„პოლე ჩუდესი“ და „სულელთა ქვეყანა“ ანუ არის თუ არა მოსალოდნელი რუსეთში „ინტერნეტის რევოლუცია“?!
გახსოვთ ლეონიდ იაკუბოვიჩი? ახალგაზრდა თაობას ალბათ, არ ემახსოვრება. თუმცა 90-იანელებს აუცილებლად. გადაცემა „პოლე ჩუდესი“ პოპულარული იყო მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოში. იაკუბოვიჩმა პუტინს აჯობა ერთ ადგილზე მუშაობის ხანგრძლივობით. კერძოდ, მას „პოლე ჩუდესი“ 1991 წლიდან მიჰყავს (შეცვალა პოპულარული რუსი ჟურნალისტი ვლად ლისტევი, რომელიც 1995 წელს მოკლეს და ეს მკვლელობა დღემდე ბურუსით არის მოცული). ანუ იაკუბოვიჩი ერთ ადგილზე 35 წელი მუშაობს (პუტინი რუსეთს „სულ რაღაც“ 26 წელი მართავს). კიდევ ის ვიცით ლეონიდ იაკუბოვიჩზე, რომ უყვარს საქართველო და ქართველები. თუმცა სინამდვილეში, ის ჩვეულებრივი კონფორმისტია - არც საქართველო-რუსეთის ომისას ამოუღია ხმა და არც პუტინის არმადების უკრაინაში შეჭრისას.
ეს სტატია, რა თქმა უნდა, არ არის ლეონიდ იაკუბოვიჩზე. წერილი ეხება იმას, თუ როგორ შეაღწია კრემლის პროპაგანდამ ყველგან და ყველაფერში. თან პროპაგანდა ასეთია - რაც ცუდია, სინამდვილეში კარგია.
რუსეთში ინტერნეტს ანელებენ. სატელეფონო ინტერენეტს კი საერთოდ ზღუდავენ. ეს განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვეს მოსკოვში, პეტერბურგში და სხვა დიდ ქალაქებში და წარმოიდგინეთ, საპროტესტო აქციებსაც კი აორგანიზებენ. გარდა ამისა, რუსეთის მოსახლეობას აიძულებენ, რომ მაქსიმალურად გადავიდეს ადგილობრივ მესენჯერ „მაქსზე“, რაც არ უნდათ - არავის სურს, რომ მისი თითოეული ნაბიჯი „ეფესბემ“ აკონტროლოს. ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა ამაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ - ალბათ, რუსები დეპეშებს და ცხენიან ფოსტას დაუბრუნდებიან და პუტინი უფრო ახალგაზრდულად იგრძნობს თავსო.
ინტერნეტის შენელების ოფიციალურ მიზეზად ასახელებენ დრონებისა და კიბერშეტევების საფრთხეს. ასევე, კრემლში ამბობენ, რომ რუსული „სუვერენული ინტერნეტის“ შექმნა სურთ. სინამდვილეში კი ამის მიზეზია რუსეთის მოსახლეობის მოწყვეტა ალტერნატიულ აზრისგან, ობიექტური ინფორმაციისგან (რომლის დიდ ნაწილსაც საზღვარგარეთ გაქცეული რუსი ჟურნალისტები ქმნიან) - პირველ რიგში, უკრაინის ომთან დაკავშირებით.
მოკლედ, ამუშავდა კრემლის პროპაგანდა ზემოხსენებული სქემით - რაც ცუდია, კარგია. ჰოდა, პლატფორმად გამოიყენეს ლეონიდ იაკუბოვიჩის „პოლე ჩუდესი“. ამ გადაცემაში ბავშვებმა შეასრულეს სიმღერა, „ჩვენ არ ვზივართ ინტერნეტში, არ გვჭირდება ტელეფონები, ეზოში ვთამაშობთ და ძალიან კარგად ვგრძნობთ თავსო“. პროპაგანდის ასე გათავხედება თავად რუსებისთვისაც კი შოკი იყო. შემდეგ მიჰყვა და მიეწყო. რუს დეპუტატთა ჯგუფმა ინტერნეტი ლამი მთავარ მტრად გამოაცხადა, რომელიც თურმე, რუსებს გამრავლებაში ხელს უშლის. აქეთ დუგინმა შუალედური გამოსავალი „მოძებნა“ - ინტერნეტი მხოლოდ შემოდგომა-ზამთარში ჩავრთოთ, დანარჩენი პერიოდი, ჩვენმა მოქალაქეებმა იმოგზაურონ რუსეთში და დატკბნენ ჩვენი ქვეყნის ბუნებითო. სხვა პროპაგანდისტები შეტევაზე გადავიდნენ - ვინც ინტერნეტზე პროტესტს გამოთქვამს, ფრონტზე ვუკრათ თავი, სამშობლო განსაცდელშია, რა დროს ინტერნეტი არისო.
ალექსეი ტოლსტოის ზღაპარში „ოქროს გასაღები ანუ ბურატინოს თავგადასავალი“ „პოლე ჩუდესი“ მდებარეობს „სულელთა ქვეყანაში“ (სტრანა დურაკოვ). იქ ბურატინოს ორი აფერისტი ოქროს მონეტებს ჩაამარხვინებს - ოქროს მონეტებვიანი ხე ამოვა და გამდიდრდებიო( თავად რუსები ამტკიცებენ, რომ „ბურატინოს თავგადასავალი“ არის იტალიელი კარლო კოლოდის ზღაპრის „პინოქიოს თავგადასავალი“ ლიტერატურული დამუშავებაო. თუმცა ზოგიერთის აზრით, რუსმა მწერალმა უბრალოდ, იდეა მოიპარა).
კრემლის პროპაგანდას როგორც ჩანს, რუსეთი მართლაც „სულელთა ქვეყანა“ ჰგონია(პუტინი და მისი დამქაშები იმდენი წლები ტყუიან, რომ ბურატინოსავით ცხვირი რომ ეზრდებოდეთ, უკვე მარსთან იქნებოდა მიღწეული). თუმცა ალბათ, თავად რუსებმა და იქ მცხოვრებმა სხვა ეროვნების ადამიანებმა უნდა დაადასტურონ, რომ ასე არ არის.
ისე, ინტერნეტის გამო რუსეთში ისეთი ამბებია, რომ მსგავსი არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემის დროს. გამოწვევს ეს რყევებს პუტინის რეჟიმისთვის?!
ვნახოთ...თუ არადა, ამ აკრძალვა-აკრძალვებით ნელ-ნელა ბატონყმობას აღდგენამდე მივლენ და პროპაგანდა იტყვის, რომ ეს არის ისტორიულ ფესვებთან დაბრუნება და მავნე დასავლეთის ზეგავლენისგან საბოლოოდ თავის დაღწევა...