"შეძახილით - "ასა-ასა!" ვაშინგტონის დარბაზში ჩოხიანი "ჯიგიტი" შემოიჭრა და ლეკურის ხმაზე ამაყად, თითისწვერებზე, მხარგაშლილმა ჩაიქროლა" - კვირის პალიტრა

"შეძახილით - "ასა-ასა!" ვაშინგტონის დარბაზში ჩოხიანი "ჯიგიტი" შემოიჭრა და ლეკურის ხმაზე ამაყად, თითისწვერებზე, მხარგაშლილმა ჩაიქროლა"

სტალინის შვილს მამის მოწინააღმდეგე შეუყვარდა, სვეტლანა ალილუევამ მას ამერიკაში ჩააკითხა. "კომუნისტი დესპოტის" ქალიშვილი სახლშიც მიიწვიეს. ბიჭის დედამ სახლის დალაგება დაიწყო, შუალედში სუპერმარკეტში პროდუქტებზე გაიქცა, დაბრუნებულმა კი სამზარეულოში უცნობი ქალი აღმოაჩინა, რომელიც მუხლებზე დაჩოქილი გულმოდგინედ ხეხავდა იატაკს. ეს იყო სვეტლანა, რომელიც დათქმულ დროზე ადრე მისულა ჭავჭავაძეებთან. სვეტლანა მალე დაუმეგობრდა ჭავჭავაძეებს. დავითი იმ დროს ცოლს გაშორებული იყო და ხშირად აკითხავდა მშობლებს. მასა და სვეტლანას შორის, რაღაც გრძნობა გაჩნდა", - გვიამბობს ცნობილი ისტორიკოსი - რუსუდან დაუშვილი.

რუსუდან დაუშვილი:

- დავით ჭავჭავაძე 1924 წელს ლონდონში დაიბადა. ორი წლის იყო, როცა ოჯახი ამერიკაში გადასახლდა. დავითს რუსი ძიძა ზრდიდა და რუსული ენა კარგად ისწავლა. პავლე შვილისთვის იშვიათად იცლიდა. ამიტომ, დავითმა ქართული ვერ ისწავლა. პავლე ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს წევრი იყო და შეკრებებზე შვილიც დაჰყავდა, რისი წყალობითაც, დავითს თანამემამულეებთან ხშირი კონტაქტი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ქართული სიტყვით ახერხებდა მათთან კონტაქტს.

პავლემ შვილს სამეფო ჩამომავლის შესაფერისი განათლება მისცა. 1942 წელს დავითი იელის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. იმ დროს ამერიკა უკვე ჩაბმული იყო II მსოფლიო ომში, ამიტომ არმიის რეზერვშიც ჩაეწერა. პირველი კურსის დახურვისთანავე სამხედრო-საჰაერო ძალებში გაიწვიეს, მაგრამ ბრძოლაში ჩაბმამ არ მოუწია. როგორც რუსული ენის კარგი მცოდნე, სამხედრო დაზვერვის განყოფილებაში გაგზავნეს. საველე პრაქტიკა მთებში გაიარა. იქ გამოჩენილი ინიციატივობისა და საზრიანობის გამო, სერჟანტად დააწინაურეს. ერთ წელიწადში ჯერ უმცროსი, შემდეგ კი - უფროსი ლეიტენანტის წოდება მიიღო. ომის განმავლობაში, როგორც თარჯიმანი, ბევრ ცნობილ საბჭოთა მოღვაწეს შეხვდა. ომის შემდეგაც ხშირად უხდებოდა იმ შეკრებებზე თარჯიმნად მუშაობა, სადაც მოკავშირეები გერმანიის მომავლის, ევროპის ომის შემდგომი მოწყობისა და ახალი საერთაშორისო სისტემის შექმნის საკითხებზე მსჯელობდნენ. ამის გამო, ერთხანს გერმანიაშიც ცხოვრობდა. 1950 წლის აგვისტოში დავითი ვაშინგტონში ანგარიშის ჩასაბარებლად გამოიძახეს და ასე დაიწყო მისი 25-წლიანი კარიერა პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ინიციატივით შექმნილ ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურში (CIA, "ცსს"). ის იყო ერთადერთი რუსეთის საიმპერატორო ოჯახის შთამომავალთაგან, ვინც ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად საქმიანობდა და ამ უწყებაში მუშაობდა.

1974 წელს, 50 წლის დავითი გადადგა, მაგრამ უწყებისთვის ის აუცილებელი იყო, ამიტომ კონტრაქტით გააგრძელა სამსახური. იმ პერიოდში მან ძალები სრულიად განსხვავებულ ასპარეზზე მოსინჯა – სიმღერასა და მწერლობაში. მწერლობა უფრო გამოუვიდა. არის ავტორი რამდენიმე ისტორიულ-პოლიტიკური, პუბლიცისტური ნაშრომისა და მოგონების– "დიდმთავრები", "ვლასოვის მოძრაობა: გერმანელების მხარეს მებრძოლი საბჭოთა მოქალაქეები 1941-1945 წლებში" (1989), „გვირგვინები და "შინელები" სანგრებში: რუსი ბატონიშვილი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში" (1990).

იგი ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც – ინგლისურ ენაზე თარგმნა რამდენიმე რუსული ნაწარმოები. საბჭოთა სისტემის შესახებ ასწავლიდა ქალაქ ფერფაქსის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში; კერძო კომპანიების შეკვეთით, გამოკვლევებს ატარებდა ტერორიზმის პოტენციალის შესახებ.

განაგრძეთ კითხვა