უკრაინის ცის დასაცავად შეკვეთილ „პეტრიოტებს“ ტრამპი ირანთან ომში აგზავნის - კვირის პალიტრა

უკრაინის ცის დასაცავად შეკვეთილ „პეტრიოტებს“ ტრამპი ირანთან ომში აგზავნის

PURL ნიშნავს „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების ჩამონათვალის“ პროგრამას, რომელიც ნატოს წევრმა ევროპული ქვეყნების ნაწილმა გასულ წელს აამუშავა იმის გამო, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა ტრამპმა შეუწყვიტა უკრაინას ამერიკული შეიარაღების უსასყიდლოდ გადაცემა და ამ პროგრამის ფარგლებში, ევროპაში შეგროვებული თანხებით ხდება ამერიკული წარმოების საბრძოლო ტექნიკისა და მასალების შეძენა, მსოფლიო ბაზრის ფასებით და შემდეგ უკრაინისთვის მიწოდება.

რომ არა ეს პროგრამა, უკრაინის ცა სრულიად დაუცველი დარჩებოდა რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერებისა“ და აერობალისტიკური „კინჟალების“ შეტევებისაგან, რადგან მისი საშუალებით შეძენილი იქნა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების - „პეტრიოტებისთვის“ განკუთვნილი PAC-3 MSE ტიპის ანტირაკეტები, რომლებსაც, ამ ეტაპზე ერთადერთს, შეუძლიათ მეტ-ნაკლები წარმატებით მოიგერიონ რუსეთიდან უკრაინის ქალაქებისკენ გაშვებული კვაზიბალისტიკური (ანუ ცრუბალისტიკური, რადგან მათი ფრენის ტრაექტორია იცვლება მიზანთან მიახლოებისას და, შესაბამისად, უფრო ძნელად გადასაჭერი ხდებიან) „ისკანდერები“ და „კინჟალები“.

მაგრამ ამერიკას „პეტრიოტის“ ანტირაკეტები ახლა თავადვე ჰაერივით სჭირდება ახლო აღმოსავლეთში საკუთარი სამხედრო ბაზებისა და ისრაელის საჰაერო სივრცის დასაცავად, ირანის საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების შეტევებისგან მოსაგერიებლად, რაც კიდევ უფრო რთულია, ვიდრე - რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური კლასის „ისკანდერების“ გადაჭერა.

2-ukraina-1774604408.png
Vampire-ის ტიპის მობილური საზენიტო-სარაკეტო დანადგარებიდან გაშვებული APKWS ტიპის ლაზერული დამიზნების მართვადი რაკეტები ყველაზე იაფფასიანი, მაგრამ ამასთანავე -ეფექტიანი საშუალებაა რუსული „გერანების“ მოსაგერიებლად, თუმცა ეს რაკეტები პენტაგონს სულ თავისთვის უნდა, ახლო აღმოსავლეთში ირანული „შაჰიდებისგან“ თავდასაცავად...

ისრაელის ცის დაცვას რომ უკრაინის ქალაქების უსაფრთხოებაზე ბევრად მეტად აფასებს პრეზიდენტი ტრამპი, ამას არც მალავს - უკრაინაში ჩვენი ომი არ არის - ღიად აცხადებს ის და აპირებს PURL - „უკრაინის პრიორეტული მოთხოვნების ჩამონათვალის“ - პროგრამის ფარგლებში, ევროპიდან უკვე გადარიცხული მილიარდების მიუხედავად, უკრაინისთვის შეკვეთილი და ამერიკის ქარხნებში დამზადების პროცესში მყოფი „პეტრიოტის“ ანტირაკეტები ისრაელის ცის დასაცავად გააგზავნოს...

ეს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კომერციული გარიგების დარღვევაა და სასამართლოს განსჯის თემად გადაიქცევა, მაგრამ როდის აინტერესებდა პრეზიდენტ ტრამპს ეს „წვრილმანები“?!

კიდევ უფრო მეტი -უკრაინა შეიძლება, „პეტრიოტის“ ანტირაკეტების გარდა, სხვა, მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ამერიკული შეიარაღების გარეშეც დარჩეს...

კერძოდ, პენტაგონმა, ასევე, თვალი დაადგა უკრაინაში გასაგზავნ შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდეგ ტიპებსაც - უკრაინული F-16-ებისთვის განკუთვნილ „ჰაერი-ჰაერის“ კლასის AIM-9 Sidewinder-ისა და AIM-120 AMRAAM-ის ტიპის მართვად რაკეტებს, რომლებითაც უკრაინის ცაში წარმატებით აგდებენ რუსულ ფრთოსან რაკეტებსა და კამიკაძე-დრონებს. ეს რაკეტები, ასევე, გამოიყენება NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის.

იგივე ბედი ელით APKWS-ის ტიპის ლაზერული დამიზნების მართვად რაკეტებს, რომლებსაც უკრაინელები აქტიურად იყენებენ როგორც თვითმფრინავებიდან, ისე - Vampire-ის ტიპის მობილური საზენიტო-სარაკეტო დანადგარებიდან, რუსული „შაჰიდ/გერანების“ მოსაგერიებლად.

ასევე დაგაინტერესებთ: ორი მოხუცი თუ წავა, მშვიდობა მოვა ანუ რაზე ოცნებობს მილიონობით უკრაინელი?!

აშშ-ის 15 პირობა ომის შესაჩერებლად, ირანის საპასუხო მოთხოვნები და ისრაელის ინტერესი ომის გასაგრძელებლად

პირველად ავიაციის ისტორიაში - რუსული „ალიგატორი“ უკრაინულმა დრონმა ჩამოაგდო

ტრამპს ქართველის თვითმფრინავის იმედიც გაუჩნდა ირანული „შაჰიდების“ მოსაგერიებლად

აშშ-ს დაწყებული აქვს საზღვაო ქვეითების, სადესანტო და ქვეითი საბრძოლო დანაყოფების გადასროლა ირანის სიახლოვეს, რაც მიწაზე ომის დაწყებასაც მოასწავებს (პირველ რიგში, ჰორმუზის სრუტეში ირანული კუნძულების დასაპყრობად), რაც, თავის მხრივ, გაზრდის ამერიკელი სამხედროების მოთხოვნას „ჰაირმასებისთვის“ განკუთვნილი მართვადი რაკეტების მიმართ. შესაბამისად, უკრაინელებს ნაკლებად უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ GMLRS-ისა და მით უმეტეს - ბალისტიკური ATACMS-ებით რუს ოკუპანტებს კიდევ მიაყენებენ მტკივნეულ სარაკეტო დარტყმებს...

ირანში ამ ომის დაწყებამ, რუსეთთან ისედაც უთანასწორო, ფართომასშტაბიან და დროში გახანგრძლივებულ საბრძოლო მოქმედებებში მყოფ უკრაინას დამატებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა დაუმატა, მათ შორის ის, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელისუფლება პრიორიტეტად ისრაელის სამხედრო დახმარებას განიხილავს და საჭირო შეიარაღებას სწორედ ახლო აღმოსავლეთისკენ აგზავნის და აღარ მიჰყიდის უკრაინას და კიდევ-ნავთობზე ფასის გაზრდა და აშშ-ის მხრიდან რუსულ ნავთობტანკერებზე სანქციების დროებით მოხსნა, რუსეთის ბიუჯეტს დამატებით ათეულობით მილიარდ დოლარის შემოსავალს მისცემს, უკრაინის ოკუპაციის გასაგრძელებლად...