"დაზარალებულს გაუჩნდა ვარაუდი, რომ გიორგი მელანიამ მიაწოდა გიგა ავალიანის მისამართი თავდამსხმელებს...." - მასწავლებლის მკვლელობის საქმე: რას ამბობს პროკურორი
ჩვენს მიერ გამოძიებული საქმე არის საფუძველი, მომავალში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგომად , - ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილი მასწავლებლის დედამ, მოსამართლესთან მკაცრი პოზიცია დააფიქსირა ბრალდებულებთან დაკავშირებით.
"დღევანდელ პროცესზე დაზარალებულის უფლებამონაცვლის, ეკა კუპატაძის გამოკითხვა მოხდა. მისი გამოსვლა მხოლოდ ემოციური და მორალურად მძიმე არ იყო, არამედ მოვისმინეთ სამართლებრივი შეფასებებიც, მისი ლოგიკური აზროვნების შედეგად გაკეთებული დასკვნები. ასევე, მკაცრი და შეუვალი პოზიცია ბრალდებულების დასჯასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ გამოძიებული საქმე არის საფუძველი, მომავალში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგომად", - განაცხადა ქეთევან სონიძემ.
პროკურორის თქმით, გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს და შესაძლებელია დაკავებულთა წრე გაიზარდოს.
"რაც შეეხება გიორგი მალანიას, ეს არის საქმეში მოწმის სტატუსით არსებული არასრულწლოვანი პირი, რომელიც ეკა კუპატაძის სასწავლო ცენტრში ემზადებოდა, აქ დადიოდა და იყო ნია იმნაძის ახლობელი, ამიტომ დაზარალებულს გაუჩნდა ვარაუდი, რომ სწორედ მალანიამ მიაწოდა გიგა ავალიანის საცხოვრებელი მისამართი თავდამსხმელებს. ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს და თუ გამოიკვეთება მისი დანაშაულებრივი ქმედება, პროკურატურა შეუვალი იქნება და არ დაინდობს არავის თუ დადგება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი. გამოკითხვის დროს, მალანია ადასტურებს, რომ სატელეფონო კავშირი ჰქონდა ალექსანდრე გაბაშვილთან, მაგრამ არ ადასტურებს, რომ მან მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით რაიმე იცოდა.
რაც შეეხება ნია იმნაძეს, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ველოდებით მტკიცებულებების შედეგებს. გამოძიება მუშაობს იმაზე, რომ გამოიკვეთოს ნია იმნაძეს ჰქონდა თუ არა ინფორმაცია დანაშაულის ჩადენამდე, ასევე იმაზეც, ჰქონდა თუ არა დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია. თუ ეს ყველაფერი დადასტურდება და შეიქმნება მტკიცებულებათა ჯაჭვი, ბუნებრივია პროკურატურა ამ მიმართულებითაც არ დაიხევს უკან",- განაცხადა პროკურორმა ქეთევან სონიძემ.
"ინტერპრესნიუსი"