"ახლავე უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა.... საბავშვო ბაღებში უნდა დაიწყოს სწავლება: ქუჩის გადაკვეთის დროს რა ხდება, შუქნიშანი რა არის, მანქანა რას აკეთებს...." - მევლუდ მელაძე ავარიების საგანგაშო სტატისტიკაზე - კვირის პალიტრა

"ახლავე უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა.... საბავშვო ბაღებში უნდა დაიწყოს სწავლება: ქუჩის გადაკვეთის დროს რა ხდება, შუქნიშანი რა არის, მანქანა რას აკეთებს...." - მევლუდ მელაძე ავარიების საგანგაშო სტატისტიკაზე

ყველაფრის თავი და თავი არის განათლება. პასუხისმგებლობა, შეგნება და ცოდნა საბოლოო ჯამში დგას სწორედ განათლებაზე. იმიტომ, რომ თუ რამე არ იცი, შესაბამის პასუხისმგებლობასაც ვერ იღებ და ვერ ხვდები რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ ქმედებას", - ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ავარიების მზარდ სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ავარიების და ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ისევ იზრდება. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად) გასულ წელს საქართველოში 5 969 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა 2024 წელს 5 866 ავარია მოხდა.

რაც შეეხება დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს ავარიებს 469 ადამიანი ემსხვერპლა, 8 191 კი დაშავდა. 2024 წელს დაიღუპა - 444 და დაშავდა - 7 587 ადამიანი.

საგანგაშო სტატისტიკა: რატომ იზრდება ავარიების რიცხვი ქვეყანაში

როგორც მევლუდ მელაძე ამბობს, საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა ბაღის ასაკიდან უნდა იწყებოდეს, ვინაიდან სახლიდან გასვლისთანავე საგზაო მოძრაობის მონაწილე ხდება ყველა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფეხით გადაადგილდება თუ სატრანსპორტო საშუალებით.

„პასუხი ძალიან მარტივია. წლების წინ ვამბობდი, რომ ამ შედეგს მივიღებთ, თუ იმ გზით წავალთ, რომლითაც მივდივართ. სამწუხაროდ, ახლა სწორედ ამ შედეგს ვიღებთ.

ყველაფრის თავი და თავი არის განათლება. პასუხისმგებლობა, შეგნება და ცოდნა საბოლოო ჯამში დგას სწორედ განათლებაზე. იმიტომ, რომ თუ რამე არ იცი, შესაბამის პასუხისმგებლობასაც ვერ იღებ და ვერ ხვდები რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ ქმედებას. ამიტომაც არის, რომ ეს შედეგი გვაქვს რა.

რას ვგულისხმობ - შეიძლება ვერ გავხდეთ მუსიკოსი, მსახიობი ან რამე სხვა, მაგრამ გვინდა თუ არა, აბსოლუტურად ყველა ვიქნებით საგზაო მოძრაობის მონაწილე. როგორც კი სახლიდან ფეხს გამოვდგამთ, ვხდებით საგზაო მოძრაობის მონაწილე - ფეხით მოსიარულე იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება, მანქანა, თუ მოტოციკლი, მნიშვნელობა არ აქვს, აბსოლუტურად ყველა. შესაბამისად, განათლების მიღება ამ მიმართულებით საჭიროა საბავშვო ბაღიდანვე. რაც უფრო გვიან დავიწყებთ, მით უფრო გვიან მივიღებთ შედეგს.

ახლავე უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა. საბავშვო ბაღებში უნდა დაიწყოს სწავლება: ქუჩის გადაკვეთის დროს რა ხდება, შუქნიშანი რა არის, მანქანა რას აკეთებს და ა.შ.

შემდეგ უკვე სკოლებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა განვსაზღვროთ სტანდარტები ავტო სკოლებში. ჩვენ არ გვაქვს არანაირი სტანდარტი როგორ უნდა ვასწავლოთ, არანაირი მოთხოვნა არ გვაქვს, არაფერი არ გვაქვს. ერთადერთი რაც გვაქვს - გამოცდა. ანუ ადამიანი მიდის გამოცდაზე და შესაბამისად, მანამდე სწავლობს მხოლოდ იმას, რაც უნდა ჩააბაროს გამოცდაზე. არაფერს სხვას.

ნახეთ, რამდენ ფეხით მოსიარულესთან ხდება შეჯახება. იმიტომ, რომ ქვეითს არ აქვს შესაბამისი ცოდნა, ის ვერ აღიქვამს კონკრეტულ ქმედებას, რა შეიძლება მოჰყვეს, არ იციან, როცა ავტომობილები მოძრაობენ, მათ მანევრს რა შეიძლება მოჰყვეს.

განაგრძე კითხვა