინის წარმოება, თან "ბიო" და ხარისხიანი, ძვირი ჯდება. მარანი შპს-ს სახით მაქვს დაფიქსირებული, როგორც მცირე მარანი. მუშაობითაც მარტო მე ავუდივარ. 3 ტონა ღვინის დაყენებაში დამხმარე არ მჭირდება.
- როგორ აწარმოებთ "ბიოს"?
- მხოლოდ ორგანული სასუქებით უნდა გაამდიდრო ნიადაგი. ორგანული სასუქი 4 წელიწადში ერთხელ სჭირდება, რათა ვაზი არ დაკნინდეს, ასევე, განიავდეს ნიადაგი. ისე ჩვენთან ძლიერი მიწებია და შეიძლება 10 და 20 წელიწადს ვენახი ისე უპრობლემოდ გაახარო. ყურძენი კარგი რომ გამოგივიდეს, ბიომიმართულება უნდა გქონდეს. ასევე საჭიროა მწვანე ოპერაციების ჩატარება.
- გაზაფხული უკვე დადგა და ახლა რა ეტაპზე ხართ?
- გასხვლას ვამთავრებ, რაღაც დროის შემდეგ დავაკავებ და ვეგეტაციას დაიწყებს. შემდეგ ფურჩვნა სჭირდება, რათაც ხშირი მწვანე წანაზარდები მოსცილდეს, რომ გაბარდნილი არ იყოს. ეს აერაციასაც ხელს უწყობს, მერე თავისუფლად სუნთქავს. კარგი აერაციის დროს მზის სხივებიდანაც ფოტოსინთეზი ნორმალური აქვს, ზრდა-განვითარებაც სწორად მიმდინარეობს. შეწამვლის დროსაც წამალი მარტივად მიუდგება, შეწამვლა კი დაავადებებისგან იცავს.
- მაის-ივნისში რას უტარებთ?
- ნამხრევებს ვაცლი. ზედმეტი წანაზარდები რომ არ ჰქონდეს. შემდეგ თავის გადაჭრა უნდა, ძალიან არ უნდა გაიზარდოს. ამას "სავალდებულო მავნებლობას" ეძახიან. ვენახს საერთოდ არ ვრწყავ. მორწყვა გამოგონილი რამ არის. ამაში დრო ტყუილად იკარგება, თან ყურძნის ხარისხიც ეცემა. ჩვენ ისეთ ყურძენს ვაწარმოებთ, რომელსაც წყალი არ სჭირდება. როგორი გვალვაც არ უნდა იყოს, ვაზი თვითონ ეძებს ნიადაგში თავისთვის საჭირო წყალს. რთველი ტრადიციულად სექტემბრის ბოლოს გვაქვს.

- ისე, ეს ყველაფერი ხომ ისედაც იცოდით და აგრონომობა რატომ აირჩიეთ?
- ბავშვობიდან ვიყავი ამ საქმეში ჩართული. მამაჩემს ნაკვეთში დავყვებოდი, ვუყურებდი, როგორ მუშაობდა, ვაკვირდებოდი სხვადასხვა მცენარეს. რადგან ამ საქმეს ვიცნობდი, ვიფიქრე, მოდი, უფრო საფუძვლიანად გავაგრძელებ-მეთქი, თან ოჯახის ტრადიცია პროფესიითაც განვაგრძე. სხვანაირად არც შეიძლებოდა... ახლა ეს ყველაფერი შეიძლება ბიზნესი იყოს, მეტად გაფართოვდეს, მაგრამ ჯერჯერობით სხვა სამუშაოების პარალელურად ვუვლი ვენახს და ვაყენებ ღვინოს. ამიტომ გატაცების დონეზე რჩება. ისეთი სფეროა, თუ ერთი დაიწყე და მიჰყევი, ვერ შეეშვები.
- ძველი სახლის რესტავრაციას აპირებთ?
- ისევე გამოიყურება, როგორც ადრე, არაფერი გაგვიახლებია, მხოლოდ კიბე შევუცვალეთ. ისეა, როგორც მუზეუმი... სახლის სიახლოვეს ძველი ვენახები გვაქვს, მაგის გარდა, კიდევ სხვაგანაც. ხანდახან ტურისტი თუ მოდის, აქაურობას ვათვალიერებინებთ.
ყველაფერი გვაქვს, სადეგუსტაციო დარბაზიც, მაგრამ ათასში ერთი სააგენტო თუ მომიყვანს სტუმარს. თუმცა არიან ბიჭები, რომლებმაც იციან, რომ კარგი ღვინო მაქვს და ვისაც ასეთი ღვინის დალევა უნდა, ის ხალხი მოჰყავთ, აქედან კი დიდად კმაყოფილი მიდიან.
მეტი სტუმარი გვეყოლებოდა, აქტიურად რომ ვიყო ამ ყველაფერში ჩართული, მაგრამ სხვა საქმეც მაქვს, რომელსაც ჯერ თავს ვერ ვანებებ. ბიზნესად ქცევა დროს მოითხოვს. თანაც სახლის აღსადგენად ფინანსებია საჭირო, ისე უნდა აღადგინო, ავთენტურობა არ დაუკარგო.
ქვევრებიც ამ სახლშია და მარანიც. ქალაქში, სადაც ვცხოვრობ, იქაც 100 წლის მარანია, რომელსაც სახლი ადგას გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული. ჩემთან ღვინის დასაძველებელი მარანია - ქალაქში რომ ვამზადებთ ღვინოს, აქ მოგვაქვს და ვინახავთ. მოთხოვნა არის, მაგრამ იაფად ვერ გავყიდით, მაღალ ფასებში კი ვერ ვყიდით, წელიწადში შეგვიძლია 4000 ბოთლი ვაწარმოოთ. მთავარია, გაიყიდოს. ახლა თითქოს ექსპორტის საქმე უნდა დაიძრას. ბოთლის ეტიკეტი და ლოგო ნანა გაბუნიამ შექმნა თბილისში, კვალიფიციურმა სპეციალისტმა. მოკლედ, ვისურვებდი, მეტად ავმუშავდეთ და გავფართოვდეთ.