პატრიარქის შთამომავალი: რას ჰყვება შვილთაშვილი ქრისტეფორე III-ზე, რომელიც 5 შვილს მარტო ზრდიდა
სიონის ტაძარში დაკრძალულ პატრიარქთა შორის ერთ-ერთი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე III ციცქიშვილი გახლავთ. ის საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი 1927–1932 წლებში იყო.
ქრისტეფორე ციციშვილი 1873 წლის 27 მარტს ვერტყვიჭალაში (შორაპნის მაზრა) დაიბადა, ხოლო 1932 წლის 23 იანვარს 57 წლის ასაკში, საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ციცქიშვილების შტოში სასულიერო პირები საკმაოდ ყოფილან. მომავალი პატრიარქის ერთ-ერთი ძმაც მღვდელი იყო. ქრისტეფორემ თბილისის სასულიერო სემინარია 1895 წელს დაამთავრა, შემდეგ კი თბილისის უნივერსიტეტის უმაღლესი პედაგოგიური კურსები. მღვდლად იყო ჯერ იმიერკასპიის ოლქში, შემდეგ საქართველოს სოფლებში -ხიდისთავი, იტრიაში, ნაბახტევი, ასევე თბილისის ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. იყო სოფელ იტრიის ორკლასიანი სკოლის გამგეც და საღვთო სჯულის მასწავლებელი, გორის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურე, თბილისის მეხუთე გიმნაზიის საღვთო სჯულისა და ქართული ენის მასწავლებელი. 1905 წელს თბილისში თავმჯდომარეობდა არალეგალურ კრებას, რომელმაც ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ მოთხოვნა შეიმუშავა...

მისი მეუღლე ანა ჩუბინიძე სათნო, მორწმუნე და კეთილშობილი ადამიანი ყოფილა, რომელიც საკმაოდ ადრე გარდაცვლილა. ხუთი შვილის აღზრდა ქრისტეფორემ იტვირთა. 1922 წელს დეკანოზი ქრისტეფორე, საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას მიერ ხელდასხმულ იქნა ჯერ მანგლისის, ხოლო შემდეგ ურბნისის ეპისკოპოსად. 1922 წელს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად დაინიშნა, 1923 წლის 12 იანვრიდან 1925 წლის 8 მარტამდე კი პატრიარქის მოსაყდრის მოვალეობას ასრულებდა.
ქრისტეფორე III ციცქიშვილი
როგორც აღვნიშნეთ, კათოლიკოს-პატრიარქს 5 შვილი ჰყავდა, ცხადია, დღეს მისი შვილთაშვილები ჩვენი თანამედროვეები არიან და სიამაყით ავსებთ ის, რომ მათი დიდი ბაბუას გასულ საუკუნეში ჰქონდა პატივი, საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი ყოფილიყო.
AMBEBI.GE-ს სტუმარია ქრისტეფორე III-ის შვილთაშვილი, ფილოლოგი და ჟურნალისტი მანანა ციცქიშვილი:
- ოჯახში, ბავშვობიდან მის შესახებ სულ მესმოდა და სულ ვიცოდი, რომ საოცარი ადამიანი იყო - ძლიერი, თბილი, სათნო, სამშობლოს და ადამიანის მოყვარე. შვილებიც ისე აღზარდა, როგორც ნამდვილ მოძღვარს, მამას შეეფერება.
ჩვენს დიდ ბაბუას 5 შვილი ჰყავდა - ნინო, გობრონი, ვასილი, ელენე, მარიამი. ბაბუაჩემი გობრონი გახლდათ, იგივე გობრონ აგარელი-ციცქიშვილი, პოეტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, რვა ენა იცოდა. მეგობრობდა გალაკტიონ ტაბიძესთან და ტერენტი გრანელთან... მამაჩემი, გივი ციცქიშვილიც ფილოლოგი და მთარგმნელი იყო და არანაკლებ ცნობილი პიროვნება... რაც შეეხება ჩემს დიდ ბაბუას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ქრისტეფორე III-ს, მართლაც დიდი და უაღრესად განათლებული ადამიანი გახლდათ, მრავალმხრივი ცოდნითა და ნიჭით დაჯილდოებული...
ყოველთვის ვგრძნობდი მის მფარველობას, ახლაც ასე ვარ... როცა მიჭირს, თვალებს ვხუჭავ და მის სახელს გულში უხმოდ ვამბობ... ის მოდის ჩემთან და სწორ გზას მაჩვენებს, როგორც თავის დროზე სწორი გზისკენ მთელ ერს მიუთითებდა... სხვათა შორის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მაღალ შეფასებას აძლევდა პატრიარქ ქრისტეფორეს მოღვაწეობას და ამბობდა, რომ მან ეკლესია ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა, რადგან უმძიმეს წლებში მოუხდა მოღვაწეობა და მას გამორჩეულ პატრიარქად მიიჩნევდა.