ფორთოხლებით ბრძოლა იტალიაში - კვირის პალიტრა

ფორთოხლებით ბრძოლა იტალიაში

ივრეის ისტორიული კარნავალი (ჩარნივალ ოფ Iვრეა) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უძველესი კარნავალია იტალიაში. ის ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ივრეაში იმართება, ძველი ქალაქის მოედნებსა და ქუჩებში, ძირითადად, თებერვალში, რადგან მისი თარიღი აღდგომას უკავშირდება. წლეულს ფესტივალი 6 იანვრიდან 18 თებერვლამდე მიმდინარეობდა. პირველ დღეს გენერლის ანუ ფესტივალის "მმართველის" ინტრონიზაცია ჩატარდა, კულმინაცია კი, ფორთოხლებით სამდღიანი ბრძოლა, 15-17 თებერვალს გაიმართა.

კარნავალის აქტიური მონაწილე 5-8 ათასია, მაყურებელი კი 100 ათასი და ზოგჯერ მეტიც, მთელი იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდანაც. ბრძოლაში ჩართვა ყველას შეუძლია, ამისთვის რეგისტრაციაა საჭირო, ყურება კი უფასოა, მხოლოდ ზოგიერთ დღეს არის შესვლა ფასიანი (15 ევრომდე).

ივრეის კარნავალი ისტორიის, ლეგენდებისა და სიმბოლოების ნაზავია, რომლებიც ლამის რვა ასწლეულს ითვლის. ლეგენდის თანახმად, შუა საუკუნეებში ივრეას ტირანი მარკიზი მართავდა. ერთხელ მეწისქვილის ქალიშვილისთვის, ვიოლეტასთვის ნამუსის ახდა განიზრახა მისი ქორწილის დღეს, თითქოსდა პირველი ღამის უფლებით. მეწისქვილის ქალიშვილმა მოძალადე მოწამლა და თავი მოჰკვეთა, რის შემდეგაც ხალხმა სასახლეს შეუტია და დაწვა. ეს ამბები 1194 წლის რეალურ აჯანყებას ეფუძნება, ხოლო ფორთოხლები სიმბოლოა ქვებისა, რომლებიც ხალხმა ტირანს დაუშინა. საკარნავალოდ ქალაქელები ყოველწლიურად ირჩევენ გოგონას ვიოლეტას როლის შესასრულებლად. მას ასევე უწოდებენ "მუნაიას", რაც იტალიურად მეწისქვილეს ნიშნავს.

foto-09-1774520746.jpg

ფესტივალის მთავარი მოვლენა ფორთოხლებით ბრძოლაა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია სასურსათო ბრძოლებს შორის. მუდმივად მოქმედ ქვეითთა ცხრა საბრძოლო რაზმს თავთავიანთი სახელები ჰქვია. ისინი ქალაქს ტირანისგან იცავენ და ებრძვიან ცხენებით მომავალ 50-მდე ეტლს, რომლებიც ტირანის არმიას განასახიერებენ. მონაწილეებს სპეციალური ჩაფხუტები, ფარები და ტანსაცმელი აცვიათ, რადგან ბრძოლა "გააფთრებულია" - სიცილიიდან იმპორტირებული 500-დან 1000 ტონამდე ფორთოხალი ჰაერში ჭურვებივით დაფრინავს და მათი დიდი ნაწილი მიზანში, ანუ ადამიანებს ხვდება.

რიტუალური სცენარი საუკუნეებია მეორდება: პირველი ღონისძიება გენერლისა და ვიოლეტას წარდგენაა, ამას მოსდევს ლობიოს შეჭამანდის განაწილება ღარიბებისთვის, ისტორიული აღლუმები, ფორთოხლებით ბრძოლა და ხის სვეტების (შცარლი) დაწვა გათავისუფლების ნიშნად. ასეთი სვეტები ყველა უბანშია, ყველაზე დიდი სვეტი კი მერიის მოედანზე იწვება და ტირანის სასახლის დაწვას ნიშნავს - ის თავისუფლების ცეცხლოვანი სიმბოლოა. დასასრულ ეწყობა მდუმარე მსვლელობა, "მიცვალებულთა დაკრძალვა" და ისმის ბოლო ფრაზა: "გაისად შევხვდებით".

მოძრავი კარნავალის თარიღი კალენდრის შესაბამისად იცვლება, მაგალითად, შარშან ბრძოლები 2-4 მარტს გაიმართა. ასევე შეიძლება შეიცვალოს აღლუმების ნუსხა და ცხადია, საპატიო სტუმრებიც, გუნდების რაოდენობა კი მუდმივია.

სიფრთხილის მიუხედავად, მონაწილეები ტრავმებსაც იღებენ, ყოველწლიურად ასამდე ან მეტ მცირე დაზიანებას (სისხლდენა, ნაკბენები), წლეულს კი ბოლო დღეს 145 დაშავებული აღირიცხა. მნიშვნელობა აქვს ამინდსაც, წვიმაში ფორთოხლები უფრო "საშიში" ხდება.

პირველი კარნავალები ჯერ კიდევ XVI საუ­კუნეში და უფრო ადრეც ეწყობოდა, ხოლო საერთო-ქალაქური სახე, ერთიანი და ორგანიზებული ფორმა 1808 წლიდან შეიძინა. ნაპოლეონის ოკუპაციის დროს კარნავალს ანტიფრანგული ელემენტიც დაემატა. თავდაპირველად ისროდნენ ლობიოსა და ვაშლს, ფორთოხალი კი ივრეაში გვიან, მხოლოდ XIX საუკუნეში გაჩნდა.