საგანგაშო ინფორმაცია - რას გეგმავდა აზერბაიჯანში "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“?!
ჭკვიან ხალხს უთქვამს: - ჩხუბის დაწყება ძალზე იოლია, ხოლო ღირსეული დასრულება კი -ძალზე ძნელიო. უკვე კარგად ჩანს, რომ ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას - აშშ-სა და ისრაელს ირანთან „დისტანციური ომის“ დასრულების სულ სხვადასხვა მიზან/გეგმები აქვთ.
ისრაელს საავიაციო-სარაკეტო შეტევების ამჟამინდელი სცენარი ხელს აძლევს: ისრაელის ხელისუფლება ეცდება, რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს, როგორც ირანის სამხედრო (მათ შორის ბირთვულ), ასევე, სამრეწველო-ეკონომიკურ პოტენციალს. ჩემი აზრით, ბენიამინ ნეთანიაჰუს თავიდანვე არ ჰქონია ილუზია, რომ „დისტანციური ომით“ ირანის რეჟიმის დამხობას შეძლებდა. ის ძალზე გამოცდილი და პრაგმატიკოს/რეალისტი პოლიტიკოსია, ამგვარი მიზნის მიღწევა რომ დაესახა, თუმცა ამ „ტკბილი სატყუარათი“ პატივმოყვარე დონალდ ტრამპი ისტორიაში განსაკუთრებული, „ბოროტ რეჟიმებთან მებრძოლის“, პედესტალის დაკავებით მოხიბლა, დაარწმუნა და „საქმეშიც გაიყვანა“.
უკვე კარგად ჩანს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას ამ „დისტანციური ომის“ დასრულება ძალზედ სწადია, მაგრამ ღირსეულ ფინალამდე როგორ მიაღწიოს, ეს კი არ იცის. პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე რამდენჯერმე გამოაცხადა თავი „გამარჯვებულად“, ხოლო ირანი - განადგურებულად, ამ დროს კი ჰორმუზის სრუტე კვლავ ბლოკირებულია, ირანი ისევ ახორციელებს სარაკეტო დარტყმებს ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, იღუპებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები. ირანი ცდილობს, როგორც საკუთარი სპეცსამსახურების, ასევე, „პროქსი ძალების“ საშუალებით „დისტანციური ომის“ საზღვრები გააფართოოს და მათი პირველი სამიზნე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელთა თემი, მათი სკოლები და სინაგოგები, ასევე, ისრაელის საელჩოები და ორგანიზაციები გახდა.
2026 წლის 28 თებერვალს, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის შემდეგ, ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში ტერორისტული შეტევები განხორციელდა. პირველი საგანგაშო ინფორმაცია ჩვენი მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანიდან მოვიდა. მიმდინარე წლის 6 მარტს აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ მათ მიერ ჩატარებული კომპლექსური კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, აღკვეთეს ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტულ- დივერსიული აქტების ჩადენისა და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების მცდელობები, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის სპეციალური სადაზვერვო-დივერსიული და სამხედრო სტრუქტურის - „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ იყო დაგეგმილი.
აზერბაიჯანის მთავარი სპეცსამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებაში პანიკის

ფოტო: ტერორისტ-დივერსანტების დაკავება აზერბაიჯანში
გამოწვევისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო რეპუტაციის შელახვის მიზნით, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურებმა ტერორისტული თავდასხმების განსახორციებლად ქვეყანაში ოთხი სამიზნე შეარჩიეს: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი“, აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო, მთიელ ებრაელთა თემის ხელმძღვანელი და „აშკენაზის სინაგოგა“.
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ აზერბაიჯანელ აგენტებს ევალებოდათ თავდასხმის ობიექტებზე თვალთვალი, იარაღის შეძენა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანსპორტირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ა.შ. ჩემი აზრით, ეს ინფორმაცია იმდენად საყურადღებოა, რომ აუცილებელია აზერბაიჯანელი კონტრმზვერავების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების უფრო დეტალური ანალიზი.
დადგინდა, რომ ირანის მოქალაქეები - რუსტამზადა ბეჰნამ საჰიბალი და ზანდკიან იასერ რაჰიმი დაუკავშირდნენ აზერბაიჯანის მოქალაქე თარხან ტერლან ოღლუ გულიევს და მისი ხელშეწყობით შეიტანეს კონტეინერი, ასაფეთქებლი მოწყობილობებით, რომელიც შემდგომ აღმოჩენილ იქნა საბაილის რაიონის სოფელ შიხოვას მახლობლად. კონტეინერის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მასში მოთავსებული იყო 7 კგ და 730 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება C-4.

ფოტო: C-4 - ტერორისტების საყვარელი „სათამაშო“
ინფორმაციისთვის: C-4 გამოიყენება ბეტონის მყარი კონსტრუქციების და, ასევე, ცოცხალი ძალის ასაფეთქებლად. ის უსუნო და ადვილად გადასატანი ასაფეთქებელი ნივთიერებაა, ამიტომაც ტერორისტების ერთ-ერთ ძირითად იარაღად რჩება. დავუბრუნდეთ აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ირანის მოქალაქე აზარუნდბილეჰ ჰოსეინ სავარ საბერის ორგანიზებით, რომელსაც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ უშუალო კავშირი ჰქონდა, აზერბაიჯანში შეიტანეს ასაფეთქებელი მოწყობილობის შემცველი მეორე კონტეინერიც, რომელშიც ორი C-4 -დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული. ოპერატიულ-აგენტურული ღონისძიებების შედეგად, იდენტიფიცირებული იქნა იმ პირთა წრე, რომლებთანაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ჰქონდა კონტაქტები, როგორც სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების, ასევე - ტერორისტული თავდასხმების მიზნით.
კერძოდ, ირანის მოქალაქე შეიხზადე საჯად მოგადამ სატი სოფი ევადი ეძებდა ბაქოს გარადაღის რაიონის სოფელ სანგაჩალში, ხიდის ქვეშ, ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებისა და აფეთქების შემსრულებელს, ვისთვისაც მზად იყო, 50 000 აშშ დოლარი გადაეხადა. ამავდროულად, გაირკვა, რომ შეიხზადეს დავალებული ჰქონდა აზერბაიჯანში მცხოვრები ებრაული წარმოშობის პირების მკვლელობის მომზადება. დადგინდა, რომ ტერორისტული თავდასხმების უშუალო ორგანიზატორი იყო „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ოფიცერი – პოლკოვნიკი ალი ასღარ ბორდბარ შერამინი. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ირანის მოქალაქეებზე, რომლებიც ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას და ტერორისტულ-დივერსიული ოპერაციების ჩატარების მცდელობაში იყვნენ მხილებულნი, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, ხოლო აზერბაიჯანის მოქალაქეებს სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ასევე დაგაინტერესებთ: სტრატეგიული სამიზნე - რამდენად მოსალოდნელია ირანის მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკვიდაცია?!
ირანის "განკითხვის დღის იარაღის" საიდუმლო ანუ როგორ მივიდა მსოფლიო ახალ დიდ ომამდე
აზერბაიჯანიდან მიღებული საგანგაშო ინფორმაცია ჯერ ისევ „ცხელი“ იყო, როდესაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ტერაქტების ტალღა დაიწყო.
9 მარტს ბელგიის ქალაქ ლიეჟში სინაგოგასთან აფეთქება მოხდა.
10 მარტს კვიპროსში დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასისთვის“ იარაღის კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი პირი. იარაღი გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში ისრაელისა და ებრაული თემის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის იყო განკუთვნილი.
13 მარტს, გამთენიისას, უცნობმა თავდამსხმელებმა ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში სინაგოგას „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს და ცეცხლი წაუკიდეს.
14 მარტს ამსტერდამში ებრაული დაწყებითი სკოლის მახლობლად აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობა დაზიანდა.
16 მარტის ღამეს, იმავე ამსტერდამის ზუიდასის ბიზნესრაიონში, ებრაული კომპანიის საოფისე შენობაში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
23 მარტს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ებრაულ უბანში ავტომობილის დაწვა ანტისემიტურ თავდასხმად იქნა შეფასებული. ამის შემდეგ, ბელგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ებრაული უბნების, ასევე, სინაგოგებისა და სკოლების უსაფრთხოების გასაძლიერებლად ქალაქების ქუჩებში პატრულირება დაიწყეს სპეცრაზმების დანაყოფებმა.

ფოტო: ბელგიის ქალაქებში ამგვარი სურათი უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა
23 მარტს ლონდონში, გოლდერს-გრინის რაიონში, სადაც ებრაული თემი კომპაქტურად ცხოვრობს, დაწვეს ებრაული საქველმოქმედო ორგანიზაცია Hatzola Northwest -ის კუთვნილი ოთხი სასწრაფო დახმარების მანქანა.

ფოტო: დამწვარი სასწრაფო დახმარების მანქანები
ავტომობილებში გაზის ბალონები აფეთქდა, რის გამოც მეზობელი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. აფეთქებების შედეგად ჩამსხვრეულია ახლომდებარე სინაგოგის ფანჯრებიც. ლონდონის პოლიციამ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები სკოლებში, სინაგოგებსა და ებრაულ საზოგადოებრივ ცენტრებში. ბრიტანეთის ხელისუფლების მტკიცებით, ირანი ევროპაში ებრაული თემების წინააღმდეგ ოპერაციების განსახორციელებლად „პროქსი ჯგუფებს“ იყენებს.
ირანთან ომი პოტენციური სამიზნეების სიას აფართოებს: თუ ადრე თეირანის რეჟიმი უმთავრესად ისრაელის და ებრაული ორგანიზაციების წინააღმდეგ გეგმავდა სპეცოპერაციებს, ახლა საფრთხეები შესაძლოა, სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს.
პ.ს. იმედია საბურთალოდან მოულოდნელი სატელეფონო ზარი არ იქნება.