“ეს პატრიარქისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, გვერდიდან ვხედავდი, როგორ სცვიოდა ცრემელები...“ - კვირის პალიტრა

“ეს პატრიარქისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, გვერდიდან ვხედავდი, როგორ სცვიოდა ცრემელები...“

2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. პატრიარქი 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. დღესაც ტაძართან ისევ მორწმუნეთა რიგია - ილია II-ის საფლავთან მოქალაქეები ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.

პატრიარქი ილია II ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სა-ქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. აღიარებული ქართველი ხელოვანები დღეს დიდი სიამაყით იხსენებენ პატრიარქთან ყოველ შეხვედრას. ფერდინანდ ლორთქიფანიძე 1978 წელს უკვე იკავებდა სამხატვრო ფონდის ხელმძღვანლის თანამდებობას, 40 წლის მანძილზე იყო ზურაბ წერეთლის პროდიუსერი და უწმინდესთან შეხვედრის პატივი არაერთხელ ერგო...

cd5d294d-2b80-4815-a9dd-cc51fbda142d-1774605702.jpg

ფერდინანდ ლორთქიფანიძე სანუკვარ მოგობებებს გვიზიარებს:

- უწმინდესი იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, ძალიან ჭკვიანი და უაღრესად განათლებული, სამშობლოს გამორჩეულად მოსიყვარულე... 1978 წელს უწმინდესი და მე, ოჯახთან ერთად სამთავრობო თვითმფრინავით გავფრინდით მოსკოვში. პატრიარქს უკვე ვიცნობდი, ადრეც ვიყავით ერთმანეთს შენახვედრი. იგი ახალი არჩეული იყო პატრიარქაად და მოსკოვში ჰქონდა წარდგენა, მე კი, რადგან სამხატვრო ფონდის პრეზიდენტი ვიყავი და ხელმძღვანელობა მოსკოვში იყო, ყოველ თვე მიწევდა ჩასვლა ...ამ დღეს სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ, სადაც პატრიარქთან ერთად ვართ მე, ჩემი მეუღლე და ვაჟი, რომელიც მაშინ მხოლოდ სამი წლის იყო.

შემდეგ, ისევ ერთად ვიყავით მოსკოვში. პატრიარქმა იცოდა, მე რომ მოსკოვში მქონდა უმაღლესი დამთავრებული და მთხოვა, შენ ამ ქალაქში დიდი სანაცნობო წრე გყავს და მინდა მრევლს შევხვდეო... სწორედ იმ დროს გაარემონტეს და აღადგინეს მოსკოვში ქართული ეკლესია. პატრიარქს გადაწყვეტილი ჰქონდა, მრევლთან შეხვედრასთან ერთად, ეკლესიას ვაკურთხებო... შემდეგ ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი რამ მოხდა... მოგეხსენებათ ზურაბ წერეთელი გახლდათ რუსეთის ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი. (სხვათა შორის, სულ ორი თვის წინ, ზურაბ წერეთლის შვილიშვილი - ვასიკო წერეთელი იგივე თანამდებობაზე დაინიშნა). შენობა ქალაქის ცენტრში, რამდენიმე ათას კვადრატულ მეტრზეა აშენებული. პატრიარქის თხოვნით, ზურაბ წერეთელს ვეწვიეთ, სადაც მხატვარმა თავის საგამოფენო დარბაზი დაგვათვალიერებინა. იქ ერთ უზარმაზარ დარბაზში სამი ბრინჯაოს ქანდაკება იდგა. ესენი იყო - ანდრეა პირველწოდებულის, რუსეთის პატრიარქის - კირილესი და ჩვენი უწმინდესის ქანდაკებები. პატრიარქი დიდხანს უყურებდა თავის ქანდაკებას. ეს იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის, გვერდიდან ვხედავდი, ცრემლები როგორ სცვიოდა... ზურაბს წინასწარ არაფერი უთქვამს, პატრიარქმა არ იცოდა მის ხუთმეტრიან ქანდაკებასთან ისე აღმოჩნდა. ირგვლივ ყველა ვდუმდით, ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო პატრიარქის ქანდაკების დანახვა, თან უდიდესი სიხარული.

b2a94592-253d-41e8-9942-ce4d74cb0f87-1774605726.jpg

- ახლა სად არის პატრიარქის ქანდაკება?

- ახლა იქაურობა მუზეუმად არის გადაკეთებული და ქანდაკებაც, ბუნებრივია, საპატიო ადგილს იკავებს...

პატრიარქი 1933 წელს, 4 იანვარს იყო დაბადებული, ზურაბი 1934 წელს, 4 იანვარს, მეც 1936 წელის იანვარს. ჩვენ, ფაქტობრივად, ერთი თაობას წარმოვადგენდით. ერთხელ მე და ცნობილი მოცეკვავე - ომარ მხეიძე პატრიარქმა თავის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა, მართლაც დაუვიწყარი დღე იყო. საბედნიეროდ, ამ დღის სამახსოვრო ფოტოც მაქვს.

ბევრი შეხვედრა შემიძლია გავიხსენო, წილად მხვდა მასთან ურთიერთობის ბედნიერება... ერთხელაც, საპატრიარქოში რომ მივედი, ჩემს კისერზე ჯვარი შენიშნა და მაშინვე აკურთხა. ბაბუაჩემის ნაქონი, ბაჯაღლო ოქროს ჯვარია ჯაჭვზე და იმის შემდეგ, სულ მქონდა შეგრძნება, თუ რამდენად დიდ მადლს დავატარებდი ამ ჯვრის სახით. თანამდებობაზეც ჯვარი სულ თან მქონდა. ალბათ ეს მადლია, რომ დღეს ცოცხალი ვარ.

ერთხელაც რომ მითხრა, მოსკოვში წასვლა მინდაო, იქ ოცამდე ჩოხოსანი წავიყვანე. სასტუმროში ჩემი შვილის ახლობელი მუშაობდა, თორემ განსაკუთრებული სტუმრების ოთახში ქამარ-ხანჯლებით „შეიარაღებულებს“ არ გაგვატარებდნენ. პატრიარქი ამით ძალიან გახარებული იყო... ლევან ვასაძემაც გვიმასპინძლა, დიდებულ სუფრაზე მიგვიწვია. ლევანმა მთხოვა, პატრიარქი მობრძანდესო. ყველაზე მეტად ის მაოცებდა, პატრიარქისთვის რაც უნდა მეთხოვა, ყველაფერს მისრულებდა. ამდენად თავმდაბალი იყო უწმინდესი.

ახსოვს, სანამ მოსკოვში გავფრინდებოდით, საპატრიარქოში რომ მივედი, ის ფოტო წავიღე, 1978 წელს ერთად რომ გადავიღეთ. ფოტოს გადაღებიდან დაახლოებით 30 წელი იყო გასული. პატრიარქს რომ ვაჩვენე, დიდხანს უყურა ფოტოს... როგორც ჩანს მისთვისაც ძვირფასი იყო, რადგან საპატრიარქოდან რომ წამოვედი, გზაში შორენა დამეწია, თუ შეიძლება ის ფოტო მისახსოვროსო. ვუთხარი, ფოტოს კი არა, სულს მივცემ-მეთქი. მაშინვე წავედი, გადავამრავლე და ორიგინალი ფოტო პატრიარქს მივართვი საჩუქრად...

სამწუხაროდ პატრიარქი უკანასკნელ გზაზე ვერ გავაცილე და ამას ძალიან განვიცდი. ათი თვეა ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა, წონასწორობას ვერ ვინარჩუნებ და ვეცემი...

(სპეციალურად საიტისთვის)