"მოვისმინეთ ბატონი ვაშაძისგან სამი „პ“ რომ არიან: პატიოსანი, პროფესიონალი, პატრიოტიო - პ-თი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან, შეიძლება სხვა სიტყვებიც მოჰყვეს ამ რიგში" - შალვა პაპუაშვილი - კვირის პალიტრა

"მოვისმინეთ ბატონი ვაშაძისგან სამი „პ“ რომ არიან: პატიოსანი, პროფესიონალი, პატრიოტიო - პ-თი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან, შეიძლება სხვა სიტყვებიც მოჰყვეს ამ რიგში" - შალვა პაპუაშვილი

მგონი ამ ხალხმა ჭკუა ვერ ისწავლა, სისხლიანი 9-წლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და ცხვირაწეულები საუბრობენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ, ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებასთან ახლოს გააკარებს სადმე?,-ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხელისუფლების შეცვლის თაობაზე ოპოზიციის ლიდერების განცხადებები.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაცია, რომელსაც ქართველი ხალხის მხარდაჭერა ვერ ექნება.

„ჩვეულებრივად, თავისი ხელით ჩამოკიდეს წითელი ნაჭერი ქართველი ხალხის თვალწინ იმისთვის, რომ მივხვდეთ, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. „ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციას ვაკვირდებით. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ფრაგმენტებად იყო დაშლილი, კვლავ დაუბრუნდა თავის საწყისებს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ვუყურებთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ „ცხრიანის“ სახით, რომელმაც თავისი უწინდელი სახე დაიბრუნა „ნაციონალური მოძრაობის“ გამორჩეული ლიდერების სახით, ყველას უკლებლივ თავისი წვლილი აქვს შეტანილი ანტიდემოკრატიული, ადამიანის მოძულე, ძალადობრივი რეჟიმის შექმნაში. ასეთი გროტესკული წარმონაქმნი გვაქვს ჩვენ. ვხედავთ,საიდანაც აქვთ მხარდაჭერა ქვეყნის გარედან.

საერთო ჯამში, ეს კარგია იმ მხრივ, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

მან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერისა, გიორგი ვაშაძის განცხადებაც შეაფასა.

„გუშინ მოვისმინეთ ბატონი ვაშაძისგან სამი „პ” რომ არიან. აღარ მახსოვს, რომელი იყო პატიოსანი, პროფესიონალი, პატრიოტიო. არ ვიცი, პ-თი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან, შეიძლება სხვა სიტყვებიც მოჰყვეს ამ რიგში“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა