ვინ და როგორ უნდა უშველოს უნივერსიტეტს - კვირის პალიტრა

ვინ და როგორ უნდა უშველოს უნივერსიტეტს

სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ბოლო დროს ძალიან აქტუალურია ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თემა. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში არსებული პრობლემების მოგვარება მხოლოდ კანონით არის შესაძლებელი.

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1985 წელს დავამთავრე, 2006 წლამდე იქ აღვიზარდე, იქ დავიცავი ყველა დისერტაცია. ძალიან ხშირად მომიხსენიებენ შევარდნაძის ხელისუფლების კადრად, მაგრამ საპარლამენტო მდივნად 2001 წელს მივედი, სადოქტორო დისერტაციისა და ხარისხების დაცვა კი 1999 წელს დავასრულე. ასე რომ, მთლიანად უნივერსიტეტთან ვარ "მიბმული" და რაც შეეხება ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას და ხელისუფლებაში მუშაობას, პროფესიული ზრდისთვის ეს საკმაოდ საინტერესო იყო. ისე კი, მიხეილ სააკაშვილის მინისტრობის დროსაც მომიწია 6 თვე მუშაობა.

- წინა ხელისუფლების პირობებში, სხვადასხვა მიზეზით უამრავი კვალიფიციური კადრი გაათავისუფლეს უნივერსიტეტიდან. აღნიშნულ სასწავლებელში რა ტიპის რეფორმების ჩატარებას მიიჩნევთ მიზანშეწონილად?

- 2006 წელს უნივერსიტეტიდან მიზანმიმართულად მოხდა პროფესიონალების განდევნა, რათა ეს იდეოლოგიურად სააკაშვილის ხელისუფლებაზე ყოფილიყო მიბმული. პირველად 800 ადამიანი გაათავისუფლეს. ამიტომაც ვაპროტესტებდით, რომ მათ მიერ არჩეული კურსი აკადემიური განათლების სისტემას დაანგრევდა. შედეგიც სახეზეა, - სისტემა არ არის კვალიფიციურ აკადემიურ სექტორზე ორიენტირებული და უნივერსიტეტს შველა სჭირდება.

- ერთ-ერთი ვერსიით, უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა შემოგთავაზეს. რამდენად ახლოს არის ეს რეალობასთან?

- მგონი, ახლა არც ახალი რექტორის არჩევის დროა და არც საჭიროება. ვერ დაასახელებენ, რადგან უნივერსიტეტს ჯერჯერობით ჰყავს არჩეული რექტორი, მართლია, აკადემიური საბჭოს მიერ, მაგრამ მისი მმართველობის ვადა ჯერ არ ამოწურულა. ასე რომ რექტორობის კანდიდატად ჩემი დასახელება უფრო ჟურნალისტების მოსაზრებაა, რომლებიც უნივერსიტეტში არსებულ ვითარებაზე მუშაობენ და მის მოწყობაზე მსჯელობენ. ამ ეტაპზე არჩევნებს არანაირი მნიშნველობა არ აქვს, შიდა რესურსის ცვლილება მაინც ვერ მოხდება, რადგან უნივერისტეტის აკადემიური და ფუნდამენტური საკითხები ასე ადვილი გადასაწყვეტი არ არის.

- მაინც როგორ გაქვთ ეს პროცესი წარმოდგენილი?

- პირველ რიგში ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ სპეციალური კანონი უნდა იქნას მიღებული, რომელიც დაადგენს მის განსაკუთრებულ სტატუსს სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან შედარებით. რაც ნიშნავს ჩვეულებრივზე მაღალ სტანდარტს - არ უნდა იყოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ სტანდარტზე დაბალი, სამეცნიერო და სასწავლო პროცესი კი ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ სამეცნიერო კომპონენტი არ უნდა იყოს დაკარგული. ანუ უნდა აღდგეს კათედრების სისტემა და ფუნდამენტური განათლება, რომელიც ფილოსოფიაზე იქნება ორიენტირებული. ფაკულტეტები ისე უნდა გადანაწილდეს, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ერთმანეთში არ უნდა იყოს არეული ისე, როგორც დღეს არის. უნივერსიტეტის მთავარი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, როგორმე მიიღოს სტუდენტი და მას სწავლა სასწრაფოდ დაამთავრებინოს, არამედ, სასწავლო პროცესი უნდა იყოს აწყობილი. სახელმწიფოსა და უნივერსიტეტს შორის პრაგმატული ურთიერთობა უნდა იყოს. უნივერსიტეტში არის ისეთი ფაკუტლეტები, სადაც ორი-სამი სტუდენტია და მათ ორი სრული და თერთმეტი ასოცირებული პროფესორი ემსახურება. არადა, არსებობს ისეთი ფაკულტეტები, სადაც 750 სტუდენტია და მათთან ერთი სრული და ორი ასოცირებული პროფესორი მუშაობს.

როცა უნივერსიტეტის მოწყობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გადაიხედოს სასწავლო პროცესი, ფაკულტეტები უნდა დაიშალოს, კათედრები უნდა აღდგეს, რათა მივიღოთ სპეციალისტი ბაკალავრიდან დოქტორამდე, რომელიც სახელმწიფოს სჭირდება და ამასთან დოქტორანტის მიღება უფასო უნდა იყოს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)