"პროცედურა 20 წუთს გაგრძელდა, მასთან ბოლო წუთამდე დედა იყო" - 25 წლის ნოელია რამირესმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა
ესპანეთში, ბარსელონას მახლობლად მდებარე კლინიკაში, 25 წლის ნოელია კასტილო რამოსმა ევთანაზიის გზით სიცოცხლე დაასრულა. გოგონამ, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმებს ებრძოდა, გადაწყვეტილება ოჯახის წევრების წინააღმდეგობისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიუხედავად მაინც სისრულეში მოიყვანა.
ტრაგიკული წარსული და საბედისწერო გადაწყვეტილება
ნოელიას ცხოვრება მას შემდეგ აირია, რაც ბავშვობაში მშობლების განქორწინება მძიმედ გადაიტანა. 13 წლის ასაკიდან ის უკვე ფსიქიატრიულ მკურნალობას გადიოდა. მოგვიანებით გოგონამ ორი სექსუალური ძალადობა გადაიტანა, მათგან ბოლო - ღამის კლუბში სამი ბიჭის მიერ ჯგუფური გაუპატიურება იყო.

ამ შემზარავმა შემთხვევამ ნოელია ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. 2022 წელს მან თვითმკვლელობა სცადა, რის შედეგადაც ხერხემალი მძიმედ დაუზიანდა და პარალიზებული დარჩა. მას შემდეგ ის ეტლით გადაადგილდებოდა და გაუძლო ფიზიკურ ტკივილებს, რასაც ერთოდა მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა - პიროვნული აშლილობა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.
„ევთანაზიის მოთხოვნამდე ჩემს სამყაროს მხოლოდ შავ ფერებში ვხედავდი. არ მქონდა მიზნები. ყოველთვის მარტოსულად ვგრძნობდი თავს, არავის ესმოდა ჩემი,“ - განაცხადა ნოელიამ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მიცემულ ინტერვიუში.